რაგბი

ეროვნული ნაკრები

დიდი 10: "ჯიქმა" "არმია" 11:6 დაამარცხა

AutoSharing Option
გორის ‘ჯიქმა’ თბილისის ‘არმიას’ დაძაბულ ბრძოლაში 11:6 სძლია და მოწინავე ექვსეულში შესვლის შანსი შეინარჩუნა.

დიდი 10-ის მე-9 ტურის მატჩში, გორში ერთმანეთს ქვედა ოთხეულის გუნდები ხვდებოდნენ და მის შედეგს დიდი დატვირთვა ჰქონდა. ‘არმია’ ბოლო ადგილზეა და უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, ხოლო ‘ჯიქს’, ცუდი სტარტის მიუხედავად, საჩემპიონო ექვსეულში შესვლის შანსი კიდევ რჩება და ამისათვის რაც შეიძლება მეტი თამაში უნდა მოიგოს.

მატჩის დებიუტში სანდრო ფურცხვანიძემ და საბა ნიკოლავამ ჯარიმები გაცვალეს, მე-17 წუთზე ფურცხვანიძემ ერთიც გაიტანა
და მასპინძლები 6:3 დააწინაურა. ‘ჯიქი’ ინიციატივას დაეუფლა და შესვენებამდე 3 ლელო უნდა გაეტანა, მაგრამ მე-18 წუთზე, ვიდეო-რეფერიმ არსენ ტრაპაიძეზე წინ პასი დააფიქსირა, ხოლო ზედ შესვენების წინ ნიკა სუხაშვილს ბურთი ხელიდან ლელოს ხაზთან გაუვარდა. სამაგიეროდ ვლადიმერ გოგოლიძემ ყველაფერი წესების სრული დაცვით შეასრულა და მატჩის ერთადერთი ლელო მიითვალა. ფურცხვანიძეს გარდასახვა გაუცუდდა, მანამდე კი ჯარიმიდან ბურთი ძელს გაარტყა - 11:3.

მეორე ტაიმში ქარი ზურგს ‘არმიას’ უმაგრებდა და ნიკოლავამ 10 წუთში სამჯერ დაარტყა ჯარიმა, მაგრამ მხოლოდ ერთი გაიტანა. 65-ე წუთზე მას სხვაობის 2 ქულამდე დაყვანა შეეძლო, თუმცა მიზანი ვერ გაისწორა. სტუმრებმა ბოლოს ლელოზე სცადეს თამაში, თუმცა ‘ჯიქმა’ თავი დაიცვა და 4 ქულა ჩაიწერა, ხოლო ‘არმია’ ბონუსს დასჯერდა და ბოლო საფეხურზე რჩება - 11:6.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
ტეგები: