საქართველო - ბელგია: წინასამატჩო პრესკონფერენცია

AutoSharing Option
მატჩამდე 24 საათით ადრე, ბელგიის ნაკრებმა და "ბორჯღალოსნებმა" "აია არენაზე" კაპიტნის ვარჯიში, გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა კი, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

"შავი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი გიომ აჟაკი ამბობს, რომ ხვალ მისი გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონატის უძლიერეს გუნდთან თამაშით ბევრ რამეს ისწავლის:

"ჩვენი ახალგაზრდული გუნდის უპირველესი მიზანია, რომ სწავლა გავაგრძელოთ. ვიცით, რომ ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ, ძლიერი წნეხის ქვეშ მოგვიწევს თამაში. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების მიზანი ადგილის შენარჩუნებაა, რისკენაც რუსეთის დამარცხებით ერთი ნაბიჯი უკვე გადავდგით".

მთავარ მწვრთნელს ეთანხმება გუნდის
კაპიტანი თომას დინსტი:

"საკმაოდ კარგად ვართ მომზადებული და წინა ტურში რუსეთთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ. ხვალინდელი თამაშის დიდი მოლოდინი გვაქვს, რადგან ვეთამაშებით ამ ტურნირის საუკეთესო გუნდს. ჩვენთვის ეს იქნება ძალიან კარგი მოსამზადებელი ნაბიჯი იმისათვის, რომ შემდგომში წარმატებით ვეთამაშოთ ესპანეთისა და რუმინეთის ნაკრებს".

"ბორჯღალოსანთა" თავკაცი ლევან მაისაშვილი იმედოვნებს, რომ ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხი წინა ორ თამაშზე უკეთესი იქნება:

"ვეცდებით ხვალინდელ შეხვედრაში უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები შეტევაში და დაცვაში. ნახავდით, რომ ბელგიის ნაკრებთან ჩვენც ახალგაზრდული შემადგენლობით ვითამაშებთ. გვყავს ახალი, 33-ე კაპიტანი. ბირთვი ახალგაზრდულია, თუმცა მჯერა, რომ მათ თავდაჯერებულობა არ აკლიათ და ვეცდებით საინტერესო და ლამაზი თამაში ვაჩვენოთ. მინდა ქუთაისელებს მადლობა გადავუხადო ტრადიციულად, კარგი მასპინძლობისთვის".

გუნდის ახალი, "ბორჯღალოსანთა" ისტორიაში 33-ე კაპიტანი ბექა გორგაძე ქუთაისელ გულშემატკივარს შემტევ და სწრაფ რაგბს პირდება:

"მივყვებით გეგმას და ვცდილობთ, რომ მატჩიდან-მატჩამდე გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაშის ხარისხი. ბელგიასთან ჩვენი მიზანი სწორად ხარისხიანი თამაშის ჩვენებაა, რაც ესპანეთთან მეორე ტაიმში ვერ მოვახერხეთ. ვეცდებით გულშემატკივარს დახვეწილი, შემტევი და სწრაფი რაგბი ვაჩვენოთ. რაც შეეხება კაპიტნობას, ამ ტვირთს სრული პასუხისმგებლობით ვიღებ და შევეცდები მოედანზე ჩემი როლი კიდევ უფრო გავაღრმავო".

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, საქართველოს ნაკრები ბელგიას "აია არენაზე" მასპინძლობს. შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
როდესმე, მაინც!!! ცხრილი და სატურნირო მდგომარეობა რომ გამოაქვეყნოთ არ შეიძლება?! ექვს ერზე აღარაფერს ვამბობ! ჩვენი თამაში არა კვახი!!!
სერგი
12:21 22-02-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული