ბექა გორგაძე: უკეთ ვართ შეთამაშებული

AutoSharing Option
"ბორჯღალოსანი" ბექა გორგაძე იმედოვნებს, რომ ჩვენი ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში უკეთესი ხარისხის რაგბს ითამაშებს, ვიდრე ერთი კვირის წინ რუმინეთთან და მადრიდიდან ქართველ ქომაგს გაახარებს.

პირველ თებერვალს ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა "მუხებს" 6 ლელო გაუტანა და ბონუსით, 41:13 სძლია. გორგაძემ შეხვედრა სრულად ჩაატარა და ჩვენი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა:

"წლის პირველ შეხვედრაში ყოველთვის გვიჭირდა, მაგრამ ახლა, მსოფლიო თასის შემდეგ, ყველანი განსაკუთრებულად ვიყავით მობილიზებული. გვსურდა გულშემატკივრებისთვის სწრაფი, ხელდახელ რაგბი გვეჩვენებინა და მათთვის სიამოვნება მიგვენიჭებინა. ვფიქრობ, ეს გამოგვივიდა. იყო ეპიზოდები,
როდესაც 15-17 ფაზას ვაბამდით. მეტოქე ამისთვის მზად იყო და დიდი ხნის განმავლობაში გაგვიძლო, თუმცა საბოლოოდ, ჩვენი თამაშის ხარისხი ლამაზ ლელოებში და შედეგში აისახა".

მეორე თამაშს საქართველოს ნაკრები დანაკლისით ხვდება. ტრავმებისა და ოჯახური მიზეზების გამო, მომდევნო შეხვედრაში რამდენიმე მოთამაშე დააკლდება. მიუხედავად ამისა, შერკინების შემკვრელი, რომელსაც დღეს 24 წელი შეუსრულდა, ფიქრობს, რომ გუნდი კარგადაა მომზადებული:

"პირველი თამაშის შემდეგ რამდენიმე მოთამაშე გამოგვაკლდა, მაგრამ ეს პრობლემა არ უნდა იყოს. ჩვენ ძალიან კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ და შემცვლელები არანაკლებ კარგი შემსრულებლები არიან".

9 თებერვალს ჩვენი გუნდი მადრიდში, საქართველოს დროით 15:45 საათზე ესპანეთის ნაკრებს ეთამაშება, რომელმაც პირველ ტურში რუსეთს სოჭში ბონუსით, 31:12 სძლია. იუბილარი მორაგბე მეტოქისგან დიდ წინააღმდეგობას ელოდება, თუმცა დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნაკრები მეტოქის დაცვაში სივრცეებს მაინც იპოვის:

"ესპანეთს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს და სპეციალურად ჩვენთან სათამაშოდ, ტოპ 14-ისა და პრო დე2-ის გუნდების მორაგბეებით საგანგებოდ გაძლიერდა. ისინი შეეცდებიან მეტი პრობლემები შეგვიქმნან, განსაკუთრებით რაქებში შეგვაწუხებენ, რომ ბურთი სწრაფად არ გავიტანოთ. ეცდებიან უფრო სწრაფად ჩახურონ ხაზი, მაგრამ სუსტი წერტილები მათაც აქვთ და უფრო მნიშვნელოვანია, როგორ ვითამაშებთ ჩვენ. თუ დავალებებს კარგად შევასრულებთ, ფრთებზე აუცილებლად გაჩნდება სივრცეები და ისინი უნდა გამოვიყენოთ. მადრიდში ყველაფერი კარგადაა, მზიანი ამინდია და შესანიშნავ გარემოში მოგვიწევს თამაში. ვეცდებით ჩვენი ქომაგი ლაღი თამაშით გავახაროთ, რისთვისაც რაგბი უყვართ და დარწმუნებული ვარ, ახლა უკეთ შეთამაშებულები ვიქნებით, ვიდრე რუმინეთთან".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჟურნალისტებო უბრალოდ სირცხვილია, როცა ერს რომელსაც პრეტენზია აქვს რომ "რაგბი ჩვენი თამაშია" არაფერ ინფორმაციას რომ არ დებთ რაგბი ევროპას და 6 ერის გათამაშებებზე.

ცოტა მეტი ინფორმაცია რგბის შესახებ!
0
რუსეთს ამ თამაშში 5 მორკინალი აკლდათ და ვერ გაუძლეს დაწოლას,ჩვენ კი რუმინეთთან,სწორედ სრულფასოვანი რეზერვის წყალობით გავიმარჯვეთ ასე დიდი ანგარიშით.რუმინელებს,შემადგენლობის სიღრმე არ ეყოთ.ხვალ ესპანეთი უფრო გაძლიერებული იქნება,მაგრამ ჩვენც უფრო შეთამაშებულები ვიქნებით.ესპანეთი ყოველთვის სწრაფ,ხელით თამაშს აპირებდა უპირატესობას და ჩვენი მწვრთნელების გადასაწყვეტია,ჩვენც სწრაფ,ხელდახელ რაგბის ვითამაშებთ, თუ მამაპაპურად შერკინების უპირატესობის გამოყენებას ვეცდებით.სანახაობისათვის,ვფიქრობ სწრაფი რაგბის თამაში გვირჩევნია და ისიც გამოჩნდება,გვეყოფა თუ არა უნარები ასეთ თამაშებში,მაგრამ მოგებაც რომ აუცილებლად გვინდა?
სოსო
19:03 08-02-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული