ჰეიგმა იტალიასთან მატჩისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა 10 ნოემბერს ფლორენციაში, იტალიასთან გასამართი ტესტისთვის 23-კაციანი სამატჩო რაზმი დაასახელა.

სასტარტო თხუთმეტეულში რამდენიმე გადაადგილებაა - ფულბეკად თამაშს სოსო მათიაშვილი იწყებს, ცენტრში თამაზ მჭედლიძე და მონატრებული, გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე შეწყვილდებიან, რომელიც ტრავმით გამოწვეული 8-თვიანი პაუზის შემდეგ, მოედანზე პირველად გავა. ფრთებზე გიორგი კოშაძე და ზურაბ ძნელაძე დადგებიან. ძნელაძეს ბორჯღალოსნების კვართით ამ დრომდე მხოლოდ ერთხელ მოუწია თამაში - 2013 წლის „თბილისის თასზე“ სამხრეთ აფრიკის „ა“ ნაკრების წინააღმდეგ.

უცვლელია ღერძი და 9 ნომერ ვასილ ლობჟანიძეს ლაშა ხმალაძე შეუწყვილდება, რომელთა კეპების
ჯამური რაოდენობა 102-ს შეადგენს, ხოლო ხაზის მოთამაშეების კეპების რაოდენობა 231-ია.

შერკინების პირველ ხაზში 2-წლიანი პაუზის შემდეგ მარჯვენა ბურჯად დუდუ ქუბრიაშვილი ბრუნდება და ის 46-ე კეპს მოიხვეჭს. მარცხენა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, ხოლო კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე იქნებიან.

მეორე ხაზში, სადაც ტრავმის გამო კოტე მიქაუტაძე და გიორგი ნემსაძე დაგვაკლდებიან, ნოდარ ჭეიშვილი ლაშა ლომიძეს შეუწყვილდება, რომელიც ამპლუით მესამე ხაზის მოთამაშეა. მესამე ხაზში სამი 22 წლის მორაგბე გვყავს - ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე და ბექა გორგაძე, რომლებიც ბოლო დროს თავიანთ კლუბებში საუკეთესოები არიან. შერკინების მოთამაშეების კეპების ჯამური რაოდენობა 238-ია.

პირველ ხაზს მარქაფიდან გამოცდილი შალვა მამუკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ლევან ჩილაჩავა გააძლიერებენ, მეორე ხაზში შალვა სუთიაშვილს ვიხილავთ, რომელიც 23-კაციან რაზმში ყველაზე ასაკოვანია - 34 წლის და იტალიასთან 70-ე კეპს მოიხვეჭს. მესამე ხაზში ბექა ბიწაძე გამოჩნდება, რომელსაც შარშან ნოემბრის შემდეგ ნაკრებში აღარ უთამაშია.

ხაზის მარქაფაშია ლაშა მალაღურაძე, რომელსაც 23-კაციან განაცხადში ყველაზე მეტი, 87 კეპი აქვს. გელა აფრასიძე (20 წლის) და გიორგი კვესელაძე მარქაფიდან ჩვენი ხაზის თამაშს გააძლიერებენ.

ათასობით ქართველი „არტემიო ფრანკიზე“

„არტემიო ფრანკიზე“, რომელიც 43 147 მაყურებელს იტევს, ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად რამდენიმე ათასი ქართველი იქნება. მათი ნაწილი ფლორენციაში საქართველოდან, ხოლო ნაწილი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩავიდა. თამაში საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება.

ბორჯღალოსნებს ქომაგობა არც სამშობლოში მოაკლდებათ - ჩვენი პარტნიორისა და მეგობრის, ქართული რაგბის ოფიციალური ლუდი - აისისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ეწყობა ღონისძიება სახელით: „იტალია v საქართველო - გააგონე ჰიმნი“. ღონისძიების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია ნახეთ აქ

ურთიერთშეხვედრების ისტორია იტალიასთან


ბორჯღალოსნებს იტალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 3-ჯერ უთამაშიათ, სამივეჯერ იტალიაში და ბალანსი მეტოქის სასარგებლოდაა - 3:0.

პირველი შეხვედრა 1998 წელს ლაკვილაში გაიმართა. ეს იყო 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი მატჩი და მასპინძლებმა 31:14 იმარჯვეს. 2000 წელს, ექვსი ერის ზღარზე მყოფმა იტალიამ ლივორნოში მიგვიღო და 51:7 იმარჯვა.

„აძურის“ ბოლოს 15 წლის წინ (2003) ვეთამაშეთ. მაშინ გუნდები მსოფლიო თასისთვის ემზადებოდნენ და ასტიში მაყურებელმა დაძაბული ბრძოლა იხილა, შეხვედრა კი იტალიის ნაკრების 9-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა - 31:22.

10 ნოემბრის ჯახამდე იტალიის ნაკრებმა ერთი შეხვედრა გამართა, ჩიკაგოში ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 7:54 დამარცხდა. ბორჯღალოსნებთან მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდება, „აძურის“ მთავარმა მწვრთნელმა, ირლანდიელმა კონორ ო’შიმ ჩიკაგოში პრაქტიკულად მეორე შემადგენლობა წაიყვანა, მომავალი შეხვედრისთვის კი უძლიერესი შემადგენლობით ემზადება.

გაფართოებულ რაზმში არიან ვეტერანი კაპიტანი, ‘სტად ფრანსეს’ მესამეხაზელი სერჯიო პარისე, რომლის ანგარიშზე 134 კეპია, ‘ტულუზის’ კვაჭი ლეონარდო გირალდინი (96 კეპი), ‘ბენეტონის’ მესამეხაზელი ალესანდრო ძანი (106), მიკელე კამპანიარო (ექსეთერი, 35), ტომასო ბენვენუტი (ბენეტონი, 52) და ტომასო ალანი (ბენეტონი, 40).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 12 /
მიყვარს კომენტარების კითხვა. როდესაც კომენტარის შემდეგ, შემდეგ კომენტარს ვკითხულობ, უფრო ვძლიერდები. ისე ვიქოქები,რომ ერთ ხელში ბასრი ხმალი მიჭირავს და მეორეში ფარი. ჩემ წინ დიდძალი რომაელთა ჯარი დგას. 50 მეტრის გარბენა და მათთან შესკდომა გარდაუვალია. ან ისინი მომკლავენ, ან ჩვენ გავიმარჯვებთ...
TanoLife
22:30 09-11-2018
1
ხვალაა ჩვენი დიდგორიც, ბასიანიც, მარაბდაც, შამქორიც
გულშემატკივარი
13:29 09-11-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული