რაგბი

ეროვნული ნაკრები

ყველაფერი რაც რუსეთთან მატჩამდე უნდა იცოდეთ - პრინციპული შეხვედრის წინ

AutoSharing Option
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი

17 მარტს 2019 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონები - "ბორჯღალოსნები", ტურნირის დასკვნით შეხვედრას პრინციპულ მეტოქესთან, რუსეთის ნაკრებთან გამართავენ, ერთი დღით ადრე კი "საქართველო XV" რუსეთის "ა" ნაკრებს ეთამაშება. გუნდები რუსეთში ერთად, 15 მარტს გაემგზავრებიან.

საქართველო XV-ს ჭყოიძე დაემატა
Sportall.Ge
ფოტო: გოგიტა ბუხაიძე

მატჩები კრასნოდარში გაიმართება. "საქართველო XV" რუსეთის "ა" ნაკრებს სტადიონ "ტრუდზე", 16 საათზე შეხვდება და ქომაგს მისი ხილვის შესაძლებლობა სთრიმის საშუალებით ექნება.

ჩვენს გუნდს, რომელიც მარტყოფის რაგბის ბაზაზე ემზადება, კვაჭი გიორგი ჭყოიძე დაემატა. რადგან შეხვედრა ოფიციალური ხასიათის არაა,
ბესიკ ხამაშურიძე გაფართოებულ შემადგენლობაში მყოფ 25-ვე მორაგბეს ათამაშებს.

მატჩის რეფერი რუსი გეორგი კოპპი იქნება, რომელსაც კიდეებიდან კრასნოდარელი მსაჯი ლევვ სლეპცოვი და სამხრეთაფრიკელი ტალა სიმო ნტშაკაზა დაემატება.

შეგახსენებთ, რომ დიდი 10-ის მორაგბეებით დაკომპლექტებული "საქართველო XV" პირველად გასული წლის ზაფხულში შეიკრიბა და "ზაფხულის" თასზე "არგენტინა XV" 23:22 დაამარცხა, ხოლო ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან მატჩში გამარჯვება სტუმრებს დარჩათ - 20:18.

"საქართველო XV" წელს მინიმუმ ერთხელ კიდევ შეიკრიბება და ივნისში ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან ორმატჩიან სერიას გამართავს.

მეოთხედსაუკუნოვანი ისტორია
Sportall.Ge
© თამუნა ყულუმბეგაშვილი

"ბორჯღალოსნები" "რუს დათვებს" 17 მარტს, ასევე 16 საათზე კრასნოდარის ცენტრალურ, "ყუბანის" სტადიონზე ეთამაშებიან და თითქმის მეოთხედსაუკუნოვანი ისტორიის გაგრძელებას ეცდებიან.

1993 წლიდან დღემდე, ამ გუნდებმა 22-ჯერ ითამაშეს და რუსებმა მხოლოდ პირველი შეხვედრა მოიგეს, 1993 წელს სოპოტში (პოლონეთი) 15:9, ერთხელ კი, 17 წლის წინ (2002 წელი) თბილისში ფრედ ითამაშეს - 12:12. დანარჩენ 20 შემთხვევაში, აქედან ზედიზედ 17 მატჩში, გამარჯვება "ბორჯღალოსნებს" დარჩათ.

"დათვები" ყველაზე დიდი სხვაობით 2012 წელს "მიხეილ მესხზე" დავამარცხეთ - 46:0. მშრალი ანგარიში დაფიქსირდა 2015 წელსაც და კვლავ ვაკეში სტუმრები 33:0 დავჯაბნეთ. სტუმრად გამართულ შეხვედრებში ყველაზე დიდი სხვაობა შარშან, სწორედ კრასნოდარში დაფიქსირდა და მაშინ მე-20, საიუბილეო გამარჯვება 20 ქულის სხვაობით მოვიპოვეთ - 29:9.

კრასნოდარში რუსებთან სულ 4-ჯერ გვითამაშია და ოთხი მოგება გვაქვს. 21-ე საუკუნის დასაწყისში "დათვები" სწორედ ამ ქალაქში გვმასპინძლობდნენ და 2001 წელს 25:23, 2003 წელს 23:17, ხოლო 2004 წელს 27:15 ვძლიეთ. კრასნოიარსკსა და სოჭში თამაშების შემდეგ მეტოქემ კრასნოდარში შარშან დაგვაბრუნა და მზარდი დინამიკა შენარჩუნდა - 29:9.

სულ ამ გუნდთან 11-ჯერ გვითამაშია შინ, 8-ჯერ სტუმრად და 3-ჯერ ნეიტრალურ მოედანზე (20 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი). მეტოქისთვის გატანილი გვაქვს 63 ლელო და მიღებული 16, გატანილ-გაშვებულ ქულათა ბალანსი კი 557:254-ზეა.

"ყუბანის" სტადიონი 1960 წელს გაიხსნა და 35 200 მაყურებელს იტევს. მომავალ შეხვედრას ინგლისელი რეფერი ტომ ფოლი მოემსახურება. კიდეებიდან მას ასევე ინგლისელი ენტონი ვუდტორპი და ფილ უოტერსი დაეხმარებიან.

2019 წლის რაგბი ევროპა

წლევანდელ რაგბი ევროპაზე "ბორჯღალოსნებმა" ოთხივე მატჩი მოიგეს და ტურნირის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, მდევრებისთვის მიუწვდომელნი გახდნენ. კლუჟში რუმინეთის 18:9 ძლევის შემდეგ მილტონ ჰეიგის შეგირდებმა "ავჭალაზე" ესპანეთს 24:10 მოუგეს, ბრიუსელში ბელგია ბონუსით, 46:6 დაამარცხეს, ხოლო ერთი კვირის წინ გერმანიას ქუთაისში ასევე ბონუსით, 52:3 მოუგეს. ამ ოთხ მატჩში ჩვენმა გუნდმა გაიტანა 22 ლელო და გაუშვა ორი, ორივე ესპანეთისგან.

მას შემდეგ, რაც 2018 წლის სკანდალს რუმინეთისა და ესპანეთის ნაკრებები "შეეწირნენ", რუსეთის ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური მიიღო და მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლინ ჯონსი მიიწვია. მიუხედავად ამისა, წლევანდელ რაგბი ევროპაზე "დათვები" ორივე მთავარ კონკურენტთან დამარცხდნენ, თუმცა მცირე სხვაობით - ესპანეთთან მადრიდში 14:16 და რუმინეთთან ბოტოშანში 20:22.

აღსანიშნავია, რომ რუსებმა რუმინელებს ოთხი ლელო გაუტანეს და თავად ერთი გაუშვეს, მაგრამ მოგება მაინც ვერ მოახერხეს. დანარჩენ ორ მატჩში "დათვებმა" ბელგიას სოჭში ბონუსით (64:7), ხოლო გერმანიას ჰაიდელბერგში მოუგეს (26:18). შედეგად, რუსეთს 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე არიან. განვლილ ოთხ მატჩში მათ გაიტანეს 20 ლელო და მიიღეს 5.

altეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან

altსაქმე სახუმაროდ არ გვაქვს - რას წერს რუსეთის რაგბის ფედერაცია "ბორჯღალოსნებთან" მატჩის წინ

altრუსეთის ნაკრების მწვრთნელმა ლი ჯონსმა ბორჯღალოსნებთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ