რაგბი

ეროვნული ნაკრები

მილტონ ჰეიგი: დიდი მიღწევაა რუმინელები მათსავე მიწაზე ასეთი ახალგაზრდული გუნდით დაამარცხო

AutoSharing Option
©ლევან ვერძეული
"ბორჯღალოსნების" თავკაცი მილტონ ჰეიგი კლუჟში რუმინეთის 18:9 ძლევით კმაყოფილი დარჩა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ გუნდში მრავლად იყვნენ ახალგაზრდა და დებიუტანტი მოთამაშეები.

"ჩამოხვიდე და დაამარცხო რუმინელები მათსავე მიწაზე, მით უმეტეს, ასეთი ახალგაზრდული გუნდით, დიდი მიღწევაა. რუმინეთმა საუკეთესო გუნდი შეკრიბა და ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა, თუმცა ჩვენ ამ გამოწვევას გავუძელით, დაცვამ ძალიან კარგად იმუშავა და ლელო არ გავუშვით" - თქვა ჰეიგმა და ახალგაზრდების მისამართით ქება არ დაიშურა:

"განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ რუმინეთში ახალგაზრდა მორაგბეებით მოვიგეთ. მე ძალიან ამაყი ვარ ამ
ბიჭებით. ისინი მთელი კვირის განმავლობაში პროფესიონალები იყვნენ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გამოსარჩევი გამარჯვება ამ ტურნირზე, რადგან ძლიერ მეტოქეს ახალგაზრდა ბიჭებით მოვუგეთ. პირველი ხაზი, რომელმაც თამაში დაიწყო, ძალიან კარგად ასრულებდა საქმეს. დებიუტანტებთან ერთად ეს თამაში მოვიგეთ და ბიჭებმა პირველი კეპები გამარჯვებით აღნიშნეს".

რუმინეთიდან დაბრუნებულმა "ბორჯღალოსნებმა" ორი დღე დაისვენეს და 17 თებერვალს "ავჭალაზე", ესპანეთთან გასამართი მატჩისთვის დაიწყეს მზადება. "ლომებმა" პირველ ტურში რუსეთის ნაკრებს უმასპინძლეს და 16:14 დაამარცხეს. ჰეიგი ამბობს, რომ მომავალ თამაშშიც შანსი ახალგაზრდა მორაგბეებს მიეცემათ:

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლის პირველი საშინაო მატჩისთვის განსაკუთრებულად მოვემზადოთ და სტადიონზე ის ატმოსფერო იყოს, რომელიც ბიჭებს დამატებით ძალას მატებს. აქცენტს კვლავ ახალგაზრდებზე გავაკეთებთ. ესპანეთს დიდ პატივს ვცემთ, ვიცით, რომ კარგ გუნდს ჩამოიყვანენ, მაგრამ ჩვენ ჩვენს გეგმას მივყვებით. აუცილებელია სიღრმეებზე ზრუნვა და იმის გარკვევა, ტრავმის შემთხვევაში ვინაა შემდეგი არჩევანი".

altრუმინეთის დამარცხების შემდეგ "ბორჯღალოსნები" რეიტინგში დაწინაურდნენ

altრუმინელთა მწვრთნელი: მხოლოდ რუმინეთს შეუძლია საქართველოს წინააღმდეგობა გაუწიოს


მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ