რაგბი

ეროვნული ნაკრები

გიორგი ნემსაძე: დანაშაულის გრძნობა გვაქვს და წყლის ნაყვა გამოგვდის - კარიერის ასე დასრულება სამწუხაროა

AutoSharing Option
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი/rugby.ge

"ბორჯღალოსნები" 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრისთვის მზადებას განაგრძობენ.

ფიჯისთან მატჩის შემდეგ, გუნდს 4 ოქტომბერს დასვენების და აღდგენის დღე ჰქონდა, ხვალ კი ოსაკას დატოვებს და შიზუოკაში გაემგზავრება, სადაც 11 ოქტომბერს, ჩვენი დროით 14:15 საათზე ავსტრალიის ნაკრებს ეთამაშება.

აღსანიშნავია, რომ ეს იქნება ჩვენი და ავსტრალიის ნაკრებების პირველი შეხვედრა და 11 ოქტომრიდან, "ბორჯღალოსნებს" ტიერ1-ის ყველა გუნდთან ექნებათ ნათამაშები.

სიურპრიზისთვის მზად არ აღმოვჩნდით

ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს საქართველო ერთი მოგებით ხვდება. მეორე თამაშის მოგება ფიჯისთან იგეგმებოდა, მაგრამ მეტოქემ
შეძლო თავისი თამაშის მოხვევა და დასკვნით 20 წუთში მოპოვებული უდიდესი უპირატესობით, 45:10 იმარჯვა.

ამ შედეგით ყველაზე მეტად თავად მორაგბეები არიან იმედგაცრუებულნი. მათ შორისაა მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე:

"პირველი ტაიმი მეტ-ნაკლებად ნორმალური იყო, ვცდილობდით ჩვენი თამაში გვეთამაშა. მეორე ტაიმში ფიჯელებმა თავისი თამაში თავს მოგვახვიეს. თავის გასამართლებლად არ ვამბობ, თუმცა წელს ფიჯის ისტორიაში საუკეთესო ნაკრები ჰყავს. ეს ისეთი გუნდია, რომელსაც შეუძლია საფრანგეთი დაამარცხოს და მერე ურუგვაისთან წააგოს. მაგრამ როცა ხასიათზე არიან, ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლიათ. სამწუხაროდ, ასე იყო ჩვენთან თამაშში".

ნემსაძის აზრით, მეტოქეს ფიზ.მომზადებასა და ჯანში უპირატესობა არ ჰქონია, მაგრამ მეორე ტაიმში თამაში გაშალა და საქართველომ გადაწყობა ვეღარ მოახერხა:

"თამაშს მოედნიდან, ასე ვთქვათ შიგნიდან ვუყურებდი და დაღლილობა არაფერ შუაშია. ურუგვაისთან მატჩის შემდეგ, შემადგენლობა 80%-ით შეიცვალა და დასვენებულები ვიყავით. უბრალოდ, ფიჯიმ პირველ ტაიმში ახლოში თამაშს მიგვაჩვია, შესვენების შემდეგ ბურთი გაშალა და ეს ჩვენთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. დაცვის სისტემა ვეღარ გადავაწყეთ, დავიბენით, მოულოდნელობის ეფექტმა იმუშავა. რაც შეეხება ჯარიმების ნაცვლად შერკინებების მოთხოვნას, აქ მათ უფრო მეტი კომბინაცია ჰქონდათ დამუშავებული, ბურთი სწრაფად გაჰქონდათ და სივრცეების გამოყენებას ცდილობდნენ, თორემ მიწოლაში უპირატესობა არ ჰქონიათ".

დასაკარგი აღარაფერია

ერთ კვირაში "ბორჯღალოსნებს" 2019 წლის მსოფლიო თასის დასკვნითი მატჩი ელის ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან, ავსტრალიის ნაკრებთან. ნემსაძე ამბობს, რომ ჩვენს გუნდს დასაკარგი აღარაფერი აქვს და მაქსიმუმის ჩვენებას ეცდება, მით უმეტეს, რომ გულშემატკივრების წინაშე თავს უხერხულად გრძნობენ:

"კარგად ვიცით რა დონის გუნდია ავსტრალია, თუმცა შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ მოედანზე წინასწარ წაგებული განწყობით არ გავალთ. მით უმეტეს, რომ ამ სიტუაციაში დასაკარგი არაფერი გვაქვს და ბოლომდე ვიბრძოლებთ.

მსოფლიო თასზე ყველა მორაგბე თავისი მაქსიმუმის საჩვენებლად ემზადება. გუშინდელი შედეგის გამო გუნდში ყველა წუხს, გულშემატკივრის წინაშე დანაშაულის გრძნობა გვაქვს. თუ წინა მსოფლიო თასზე ორი თამაშის მოგება სასწაულად ჩაითვალა, ახლა იგივეს გამეორება აუცილებელი იყო, მაგრამ ვერ ვაჩვენეთ ის, რაც შეგვიძლია და ახლა სიტუაციის გამოსწორებას ვეცდებით".

Sportall.Ge

ძლიერი ტურნირი ერთადერთი გზაა

იმ შემთხვევაში, როდესაც ექვსი ერი კარის გაღებაზე კატეგორიულად უარს აცხადებს, რა გზა არსებობს საქართველოს ნაკრების წინსვლისთვის? ნემსაძე უმრავლესობის აზრს იზიარებს და ქართული ფრანჩაიზის ძლიერ ტურნირში ჩართვას ერთადერთ საშუალებად მიიჩნევს:

"გულით ვამბობ და მიმაჩნია, რომ ერთადერთი სწორი გზა სწორედ ესაა: უნდა გაკეთდეს რამე გუნდი, რომელიც პირველი ხაზის გარდა, 80%-ით ნაკრების მოთამაშეებით იქნება დაკომპლექტებული და რომელიც ითამაშებს ისეთ ძლიერ ტურნირში, როგორიც პრო 14 ან პრო დე2-ია. თუ რეალურად მაღალი დონის ჩემპიონატში არ ჩავერთვებით, წინსვლა ვერ გვექნება. არ მაქვს საუბარი რუსულ და სხვა კლუბებთან თამაშზე - ტურნირი რეალურად ძლიერი უნდა იყოს და უმაღლეს დონეზე სისტემატურად უნდა ვითამაშოთ.

სხვა მხრივ წყლის ნაყვა გამოგვდის. დღეს ასე - გადავდგამთ წინ ნაბიჯს, მოვუგებთ ტონგას, მაგრამ მერე იმ ნაბიჯს ისევ უკან ვდგამთ და ხვალ შეიძლება ვეღარ მოვუგოთ. თუ გვინდა ტიერ 1-ის გუნდები დავამარცხოთ, ძლიერი ტურნირის გარდა სხვა გზა არ გვრჩება".

ნემსაძე რაგბიდან მიდის

ჯერ უცნობია ითამაშებს თუ არა გიორგი ნემსაძე ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ, მაგრამ იაპონიიდან დაბრუნებული 35 წლის ვეტერანი ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს და რაგბიში სხვა კუთხით დასაქმდება.

მას შემოთავაზება არაერთი კლუბიდან ჰქონდა, თუმცა ასაკმა და ტრავმებმა გადაწყვეტილება მიაღებინა:

"ეს ჩემთვის ბოლო მსოფლიო თასია და სარაგბო კარიერასაც ვასრულებ. წლების განმავლობაში, წარმატებები უფრო მეტი მქონდა, ვიდრე წარუმატებლობა და გული მწყდება კარიერის დასრულება ამ ნოტაზე რომ მიწევს. ერთი კვირის წინ 35 წლის გავხდი, ბევრი ტრავმა მაქვს გადატანილი და ტკივილები მაწუხებს.

ალბათ, ერთი წელი კიდევ შევძლებდი მაღალ დონეზე თამაშს, თუმცა 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადება აქედანვე უნდა დავიწყოთ და გზას ახალგაზრდებს დავუთმობ. საინტერესო შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ უარი ვთქვი. ასევე ვარ "აიას" განაცხადში, სადაც მსურდა, რომ კარიერის დასასრულს რამდენიმე შეხვედრა მშობლიურ კლუბში გამეტარებინა, თუმცა ამას ვეღარ მოვახერხებ. "აიას" სხვა კუთხით დავეხმარები და ვეცდები კლუბში იმ კუთხით ვიმუშაო, რა კუთხითაც ნაკრებში პრობლემები გვაქვს".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ