ავსტრალია პირველივე წუთებიდან უტევდა, თუმცა "ბორჯღალოსნები" თავს საიმედოდ იცავდა და პირველად მე-14 წუთზე დავჯარიმდით, კაჭარავას ფეხი დაუცდა და ბეილის თავზე დაეცა.
ავსტრალიელმა მოედანი დატოვა, მისმა თანაგუნდელებმა კი ძალიან სახიფათოდ შემოგვიტიეს, ჩვენი ჩათვლის მოედანთან 1 მეტრში იყვნენ, თუმცა ქართველმა მორაგბეებმა შესანიშნავად მოახერხეს თავის დაცვა და "ვოლაბებს" ბურთი წინ დაუვარდათ.
23-ე წუთზე კი ავსტრალიელებმა ლელო დაგვიდეს. მეთ თუმუამ მოედნის ცენტრში გაჭრა დაცვის ხაზი. ჩვენმა მეტოქეებმა სწრაფად შეუტიეს და უაითმა ბურთი ჩვენი ჩათვლის მოედნის ხაზზე დაამიწა. თუმუამ ზუსტად გარდასახა და ანგარიში 7:0 გახდა.
ცენტრიდან ბურთის განახლების შემდეგ ავტრალიელები საკუთარ 22-იანთან დაჯარიმდნენ. მართალია, დერეფნიდან შემოტანილი ბურთი "ვოლაბებმა" ჩაგვიხურეს, თუმცა მალევე ისევ დაჯარიმდნენ და 29-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციიდან ჩვენს ნაკრებს შეხვედრაში პირველი ქულები მოუტანა - 3:7.
35-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ყვითელი ბარათი ავსტრალიელთა 8 ნომერ ნაისარანის უჩვენა, რომელმაც უხეშად ითამაშა გიორგი ნემსაძის წინააღმდეგ. თუმცა ჯარიმის დარტყმის შემდეგ დერეფნიდან შემოტანილი ბურთი წავაგეთ, შემდეგ დავჯარიმდით და ავსტრალიელებმა უკვე კარში დაარტყეს - 10:3.
ამის შემდეგ ჩვენ შევუტიეთ, თუმცა ბურთი ხელიდან გაგვივარდა და მალე "ვოლაბებმა" ბურთი მოედნის ფარგლებს მიღმა გადააგდეს. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 3:10 წააგო.
მეორე ნახევრის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა ძალიან მწვავედ შეუტია. ავსტრალიელებს ბურთი რაქიდან გამოუვარდათ, რომელიც კაჭარავამ ჩაიგდო ხელში, 1 ავსტრალიელი ცრუმოძრაობით ჩამოიცილა და დაახლოებით 25 მეტრი ირბინა, თუმცა შეტევის მესამე ფაზაში ბექა გორგაძეს ბურთი ხელიდან წინ გადაუვარდა.
51-ე წუთზე დრო დიდი ხნით იყო გაჩერებული. ავსტრალიელების შეტევის დროს ერთმანეთს თოდუა და აფრასიძე დაეჯახნენ. სამწუხაროდ, ახალგაზრდა 9 ნომერმა ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თამაში ორმხრივი შეტევებითა და შეცდომებით მიმდინარეობდა. მე-60 წუთზე კაროიბეტემ ყველასა და ყველაფერს შემოურბინა და შეხვედრაში ავსტრალიელთა მეორე ლელო დადო. "ვოლაბებმა" გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და ანგარიში 17:3 გახდა.
70-ე წუთზე, როგორც იქნა, ჩვენი დერეფანი მოვიგეთ. ლაშა ხმალაძემ შესანიშნავად გაჭრა ხაზი და კარგი პასი გაუკეთა სანდრო თოდუას, რომელმაც 30 მეტრი ირბინა და დადო კიდეც ლელო - 8:17. სოსო მათიაშვილმა გარდასახვა არაზუსტად შეასრულა.
თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო 10 წუთში ჩვენს ჩათვლის მოედანში 2-ჯერ დაამიწეს ბურთი ავსტრალიელებმა და საბოლო ჯამში 27:8 მოგვიგეს.
საქართველოს ნაკრებმა ამ მატჩის მსოფლიოს თასზე გამოსვლა დაასრულა. "ბორჯღალოსნებმა" საბოლოო ჯამში 5 ქულა მოიპოვეს და ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავიდნენ.
რაგბის მსოფლიო თასი
საქართველო-ავსტრალია 8:27
ლელოები
ავსტრალია: უაითი, კოროიბეტე, დემპსი, გენია საქართველო: თოდუა
ჯარიმები
საქართველო: მათიაშვილი ავსტრალია: თუმუა
გარდასხვები
ავსტრალია: თუმუა (2)
თუ ავადმყოფს არ უთხარი რისგან უნდა განიკურნოს მას ვერ გამოაჯანმრთელებ
დღევანდელი თამაში სტრატეგიულად და მომზადების მხრივ ძალიან სუსტი იყო
ავტრალიის მეორე გუნდმა არ დააფასა მოწინააღმდეგე და როდესაც მიხვდნენ რომ ცდებოდნენ და დაადგეს "გაზის" პედალს ფეხი კი ნახეთ რაც მოხდა
ინგლისელები გააცამტვერებენ ავსტრალიას (თუ ესე არასერიოზულად მიუდგებიან მათაც)