ერთია სურვილი და მეორე საშუალება-შესაძლებლობა - მადლობა "ბორჯღალოსნებს"

AutoSharing Option
გაორებული გრძნობა დამეუფლა მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების ავსტრალიასთან მატჩის შემდეგ - სიამაყის და წაგების გამო სინანულის და ნანა მჭედლიძის "პირველი მერცხალის" ფინალური სცენა  გამახსენდა, ინგლისელ მეზღვაურებთან დამარცხებული ჩვენი ფეხბურთელები რომ მღერიან "აბა ულას".



არ მინდა, წერილს ხმამაღალი სათაური წავუმძღვარო, ხელოვნურად გავწელო და მაღალფარდოვანი ფრაზებით შევალამაზო; მსურს, გადმოგცეთ ჩემი მოსაზრება, შესაძლოა სუბიექტური, ზოგიერთისთვის მიუღებელი, მოკლედ და ლაკონურად, ყოველგვარი იწილო-ბიწილოს გარეშე.

ერთია სურვილი და მეორე საშუალება-შესაძლებლობა. შევაკვდებით მეტოქესო, თქვა მატჩამდე "ბორჯღალოსნების" კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ და მართლაც ასე იყო. მსგავსი დაცვა ჯერ არ
მინახავს, ორგანიზებული და თავგანწირული. რატომღაც მგონია, მეტოქის პირველი ლელო არ იყო ჩასათვლელი. ყოველ შემთხვევაში, რა რაკურსითაც გვაჩვენეს, ასე ჩანდა, მეორე ლელო კი მე-60 წუთზე დაგვიდეს. ჩვენმა გუნდმა, ფაქტობრივად, ცალკარა თამაშისას 1 საათი გაუძლო მრისხანე მეტოქეს. ეს სხვა არაფერი გახლდათ, თუ არა გმირობა.

სხვა საკითხია, რატომ იდგნენ უმეტესწილად დაცვაში და ამაშია სხვაობა სურვილსა და საშუალება-შესაძლებლობას შორის. ახსნას არ დავიწყებ, ვისაც არ ესმის ან არ უნდა გაიგოს, განმარტებას აზრი არა აქვს. ნათქვამია, სხვა სხვის ომში ბრძენიაო. კრიტიკა, იცოცხლეთ, ადვილია, მაგრამ გრანდებთან ჭიდილი - ჰოი, რა რთული. ერთი მომავალ მსოფლიო თასამდე ათამაშა ეს გრანდები მხოლოდ ტიერ2-ის გუნდებთან, ჩვენ კი ტიერ1-ის ნაკრებებთან და ვნახავდით, როგორ შეიცვლებოდა ამ პერიოდში ძალთა თანაფარდობა.

ძნელია საქართველოს გზა ყველგან, პატარა და ღარიბი ქვეყნისა. რაგბის დიდ და ელიტარულ ოჯახში მიღებისათვის ბრძოლა რაღაცნაირად ჩვენი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირის კარზე დაუსრულებელ და ჯერჯერობით უშედეგო კაკუნს მაგონებს.

ბოლოს, ბუნებრივია, დაიღალნენ ჩვენი მორაგბეები და დამარცხდნენ ავსტრალიასთან. არც გაუმართლათ ჯგუფის სირთულისა და კალენდრის მხრივ, მაგრამ იყვნენ ამაყნი და ძლიერნი. წავიდა ძველი თაობის რამდენიმე ლეგენდა, რომლებმაც და რომელთა წინამორბედებმა ეს ლამაზი თამაში საქართველოში იმ სიმაღლეზე აიყვანეს, რომ ამა ქვეყნის ძლიერებთან ტოლ-სწორად ჭიდილს ვთხოვთ, ხოლო უფრო ხშირ შემთხვევაში - ვითხოვთ.

რა თქმა უნდა, იყო სერიოზული შეცდომები: უამრავი წაგებული დერეფანი, ჩახურული რაქი, უადგილო საჯარიმოების მიღება და ა.შ. თუმცა, რაც არის ქართული რაგბის სტაგნაციის მიზეზი, ამაზე უკვე მოგახსენეთ.

Sportall.Ge

"ბორჯღალოსანი" გიორგი ნემსაძის ნათქვამი იყო ზუსტი და მომავალში შედეგზე ორიენტირებული:

"გულით ვამბობ და მიმაჩნია, რომ ერთადერთი სწორი გზა სწორედ ესაა: უნდა გაკეთდეს რამე გუნდი, რომელიც პირველი ხაზის გარდა, 80%-ით ნაკრების მოთამაშეებით იქნება დაკომპლექტებული და რომელიც ითამაშებს ისეთ ძლიერ ტურნირში, როგორიც პრო 14 ან პრო დე2-ია. თუ რეალურად მაღალი დონის ჩემპიონატში არ ჩავერთვებით, წინსვლა ვერ გვექნება. არ მაქვს საუბარი რუსულ და სხვა კლუბებთან თამაშზე - ტურნირი რეალურად ძლიერი უნდა იყოს და უმაღლეს დონეზე სისტემატურად უნდა ვითამაშოთ.

სხვა მხრივ წყლის ნაყვა გამოგვდის. დღეს ასე - გადავდგამთ წინ ნაბიჯს, მოვუგებთ ტონგას, მაგრამ მერე იმ ნაბიჯს ისევ უკან ვდგამთ და ხვალ შეიძლება ვეღარ მოვუგოთ. თუ გვინდა ტიერ1-ის გუნდები დავამარცხოთ, ძლიერი ტურნირის გარდა, სხვა გზა არ გვრჩება".

ქართველ მორაგბეთა ძველმა თაობამ შეუძლებელი შეძლო. დიდი მადლობა მათ და მათ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს, რომლის ხელმძღვანელობითაც ნაკრები თვისობრივად სხვა სიმაღლეზე გავიდა. ახლა ქართულ რაგბიში ახალი ერა იწყება, ესტაფეტა ახალგაზრდებს გადაეცემათ. ისინი უდავოდ ნიჭიერები არიან. მსოფლიო რაგბის მაღალი მიღწევების გენერალური მენეჯერი პიტერ ჰორნი ბრძანებს:

"შესაძლოა, ისინი იმედგაცრუებულნი არიან იაპონიაში ნაჩვენები შედეგებით, თუმცა საკვანძო მომენტი ისაა, რომ აღწევენ წარმატებებს ასაკობრივ კატეგორიებში, რაც სამომავლოდ უმაღლეს დონეზეც აისახება".

ახალგაზრდებმა უნდა ზიდონ ეს მძიმე ტვირთი და ამ საქმეში მხარდაჭერა არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით სჭირდებათ - ძალიან სერიოზული ინვესტიციებით. ამის გაკეთება კი მხოლოდ სახელმწიფოს ხელეწიფება. აქ დიდი ახსნა-განმარტება არ არის საჭირო, ბევრი გაკეთდა, თუმცა ეს უკვე საკმარისი აღარ არის.

ქართული რაგბი ერთგვარ ჩიხში შევიდა და რეალური ფინანსური თანადგომის გარეშე წინსვლა გაუჭირდება. წარმოუდგენლად გაუჭირდება.

altთოდუას ლელო - "ბორჯღალოსნებმა" იბრძოლეს, თუმცა ავსტრალია ზედმეტად ძლიერია [VIDEO]

altworld.rugby: "ბორჯღალოსნებში" ახალგაზრდების სიმრავლე, მომდევნო ოთხწლიან ციკლში, კარგ შედეგებს გვპირდება

altმერაბ შარიქაძე: კუთხეში ვართ მიმწყვდეულნი და შევაკვდებით ავსტრალიას

altგიორგი ნემსაძე: დანაშაულის გრძნობა გვაქვს და წყლის ნაყვა გამოგვდის - კარიერის ასე დასრულება სამწუხაროა

მკითხველის კომენტარები / 21 /
კი მაგრამ მეგობარო რაღაცას რომ წერ ცოტა აზრზე ხომ უნდა იყო? აიღე და მიეძალე რომ ვერ გააკეთე მაგიტომ წააგე ავსტრალიასთან. ასე რომ უფრა ძალიანი ბიჭები, უფრო ძალიანი ბიჭები და ისე უნდა გათანგო რომ თამაშის ბოლო წუთებში აღარაფრის თავი არ ქონდეთ. რასაც თვითონ გვიკეთებენ ეგ უნდა გაუკეთო და ნაკლები ანალიზები აკეთო იმათ მრავალფეროვანი გუნდი ყავთ და იციან ჩვენი ძლიერი მხარეები, ამიტომ მაინც ჩვენსას უნდა ვეცადოთ. გაუკეთე რამდენიც გინდა იმდენი ანალიზი მესის თამაშს მაინც იტანს თავის გოლებს. რაც შეეხება უკანა ხაზს თუ ყველგან მოიპოვებიან ესეიგი ჩვენც გვყავს.
ddgfdf
14 ოქტომბერი 2019 16:41
8
შენ რაგბის გაგებაში არ იყოოოო, მეტი არაა ჩემი მტერიიიი....
mirosan
14 ოქტომბერი 2019 19:07
3
საქართველოს ნაკრებს სჭირდება ისეთივე კლასის "ბექები" როგორიც ყავს პირველი ხაზი. დავაკვირდეთ, ჩვენი ლეგიონერების 99% არის I-II ხაზის მოთამაშეები. მათ კვალიფიკაციასა და კლასში ეჭვი არავის გვეპარება. იგივეს ვერ დავიკვეხნით უკანა ხაზზე. ჩვენი გენიდან გამომდინარე გვყავს ფიზიკურად ძალიან ძლიერი მორაგბეები, ამ პოზიციისა და ასეთი მონაცემების მოთამაშეები იშვიათია და იმიტომ მიჰყავთ უცხოურ კლუბებს. რაც შეეხება უკანა ხაზს, სადაც დიდი ფიზიკური ძალა არ არის საჭირო და აქცენტი გაკეთებულია გონებრივ და ფიზიკურ სისწრაფეზე, ყველა კონტინენტზე მოიპოვება და შესაბამისად არ გაგვაჩნია იმის შესაძლებლობა, რომ "ბექებიც" გვყავდეს ძლიერ ჩემპიონატებში. ვიცით რომ დემოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე რაგბის სამყაროში ძალიან არ გაგვიმართლა. დასავლეთ ევროპას, სადაც რაგბი ზენიტშია არ ვუნდივართ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა კი ძალიან ჩამორჩენილია ამ მხრივ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ძნელი იქნება ამერიკის ან ოკეანიის ერთა ლიგებში ჩართვა. იქ ყველას გათვალისწინებული აქვთ მანძილი, დროის სარტყელი... ნახევარი მსოფლიო გვაშორებს მათგან. ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი უნდა იყოს "ფრანჩიზის" მიღება და 1-2 ქართული გუნდის ჩართვა პრო 14-ში, ჩელენჯზე. ეს უფრო ადვილი მოსჩანს რადგან მხოლოდ კომერციული საკითხია მოსაგვარებელი. ამ შემთხვევაში, უკანა ხაზის მოთამაშეებს რომლებიც ნაკრებში თამაშობენ, სისტემატიურად ექნებათ თამაშები ძალიან ძლიერ ლიგაში და მათი კლასი გაუთანაბრდება პირველი ხაზის მოთამაშეებისას. ამით დასრულდება ჩვენი უკვე ძირგამომპალი აიღე და მიეძალეს ტაქტიკა. ესაა უპირველესი გამოსავალი ჩვენი უკანა ხაზის მორაგბეთათვის. ამას დაემატება ის, რომ 2020 წლიდან ტიერ1-ის ნაკრებებთან მეტი ტესტი მოგვიწევს, იქნება თამაშებიც შინ. იქნებ ცოტა ჩვენს გარშემო ერებმაც ამოყვინთონ და მეტად ძლიერები გახდნენ. ეს ჩვენ წაგვადგება პირველ რიგში. საქართველოში არ არის ისეთი ეკონომიკური გარემო, რომ მხოლოდ სპონსორების ძალით გადაწყდეს ასეთი საკითხები. აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფოს მხარდაჭერა თუნდაც 1 კლუბის საერთაშორისო ტურნირზე დაფინანსების სახით. ამას უნდა დაერქვას ეროვნული პროექტი. სწორედ ეს იქნება სახელწიფოს მიერ რაგბის განვითარებაში "ფულის ჩადება".
ეს ყველაფერი კი ყველა გულშემატკივარმა კარგად ვიცით. აჰა, გადაბრუნდა ურემი და გამოჩნდა გზაც, საქმე ისაა ვისაც ამ პრობლემებზე რეაგირება ევალება და ხელეწიფება ისინი რას დაინახავენ ამ ურმის უკან?....
ანესთეზეოლოგი
14 ოქტომბერი 2019 15:53
3
იაპონელებზე აფანატებს ზოგი და ერთი დათვალეთ რამდენი არის სუფთა იაპონელი ?მერე მეორეც ფინანსები შეადარეთ და პრაგმატულათ ვიკამათოთ კი ბატონო. ისე ცნობისთვის ასი მილიონი რაც ბატონმა ბიძინამ ჩადო და მილიონი მადლობა მას ამისთვის იაპონელები ას მაგდენს ხარჯავენ და მანც ნატურალიზება ჭირდებათ ცოტა ანალიზის უნარი ვიქონიოთ.
dato
14 ოქტომბერი 2019 15:39
11
კიდევ კარგი შენნაირები არ თამაშობენ რაგბს, ,,ბატონი ბიძინა,,)))))
მთ
14 ოქტომბერი 2019 16:46
16
ბევრ რამეში შეიძლება დაეთანხმო ავტორს გარდა ამ ფრაზისა -"ძალიან სერიოზული ინვესტიციებით. ამის გაკეთება კი მხოლოდ სახელმწიფოს ხელეწიფება". ბოდიშით მაგრამ ქვეყანაში სადაც მხოლოდ სახელმწიფოს ხელეწიფება ფეხბურთის, ჭიდაობის, ძიუდოს, კალათბურთის, რაგბის და კიდევ სხვა ბევრი რამის გაკეთება, ასეთ ქვეყანაში არც ფეხბურთი, არც კალათბურთი, არც რაგბი არ განვითარდება და წარმატებაც მხოლოდ ეპიზოდური და იშვიათი იქნება. საჭიროა გამოვიდეთ ამ საბჭოთა ყოვლის შემძლე და ყოვლის პარტონი სახელმწიფოს ქვეშევდომობიდან და ცრუ იმედებიდან. ისიც ნუ დაგვავიწყდება, სახელმწიფო დაფინანსება სპორცმენებისგან და ფედერაციებისგან უსიტყვო პოლიტიკური ერთგულების მოთხოვნის საფრთხესაც შეიცავს, რისი მაგალითი ახლაც და წარსულშიც ძალიან ბევრია, რაც სპორტული ბიუროკრატიის პოლიტიზაციის და გახრწნის გზაა. ანომალია როდესაც სპორცემენიც და გაჭივრებული პენისონერიც შესაბამისად ხელფას და პენსიას ბიუჯეტიდან იღებს. ის რაც უდავოდ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ესაა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების უზრუნველყოფა, და ისეთი გარემოს შექმნა სადაც კერძო სექტორს სპორტში ფულის ჩადების ფინანსური დაინტერესება ექნება.ამიტომ, ვფიქრობ რომ ამ საკითხზე სპორტულმა ჟურნალისტებმაც უნდა იფიქრონ და სახელმწიფოს წინაშე პრობლემები სწორად დასვან.
irakli
14 ოქტომბერი 2019 14:57
1
გეთანხმები ირაკლი.სახელმწიფოს მოვალეობაა სასწრაფოდ მიიღოს კანონი სპორტის შესახებ,რადგან სწორედ არსებული კანონი უშლის ხელს კერძო ბიზნესის ჩართვას სპორტის დაფინანსებაში.ეს იქნება საუკეთესო რამ,რაც სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს სპორტისათვის.ალბათ დარჩება სპორტის სახეობები,სადაც კერძო ბიზნესის ფული უხალისოდ წავა და მისი შენახვა სახელმწიფოს მოუწევს,მაგრამ ეს გაცილებით მცირე ხარჯი იქნება,ვიდრე დღეს იხარჯება.
სოსო
16 ოქტომბერი 2019 13:35
0

სიახლეები პოპულარული