ვიტო კოლელიშვილმა მორაგბის კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge

"ბორჯღალოსანმა" ვიტო კოლელიშვილმა ტრავმით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ მოთამაშის კარიერა ოფიციალურად დაასრულა, მაგრამ 30 წლის სპორტსმენი რაგბიში რჩება და სამომავლოდ მწვრთნელობას გეგმავს, რათა საკუთარი გამოცდილება მომავალ თაობებს გაუზიაროს.

ბრძოლა დაბრუნებისთვის

მოედანზე სრული თავგანწირვით, თავისა და მეტოქის დაზოგვის გარეშე მოთამაშე კოლელიშვილს "უხილავი ტრავმა", ტვინის შერყევები მოუმრავლდა, რის გამოც დაახლოებით ორი წლის წინ აქტიურ სპორტს ჩამოშორდა. ვიტომ ბოლომდე იბრძოლა და რამდენჯერმე სცადა დაბრუნება, მაგრამ დატვირთვების ზრდას თან სდევდა სიმპტომების განახლება, რამაც მას სპორტსმენისთვის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება აიძულა:

"ბოლო წლებში ძალიან
ბევრი ტრავმა დამიგროვდა და ეს გადაწყვეტილება მივიღე. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თამაშს ვახერხებდი, ორი წლის განმავლობაში მოედანზე სულ ტრავმების ფონზე გავდიოდი. მქონდა იმედი, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდებოდა, თუმცა სრულფასოვანი დაბრუნება ვერ მოვახერხე, ტრავმას ტრავმა ემატებოდა და საბოლოოდ ორგანიზმმა უარი მითხრა".

"ძალიან ბევრჯერ მომიწია გაჩერება და ყველაფრის თავიდან დაწყება. დაბრუნების შემდეგ სულ მქონდა ფიქრი – "ეს აღარ უნდა დამემართოს", მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ ხდებოდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ორი თუ სამი ტვინის შერყევა ვარჯიშებზე მივიღე და სულ ვნატრობდი, რაიმე მაგარ თამაშზე მაინც მომსვლოდა. ტვინის შერყევა თვალით არ ჩანს, მაგრამ ადამიანზე ძალიან ცუდად მოქმედებს – სულ თავი გტკივა, ცუდ ხასიათზე ხარ… ფიქრობ, კარიერის დასრულებაზე ფიქრს თავი აარიდო, მაგრამ ტკივილები, სიმპტომები არ გეშვება. მე კი ის მოთამაშე არ ვარ, მოედანზე გავიდე და თავის დაზოგვაზე ვიფიქრო. 7-8 თვის დასვენების შემდეგ ვარჯიში განვაახლე და როდესაც სიმპტომები კვლავ განმიახლდა, გადავწყვიტე ექიმებისთვის დამეჯერებინა, წინ გამეხედა და მომავალზე მეფიქრა".

"მინდა რაგბისთვის მეტი გავაკეთო"

მორაგბისთვის სპორტიდან წასვლაზე უფრო რთული გადაწყვეტილება, აბა, რა უნდა იყოს, მაგრამ კოლელიშვილს მსგავსი ნაბიჯის გადადგმა დაახლოებით ერთი წლის წინ მოუწია, როდესაც "ბორჯღალოსნებთან" ერთად 2019 წლის მსოფლიო თასზე გამგზავრებაზე უარი თქვა:

"მე თუ რაგბის არ ვითამაშებდი, მისკენ გახედვაც არ მინდოდა, თამაშებს ვერ ვუყურებდი. ყველაზე რთული პერიოდი ერთი წლის წინ მქონდა. ძალიან მინდოდა, რომ მსოფლიო თასზე გუნდის ნაწილი ვყოფილიყავი. მთელი 9 თვე დიეტაზე ვიყავი, ფორმას ვინარჩუნებდი, იმედს არ ვკარგავდი და ნაკრების შეკრებაზეც გამოვცხადდი, მაგრამ ვარჯიშების დროს თავში სულ სხვა რამ ხდებოდა, რასაც სიტყვებით ვერ ავხსნი".

"იყო ვარიანტი, რომ გამერისკა და მეთამაშა, მაგრამ მორიგი ტრავმის შემთხვევაში, შესაძლოა ბევრად უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავი. საკუთარ თავთან ომი მქონდა, სურვილებსა და რეალობას შორის. ვხვდებოდი, რომ უარი უნდა მეთქვა იმაზე, რაც ყველაზე მეტად მსიამოვნებდა – ბოჭვაზე, კონტაქტზე და ამ დროს ვარჩიე, რომ კიდევ ერთწლიანი პაუზა ამეღო. ბევრად უფრო რთული იყო მსოფლიო თასზე წასვლაზე უარის თქმა, ვიდრე დღევანდელი გადაწყვეტილება, თუმცა ცივი გონებით ავწონე სიტუაცია და სწორი არჩევანი გავაკეთე".

საბოლოოდ, კოლელიშვილი ამ ბრძოლიდან მაინც გამარჯვებული გამოვიდა. მართალია, მის კონტაქტს მოედანზე ვეღარ ვნახავთ, თუმცა ის რაგბიში რჩება, საფრანგეთში სამწვრთნელო კურსებს გაივლის და სამომავლოდ საკუთარ გამოცდილებას მომავალ თაობებს გაუზიარებს:

"მივხვდი, რომ თუ რაგბი მიყვარს და საქმის კეთება მინდა, შემიძლია საყვარელ სპორტს სხვა მხრივაც ვემსახურო. უკვე ჩავაბარე გამოცდა, 28 სექტემბერს სწავლას ვიწყებ და ერთი წლის შემდეგ პროფესიონალი მწვრთნელის ლიცენზიას ავიღებ. ამ პერიოდში შემიძლია, რომ დამხმარე მწვრთნელად ვიმუშაო. რაგბიში ვრჩები და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც მოედანზე არ გამომივიდა, ვეცდები, სხვა კუთხით გავაკეთო. ძალიან დიდი გამოცდილება დამიგროვდა, გავლილი მაქვს "კლერმონის" ესპუარების სკოლა და ამ გამოცდილებას ახალგაზრდებს გადავცემ. მთავარი მაინც ჯანმრთელობაა და მოთამაშემ პატარა ტრავმასაც კი მაშინვე უნდა მიხედოს, თორემ ჩემსავით მოუწევს კარიერის ნაადრევად დასრულება. მე დიდხანს ვიფიქრე, დავბრუნდებოდი თუ ვერა, ახლა კი ჩამოყალიბებულად ვიცი, რას ვაკეთებ! ერთი ეტაპი დასრულდა და იწყება მეორე – ისევ რაგბიში, საყვარელ საქმეში!".

ვიტოს გარემოს შეცვლა არ მოუწევს, რადგან სასწავლებელი მის მეორე მშობლიურ ქალაქში, კლერმონშია და სრულად არის მოწადინებული, რომ რაგბის ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავოს, უკვე როგორც მწვრთნელმა.

დასაწყისი – არჩევანი რაგბისა და თეატრალურს შორის

კარიერის ნაადრევად დასრულების მიუხედავად, ვიტო კოლელიშვილმა რაგბიში ბევრი მოასწრო – გახდა საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბე, ორჯერ მოიგო საფრანგეთის ესპუართა პირველობა, "ლიონთან" ერთად იზეიმა პრო დე2-ის ჩემპიონობა, ხოლო "კლერმონის" რიგებში გახდა ტოპ 14-ის და ჩელენჯ ქაფის გამარჯვებული.

გამორჩეული ხასიათის და აღნაგობის, ახალგაზრდა ვიტო კოლელიშვილის სარაგბო კარიერა შემთხვევით დაიწყო. მანამდე მან ბედი სპორტის რამდენიმე სახეობაში სცადა, 14-15 წლის კი რაგბიზე ძმის კვალად, უფრო გასართობად მივიდა:

"ჩემს გარემოცვაში რაგბის ძალიან ბევრი თამაშობდა და ამ სპორტის შესახებ სულ მესმოდა, მაგრამ არასდროს დავინტერესებულვარ. მანამდე ბევრი სპორტის სახეობა ვცადე, მაგრამ რატომღაც ვერცერთმა ჩამითრია. არადა, ეზოში ყველაფერი გამომდიოდა, სულ ვიგებდი სირბილში, ხელის გადაწევაში. მერე რაგბიზე ჩემი ძმა შევიდა და მეც გადავწყვიტე მეცადა. მაშინ პროფესიონალიზმზე არც მიფიქრია" – იხსენებს კოლელიშვილი, რომლის პირველი მწვრთნელი შურა თაყაიშვილი იყო:

"2003 წლის მსოფლიო თასზე თამაშებს ვუყურებდი, საქართველოს ვქომაგობდი, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ კი რაგბიზე მივედი. წესები რომ ამიხსნეს და მითხრეს, ბურთიანი კაცი უნდა დამეჭირა, პირველ ვარჯიშზე ძალიან ბევრი ვირბინე, ყველას მივდევდი, ვინც ბურთს მიიღებდა. დაახლოებით 4-5 თვის შემდეგ, რატომღაც გამომარჩიეს და ახალგაზრდული ნაკრების შესარჩევ შეკრებაზე დავით გოცაძემ დამიძახა. ამ დროს სულ 3-4 თამაში მქონდა ჩატარებული, მაგრამ იმან, რომ გამომარჩიეს და მენდნენ, ჩემში დიდი გარდატეხა მოახდინა. რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, შეხედულება ვარჯიშზე, დროის უქმად კარგვაზე, ადამიანობაზე, მიზნებზე და სრულად გადავეწყე რაგბიზე".

"იყო პატარა ცვლილებები, როდესაც თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, რაც ჩემი ოცნება იყო, მაგრამ რაგბის ვერ შეველიე და თეატრალურ სცენას რაგბის მოედანი ვარჩიე. ორი წლის შემდეგ სწავლა შევწყვიტე, გვერდზე გადავდე გართობა და რაგბიში გადავეშვი. დავიწყე ფიქრი განვითარებაზე, რათა რაგბი მაღალ დონეზე მეთამაშა და მალე საფრანგეთში წამოვედი".

ვიტოს სარაგბო კარიერა თბილისის "ლელოში" დაიწყო და ის ამ კლუბის ამაგს არასდროს ივიწყებს. სწორედ "ლელოსთან" ერთად გახდა ის საქართველოს ჩემპიონი, ითამაშა ყველა ასაკობრივ ნაკრებში და მოხვდა ეროვნულ გუნდში:

"მე რომ მორაგბე ვარ, სწორედ "ლელოს" დამსახურებაა. ამ გუნდში თამაშის წყალობით მყავს უამრავი მეგობარი, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში ვთამაშობდი. ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით და მათ გვერდზე თამაში უდიდესი ბედნიერება იყო. ერთად მოვხვდით ახალგაზრდულ და მერე ეროვნულ ნაკრებებში".

"გუნდის და პირადად ჩემს პროგრესში უდიდესი დამსახურება აქვს ლევან მაისაშვილს. "ლელო" პროფესიონალიზმისკენ მიისწრაფვოდა და 16-17 წლის ვიყავი, როდესაც მან მე და რამდენიმე ბიჭი პირველ გუნდში აგვიყვანა, სადაც სულ სხვა ხედვები იყო. "ლელო" ჯერ კიდევ მაშინ თამაშობდა განსხვავებულ რაგბის და ვფიქრობ, ახლაც ასეა. გუნდს ჰქონდა წაუგებელი სერია, მიყოლებით რამდენიმე თამაში მოვიგეთ და ბედნიერი ვარ, ამის ნაწილი მეც რომ ვიყავი. მერე აღმოვჩნდი "კლერმონში" და ვფიქრობ, გამიმართლა, რადგან "კლერმონიც" სხვა ფრანგული გუნდებისგან" განსხვავებულ რაგბის თამაშობდა".

"კლერმონი"-"ლიონი"-"კლერმონი"

მიუხედავად იმისა, რომ 10-11 წლის წინ საფრანგეთში ძირითადი მოთხოვნა ქართველ ბურჯებზე იყო, "კლერმონი" მესამეხაზელი კოლელიშვილით დაინტერესდა:

"19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში, მოსამზადებელ შეკრებაზე "კლერმონის" წინააღმდეგ ვითამაშე და ამ გუნდისგან პირველი დაინტერესება მაშინ გაჩნდა, თუმცა ეს თემა მალევე მიწყნარდა. "კლერმონში" ჩემი მეგობარი გიორგი ჯიმშელაძე თამაშობდა და მოგვიანებით სინჯებზე მიმიწვიეს. "ბრივში" იყო ვასილ კაკოვინი, რომელიც ასევე ჩემი პროფილის მესამეხაზელს ეძებდა. ორივეგან გავიარე სინჯები და მიუხედავად იმისა, რომ "ჟიფის" სტატუსის (ამ სტატუსის მქონე მორაგბე საფრანგეთში ლეგიონარად არ ითვლება) მიღება აღარ გამომდიოდა, "კლერმონისგან" ოფიციალური წინადადება მივიღე. ვიზის მიღებას და საბუთების მოწესრიგებას თითქმის ერთი წელი დასჭირდა, რის შემდეგაც გუნდს შევუერთდი და ორჯერ გავხდი ესპუარების ჩემპიონი".

2013/2014 წლების სეზონი ვიტომ პრო დე2-ის "ლიონში", განათხოვრების წესით გაატარა და დივიზიონის გამარჯვებული გახდა. ქართველმა მესამეხაზელმა ეს სეზონი მართლაც განსაკუთრებულად ჩაატარა და საუკეთესო მოგონებები აქვს, თუმცა ერთი წლის შემდეგ "კლერმონში" დაბრუნდა:

"ეს იყო გამორჩეული პერიოდი! გუნდში მენდობოდნენ, მქონდა თავისუფლება და აქ რაგბი და შესაძლებლობები სხვაგვარად აღმოვაჩინე. გუნდიც თამაშს თამაშზე იგებდა და კარგი ატმოსფერო იყო, საბოლოოდ კი, მიზანს მივაღწიეთ და პრო დე2-ის მოგებით ტოპ 14-ში ავედით. "ლიონს" ჩემი დატოვება სურდა, მაგრამ აქ წამოსვლამდე "კლერმონმა" ერთწლიანი კონტრაქტი გამიფორმა, წინასწარ დამიბევა და ამ მოთხოვნას წინ ვერავინ დაუდგებოდა. "კლერმონიდან" ყოველდღე მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, როდის დავბრუნდებოდი. ასეთ დროს ძალიან ძნელია გაუძლო ცდუნებას და მეც დიდი იმედებით დავბრუნდი. მსურდა საფრანგეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში დამემტკიცებინა ჩემი შესაძლებლობები, მქონდა დიდი ამბიციები, მით უმეტეს, რომ ამ გუნდში გავიზარდე, თუმცა მალევე ჯვარედინი იოგები გავიწყვიტე, ამ ოპერაციის შემდეგ კი, მორაგბე მოედანზე ისეთი ვეღარ ბრუნდება, როგორიც მანამდე იყო. სამწუხაროდ, ჩემი "კლერმონში" დაბრუნება ტრავმით დაიწყო და მას შემდეგ პირველი შეხვედრა ნაკრებში, 2015 წლის მსოფლიო თასის წინ ჩავატარე. ვფიქრობ, ბრიტანეთში კარგი თამაშები ჩავატარე, მაგრამ კლუბში ტრავმების გამო ბევრი გამიცდა და საბოლოოდ აქტიურ სპორტზე თავის დანებება მომიწია".

"კლუბში ნაკრებისთვის ვთამაშობდი და ნაკრებში – მთელი საქართველოსთვის!"

სპორტსმენობას თან დიდი ბედნიერება ახლავს – გეძლევა შანსი, რომ შენი ქვეყნის დროშის ქვეშ, სამშობლოსთვის ითამაშო. ამისათვის საკუთარ თავზე ბევრი უნდა იმუშაო, განვითარდე და დაიმსახურო ნაკრებში მოხვედრა, მერე კი, შეგიძლია ბედნიერი წუთებით დატკბე.

ვიტო კოლელიშვილს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ 2008-18 წლებში საქართველოს ნაკრების მაისურით 50 მატჩი ჩაეტარებინა, ორჯერ კი ქვეყანა მსოფლიო თასზე წარადგინა. ის ამბობს, რომ ნაკრებში ყოფნა განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული:

"მოედანზე ვეღარ ვიქნები, მაგრამ ნაკრებს ყოველთვის გვერდში დავუდგები. ამ ურთიერთობებს, ერთმანეთის პატივისცემას, ვერავინ წაგვართმევს და ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ესაა. ქართული რაგბისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის ერთიანობაა, რასაც მოედანზე თუ მიღმა, ერთად ყოფნით განვიცდით. მე რომ საფრანგეთში არ მეთამაშა, არ მექნებოდა იმის შესაძლებლობა, ქვეყნის ღირსება დამეცვა. ყოველი თამაშის წინ, ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით, ვამბობდით "მამაო ჩვენოს", მერე გავდიოდით მოედანზე და მიუხედავად შედეგისა, თამაშის შემდეგ კვლავ თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს, რადგან ვიცოდით, მოედანზე თავი არავის დაუზოგავს. მინდა ეს ერთიანობა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას. ამ ურთიერთობებით მთელი ცხოვრება ბედნიერი ვიქნები!".

"არ ვიცი, სხვაგან როგორაა, მაგრამ ქართველი მორაგბეები კლუბებში იმიტომ ვთამაშობთ, რომ განვვითარდეთ, ჩამოვყალიბდეთ პროფესიონალებად და ნაკრებთან ერთად წარმატებას მივაღწიოთ. მინდა, რომ ეს განწყობა არასდროს შენელდეს და როცა ამას დაემატება სხვა დანარჩენი, აუცილებლად ჩავეწერებით მოწინავე ნაკრებებს შორის".

"კლუბში ვარჯიში და წარმატებული პერიოდი ყოველთვის ასოცირდებოდა ნაკრებთან, ვფიქრობდი – "აი, ახლა მე წავალ ნაკრებში და ძალიან მაგრად ვითამაშებ, მთელ ქვეყანას გავახარებ". ჩემი ნაკრებისადმი სიყვარული სწორედ ამ ფორმით ჩამოყალიბდა და მგონია, რომ მოთამაშეთა უმრავლესობაც ასე ფიქრობს. სწორედ იმისთვის წამოვედი საფრანგეთში, რომ გავმხდარიყავი უკეთესი და გამოვდგომოდი ჩემს ნაკრებს, ჩემს ქვეყანას".

"ჩვენი თავშეყრა ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებთან იყო დაკავშირებული და ასე ვერთიანდებოდით ერთი მიზნისთვის – ვყოფილიყავით გამორჩეულები, ბედნიერება მოგვეტანა ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის. გულშემატკივრის სიხარული გვაძლევდა უნარს, რომ მეტი გაგვეკეთებინა და მე ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ამ პერიოდში შეიყვარა ხალხმა რაგბი. ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ დაიბადა და განსხვავებული ემოციები მაქვს".

კოლელიშვილის სანაკრებო დებიუტი 2008 წლის ბუქარესტის ერთა თასზე, იტალიის "ა" ნაკრებთან შედგა და ეს ემოცია ვიტოს განსაკუთრებით დაამახსოვრდა:

"წინა თამაში იმის გამო გამოვტოვე, რომ მაღალი სიცხე მქონდა. იტალიის "ა" ნაკრებთან მე და ბექა წიკლაური 15-20 წუთით შეცვლაზე შევედით. მე 18 წლის ვიყავი, "წიკო" 19-ის – ყველაზე პატარები ნაკრებში. დღევანდელი დღესავით მახსოვს, "წიკომ" ფეხით რომ ითამაშა, ერთი სული მქონდა, ბურთს დავწეოდი. საბედნიეროდ, მისი აღება მოვახერხე, წინ წავიწიე, შებოჭილმა "წიკოს" ბურთი ამოვუგდე და მან ლელო გაიტანა. ისეთი ბედნიერები ვიყავით… დასაწყისი განსაკუთრებული იყო" – იხსენებს კოლელიშვილი პირველ სანაკრები კეპს და სხვა გამორჩეულ შეხვედრებს:

"სხვანაირად გამორჩეული იყო 2015 წლის მსოფლიო თასზე ტონგასთან გამარჯვება. ეს იყო ოთხწლიანი გეგმის დაგვირგვინება. ბიჭებს ერთიანობის განსაკუთრებული, ენითაუწერელი შეგრძნება გვქონდა. ალბათ, ასეთი ერთიანობის შეგრძნება ჰქონდათ დიდგორის ბრძოლის გმირებს. მახსენდება უელსთან მატჩი "მილენიუმზე" (6:13), რა თქმა უნდა, ახალ ზელანდიასთან თამაში, სადაც შეცვლაზე შევედი. ასევე, ჩემი ბოლო სანაკრებო თამაში იაპონიასთან (2018 წელს). ეს იყო დიდი იმედგაცრუება და თითქოს მაშინვე ვგრძნობდი, ნაკრებში მეტჯერ ვეღარ ვითამაშებდი".

"დინამოზე" თამაშს არაფერი შეედრება"

სად არ უთამაშია ვიტო კოლელიშვილს, მაგრამ ყველაზე დიდ სიამოვნებას ის ქართველი ქომაგის წინაშე თამაშისას იღებდა, განსაკუთრებით, "დინამო არენაზე". 30 წლის ვეტერანი "ბორჯღალოსანი" ამბობს, რომ ამის მიზეზი ქართველი გულშემატკივრის განსაკუთრებულობაა:

"ქართველი გულშემატკივარი სხვანაირად ემოციურია და ამას მოედანზე ყოველთვის ვგრძნობდით, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც თამაშისას რთული ეპიზოდი გვქონდა. შეიძლება მთელი 80 წუთის განმავლობაში არაფერი გესმოდეს, მაგრამ ერთი შეძახილი მოგესმას – "მიდით, ბიჭებო", "სა-ქარ-თვე-ლო" და ამან ყველაფერი შეცვალოს. ყოფილა შემთხვევები, მოედნიდან დამარცხებულები გამოვსულვართ, მაგრამ გულშემატკივარი გრძნობს, რომ ბოლომდე გულით დაიხარჯე და მაინც ტაშს გიკრავს, მადლობას გიხდის. ეს გულშემატკივრის განსაკუთრებული თვისებაა".

"მათ იმდენად გაიაზრეს რაგბის უნარ-ჩვევები, რომ ნებისმიერ სიტუაციაში მხარში გვიდგანან. ყოველთვის გამორჩეულია "დინამო არენაზე" თამაში. სად არ მითამაშია – "მილენიუმზე", "სტად დე ფრანსეზე", მაგრამ აქ ტრიბუნებიდან სულ სხვა ემოცია მოდის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თამაშს დიდი დატვირთვა აქვს. ეს რომ მახსენდება, ყველაფერი მავიწყდება და ამიტომაც იყო რთული რაგბიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღება. ვერასდროს აღვწერ სიტყვებით, რა განცდაა ამ დროს მოედანზე ყოფნა და ამ ემოციისთვის, სიყვარულისთვის, მუდამ გულშემატკივრის მადლიერი ვიქნები".

"არ დანებდე და აუცილებლად გამოგივა!"

ვიტოს არ ავიწყდება, რომ როგორც მორაგბეს, საფრანგეთში გატარებულმა წლებმა ძალიან ბევრი მისცა (და ახლაც აძლევს, როგორც უკვე დამწყებ მწვრთნელს):

"იმაში, რასაც მივაღწიე, საფრანგეთს დიდი როლი აქვს. აქ განვვითარდი, როგორც მორაგბე და მივიღე ის რესურსი, რასაც ნაკრებს ვახმარდი. სულ ვამბობ, რომ მხოლოდ მაშინ ვიქნებით კარგი მორაგბეები და შემდგარი ადამიანები, თუ საფრანგეთში ნასწავლს ჩვენს ქვეყანას მოვახმართ, გამოცდილებას ქართველებს გავუზიარებთ. მადლობა საფრანგეთს ყველაფრისთვის, რაც მომცა. აქ ქუჩაში ჯერ კიდევ მცნობენ, გულშემატკივარს კიდევ ვახსოვარ და ხშირად მაჩერებენ".

"ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, რომელიც ამ რთული პერიოდის თანამგზავრი იყო. მარტო ის ხედავს, რა გადავიტანე და როგორც ჩემთვის, ასევე მისთვის იყო რთული პერიოდი, საიდანაც მისი დახმარებით, ერთად გამოვედით".

"მადლობა ბავშვებს, რომლებისგან მუდამ განსაკუთრებული ემოცია მოდიოდა. მინდა ყველა დამწყებ მორაგბეს ვუთხრა, რომ ყველაფერი იწყება ოცნებით და ამ ოცნების ასრულება შესაძლებელია მონდომებით. არის მომენტები, როდესაც რაღაც არ გამოდის, მაგრამ არ უნდა დანებდე. ესაა გამოცდილება, რომლის მიღებით შემდგომში აუცილებლად ყველაფერი გამოგივათ".

წყარო: rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
აი ესე უნდა მოიქცეს რაგბისტი.რაგბიში რჩება და მწვრთნელი გახდება,დარწმუნებული ვარ წარმატებასაც მიაღწევს. კაჭარავასავით, ბინძურ პოლიტიკაში კი არ მიდის და ბიძოს მასხარა კი არ ხდება
ვახო
07:45 15-09-2020
2
ძალიან მაგარი ადამიანი ხარ ვიტო წარმატებები შენს ცხოვრებაში დარწმუნნებული ვარ სადაც იქნები იქიდან დაეხმარები ქართულ რაგბს და საქართველოს. გფარავდეს უფალი.
გურო
23:20 14-09-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული