საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სრულიად მოიშალა და ფიჯისთან დიდი ანგარიშით წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: worldrugby

3 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 10:45 დამარცხდა და თუ სასწაული არ მოხდა, ჯგუფში მე-3 ადგილზე გასვლას ვეღარ შევძლებთ.

მე-12 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" პირველად დააჯარიმეს შერკინებაში ფიჯელები. ხმალაძემ კიდეზე გადაიტანა ბურთი და საქართველოს ნაკრებმა აუტიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ შეუტია და მე-14 წუთზე ფიჯელები მაღალი ბოჭვის გამო დაჯარიმდნენ, თუმცა სოსო მათიაშვილმა ჯარიმა ზუსტად ვერ შეასრულა.

მე-20 წუთზე ქართველებმა სამწუხარო შეცდომა დაუშვეს. ფეხით შეყელებული ბურთის მოედნის ფარგლებს მიღმა გაშვებას კვესელაძე შეეცადა, თუმცა ბურთი ვერ
დაფარა, ის ფიჯელებს ჩაუვარდათ ხელში და ნაიკალევუმ დაგვალელოვა. ვოლავოლამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

34-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი კონტრშეტევა გააკეთა. ლობჟანიძემ ხმალაძეს გაატანა და თითქოს ძალიან ცოტა გვქონდა ლელომდე დარჩენილი, თუმცა ჯერ თოდუა შებოჭეს წესების დარღვევით, შემდეგ კი ნემსაძემ ბურთის მეტოქის ჩათვლის მოედანში დამიწება ვერ მოახერხა. მსაჯმა ჯარიმა დაგვიბრუნა და მათიაშვილმა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 3:7. პირველი ტაიმი სწორედ ამ ანგარიშით დამთავრდა.


მეორე ტაიმში კი, საწყის 10 წუთში "ბორჯღალოსნებმა" 2 ლელო გაუშვა. ჩვენი ჩათვლის მოედანში ბურთი ლომანიმ და ტუისოვამ დაამიწეს. მართალია, გიორგი კვესელაძის კარგი თამაშის წყალობით 54-ე წუთზე მამუკა გორგოძემ დადო ლელო და სიტუაცია თითქოს დაიძაბა - 10:17.


თუმცა ეს ბოლო პოზიტიური მომენტი იყო საქართველოს ნაკრებისთვის. 61-დან 71-ე წუთამდე ფიჯელებმა 3 ლელო დაგვიდეს, 3-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში უკვე თითქმის გამანადგურებელი გახდა - 10:38.

თუმცა, ფიჯელები ამაზე არ გაჩერებულან და მე-7 ლელოც დაგვიდეს. რადრადრამ დუბლი შეასრულა და საერთოდაც, სწორედ ამ კაცის უდიდესი დამსახურება იყო, ამ სხვაობით რომ დაამარცხეს საქართველო. ვოლავოლამ გარდასახვა ისევ ზუსტად დაარტყა - 45:10.

ფიჯიმ საქართველოს ნაკრებს აბსოლუტურად ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა. რაც ყველაზე გასაკვირი იყო, კუნძულელებმა შერკინებაშიც კი აჯობეს "ბორჯღალოსნებს" და ამის გათვალისწინებით, ამ ანგარიშით მარცხი გასაკვირი სულაც არ ყოფილა.


"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასი D ჯგუფის ბოლო მატჩს 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან გამართავს. ამ დროისთვის ჩვენს ჯგუფში მდგომარეობა ასე გამოიყურება:

1. უელსი            2 2 0 0 +33 9
2. ფიჯი              3 2 0 1 +14 7
3. ავსტრალია     2 1 0 1 +14 6
4. საქართველო   3 1 0 2 -38 5
5. ურუგვაი         2 1 0 1 -23 4


მკითხველის კომენტარები / 169 /
რამდენი ტკივილი და რამდენი გულისწუხილია გამოხატული კომენტარებში. 163 კომენტარი წავიკითხე, ზოგი თავშეკავებული და სამართლიანი, ზოგიც ემოციური და ჭეშმარიტი სიყვარულით გამსჭვალული. რაღა უნდა დავწერო ამდენის შემდეგ-მეთქი ვიფიქრე, მაგრამ თქვენის ნებით მეც მინდა ერთი-ორი სიტყვით მოგახსენოთ ჩემი მოსაზრება, თუ რა თქმა უნდა ნებას მომცემთ.
საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებმა ბევრი ღირშესანიშნავი მატჩები მოიგეს ( არგენტინა, შოტლანდია, ირლანდია, იაპონია, ფიჯი), მოიგეს ზუსტად იმ თანამედროვე რაგბის ხარჯზე, როგორიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს და ასე ძალიან შევნატრით. რაგბში შემთხვევითობები თითქმის არ ხდება და თუ ხდება, ძალზედ იშვიათად. მათ დაამტკიცეს, რომ ტოლ-სწორად შეუძლიათ თამაში ნებისმიერ ნაკრებთან. ზუსტად იმ პარამეტრების და იმ გამართული თამაშის შედეგია, რასაც ჩვენმა ახალგაზრდებმა მიაღწიეს. ძალისმიერი და ზანტი რაგბი უკვე წარსულია, თანამედროვე რაგბის მოთამაშეები ტანისა და კომპლექციის მიხედვით დიდათ არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, სანამ მათ ნომერს არ შეხედავთ მაისურის უკანა მხარეს, ვერც კი გაარჩევ წინა ხაზელია თუ უკანა. დაძარღვული "ხვლიკებივით" დაძვრებიან ყველგან და "ძვრებიან" შეუსვლელ ხვრელებში. მათ არ ჭირდებათ ( და თავსაც არ იკლავენ) ფიზიკური და ძალისმიერი თამაშის ხარჯზე ხაზის გაჭრა. ყველაფერი სისწრაფეზე და სწორ ტაქტიკაზეა აგებული. განა სპილო შეძლებს მანგუსტის დაჭერას? ვერა რა თქმა უნდა. პირველი და მეორე დონის გუნდები, თითქმის ყველა თამაშობს ხელდახელ რაგბს ( ვის როგორ გამოდის ვიცით), სადაც პრიორიტეტი ენიჭება სისწრაფეს. გამომდინარე აქედან, ეს ფორმაციის ნაკრები ( ბორჯღალოსნები), ვერ აკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს და პარამეტრებს. რეგრესი? არა ძმებო, ჩვენ ვთამაშობთ ისევ იმ რაგბს, რასაც ვთამაშობდით ადრე, უბრალოდ სხვები განვითარდნენ, რაგბი შეიცვალა და უფრო სხვა დონეზე გადავიდა. იმ მოლსაც,რომ ვაგებთ და შერკინებასაც ეგეც ძველი მოდის ბრალია. სხვა გუნდები მაგასაც ანვითარებენ და მაგიტომაცაა დომინანტები, რომ აღარ ვართ. ჩაბარდა წარსულს, როცა მიწოლით იგებდნენ პირველი დონის გუნდები. ამიტომაც იყო, რომ უჭირდათ ჩვენთან თამაში. ჯანი და ღონე ქართველებს სულ ქონდათ და სულ ექნებათ, ეს გენეტიკურია, რომელიც ღმერთმა გვიბოძა. რა? ჩვენმა 20 წლამდელებმა შერკინებაში არ დაჯაბნეს ყველა თუ რა? რა პრობლემაა იყო ძლერი და ამასთან ერთად სწრაფიც? არანაირი. ჩვენ ჰო, ჩვენი თვალებით ვნახეთ ეს ყველაფერი. რამდენი თაობები გამოვიცვალეთ გულშემატკივრებმა? 30 წელია ვუყურებ რაგბის და ვხედავ როგორ გეომეტრიული პროგრესიასავით ვითარდება. ამას თუ არ ავყევით, ძალიან სავალალო შედეგებამდე მივალთ. მახსოვს როგორ უგებდა რუმინეთი საფრანგეთს და რა დაემართა რუმინეთს ყველამ კარგად ვიცით. ასე, რომ დიდი მადლობა ჩვენ ბებერ ლომებს, გავაცილოთ ვაჯკაცურად და გზა მივცეთ ახალგაზრდა ლომებს. რომლებიც, აუცილებლად დაამტკიცებენ, რომ გარდა ჯანისა და ღონისა არის კიდევ სისწრაფე და სპორტისადმი პროფესიონალური მიდგომა. დადგება ის დღე, როდესაც, სიმწრისგან კი არ მოგვადგება "ბურთი" ყელში, არამედ სიამაყისგან აგვევსება, ვაჯკაცებს თვალები ცრემლით.
TanoLife
03:04 04-10-2019
0
ძალიან ჩქარა რომ ირბინონ, წვერები გასცვივდებათ
ინკვიზიტორი
21:41 03-10-2019
12
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული