რაგბი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სრულიად მოიშალა და ფიჯისთან დიდი ანგარიშით წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: worldrugby

3 ოქტომბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯის ეროვნულ გუნდთან ანგარიშით 10:45 დამარცხდა და თუ სასწაული არ მოხდა, ჯგუფში მე-3 ადგილზე გასვლას ვეღარ შევძლებთ.

მე-12 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" პირველად დააჯარიმეს შერკინებაში ფიჯელები. ხმალაძემ კიდეზე გადაიტანა ბურთი და საქართველოს ნაკრებმა აუტიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ შეუტია და მე-14 წუთზე ფიჯელები მაღალი ბოჭვის გამო დაჯარიმდნენ, თუმცა სოსო მათიაშვილმა ჯარიმა ზუსტად ვერ შეასრულა.

მე-20 წუთზე ქართველებმა სამწუხარო შეცდომა დაუშვეს. ფეხით შეყელებული ბურთის მოედნის ფარგლებს მიღმა გაშვებას კვესელაძე შეეცადა, თუმცა ბურთი ვერ
დაფარა, ის ფიჯელებს ჩაუვარდათ ხელში და ნაიკალევუმ დაგვალელოვა. ვოლავოლამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 7:0.

34-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგი კონტრშეტევა გააკეთა. ლობჟანიძემ ხმალაძეს გაატანა და თითქოს ძალიან ცოტა გვქონდა ლელომდე დარჩენილი, თუმცა ჯერ თოდუა შებოჭეს წესების დარღვევით, შემდეგ კი ნემსაძემ ბურთის მეტოქის ჩათვლის მოედანში დამიწება ვერ მოახერხა. მსაჯმა ჯარიმა დაგვიბრუნა და მათიაშვილმა ამჯერად ზუსტად დაარტყა - 3:7. პირველი ტაიმი სწორედ ამ ანგარიშით დამთავრდა.


მეორე ტაიმში კი, საწყის 10 წუთში "ბორჯღალოსნებმა" 2 ლელო გაუშვა. ჩვენი ჩათვლის მოედანში ბურთი ლომანიმ და ტუისოვამ დაამიწეს. მართალია, გიორგი კვესელაძის კარგი თამაშის წყალობით 54-ე წუთზე მამუკა გორგოძემ დადო ლელო და სიტუაცია თითქოს დაიძაბა - 10:17.


თუმცა ეს ბოლო პოზიტიური მომენტი იყო საქართველოს ნაკრებისთვის. 61-დან 71-ე წუთამდე ფიჯელებმა 3 ლელო დაგვიდეს, 3-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში უკვე თითქმის გამანადგურებელი გახდა - 10:38.

თუმცა, ფიჯელები ამაზე არ გაჩერებულან და მე-7 ლელოც დაგვიდეს. რადრადრამ დუბლი შეასრულა და საერთოდაც, სწორედ ამ კაცის უდიდესი დამსახურება იყო, ამ სხვაობით რომ დაამარცხეს საქართველო. ვოლავოლამ გარდასახვა ისევ ზუსტად დაარტყა - 45:10.

ფიჯიმ საქართველოს ნაკრებს აბსოლუტურად ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა. რაც ყველაზე გასაკვირი იყო, კუნძულელებმა შერკინებაშიც კი აჯობეს "ბორჯღალოსნებს" და ამის გათვალისწინებით, ამ ანგარიშით მარცხი გასაკვირი სულაც არ ყოფილა.


"ბორჯღალოსნები" მსოფლიოს თასი D ჯგუფის ბოლო მატჩს 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან გამართავს. ამ დროისთვის ჩვენს ჯგუფში მდგომარეობა ასე გამოიყურება:

1. უელსი            2 2 0 0 +33 9
2. ფიჯი              3 2 0 1 +14 7
3. ავსტრალია     2 1 0 1 +14 6
4. საქართველო   3 1 0 2 -38 5
5. ურუგვაი         2 1 0 1 -23 4