რაგბი

ეროვნული ნაკრები

მაისაშვილმა "შემოდგომის ერთა თასისთვის" 35 მორაგბე შეარჩია

AutoSharing Option
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა „შემოდგომის ერთა თასისთვის“ მოსამზადებლად 35 მორაგბე შეარჩია. შოტლანდიასთან გამართული ტესტ-მატჩის შემდეგ, გაფართოებულ შემადგენლობას დაემატა 9 ნომერი მიხეილ ალანია, მგეზავი ლუკა მატკავა, მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე და უკანახაზელი მირიან მოდებაძე, რომელმაც ტრავმა მოიშუშა. მაისაშვილის თქმით:

„ამ ეტაპისთვის 35 მორაგბე შეირჩა, თუმცა არაა გამორიცხული, ტურნირის მსვლელობისას მოთამაშთა ჩანაცვლება მოხდეს, რისთვისაც რეზერვი შერჩეული გვყავს“.

„როგორც შეთანხმებული ვიყავით, ‘რვა ერისთვის’ მიხეილ ალანია შემოგვიერთდება, რომელმაც ‘ორიაკის’ შემადგენლობაში რამდენიმე თამაში ჩაატარა. ასევე დაგვემატა მიხეილ გაჩეჩილაძე და მირიან მოდებაძე, რომელმაც ტრავმა დაგეგმილზე გაცილებით
ადრე მოიშუშა. ის სანაკრებო შეკრებამდე ‘აიას’ შემადგენლობაში, ‘ჯიქის’ და ‘არესის’ წინააღმდეგ ლიმიტირებული დროით ითამაშებს. დავიმატეთ პერსპექტიული მოთამაშე ლუკა მატკავა, რომელიც კონკრეტულ პოზიციაზე სიღრმეებს გაზრდის“.

მოგვიანებით გუნდს შუერთდება მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე, რომელმაც ახლახანს ‘ბაიონთან’ 3-თვიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ინგლისთან მატჩს გამოტოვებს და ბორჯღალოსნებს 14 ნოემბრის შემდეგ დაემატება.

სათამაშო პრაქტიკის მისაღებად

ედინბურგიდან შინ დაბრუნებულმა მორაგბეებმა რამდენიმე დღე დაისვენეს და დღეიდან შევარდენზე ვარჯიში განაახლეს. რადგან რუსეთთან 1 ნოემბერს გასამართი მატჩი კიდევ ერთხელ გადაიდო, სამწვრთნელო შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დიდი 10-ის კლუბების მორაგბეებმა შიდა ჩემპიონატში ითამაშონ, რათა სათამაშო პრაქტიკა მიიღონ.

პირველ და ორ ნოემბერს დიდი 10-ის გარდამავალ ტურნირში სამი გადადებული შეხვედრა გაიმართება, მომავალ კვირაში კი მთელი ტურია. ის მორაგბეები, რომელთაც თამაში უწევს, ოთხშაბათიდან კლუბებს შეუერთდებიან, დანარჩენები კი მზადებას ბაზაზე განაგრძობენ. საქართველოში მყოფი კანდიდატები მომავალ კვირას სრული შემადგენლობით შეიკრიბებიან და ინგლისში გაემგზავრებიან, სადაც მასპინძელთა ნაკრებს 14 ნოემბერს, „თვიქენჰემზე“ ერკინებიან.

„რეგულაციის თანახმად, ინგლისში ჩასულებს ოთხშაბათამდე კონტაქტური ვარჯიშები გვეკრძალება და მომავალი მატჩისთვის მოსამზადებლად ორი სრულფასოვანი ვარჯიში გვრჩება. გავაანალიზეთ განვლილი შეხვედრა და ვიცით რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ინგლისის ნაკრები შოტლანდიაზე გაცილებით ძლიერი მოწინააღმდეგეა, თუმცა ვფიქრობ, რომ გაცილებით უკეთ მომზადებულები ვიქნებით და უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ“.

სატურნირო რაზმი შემოდგომის ერთა თასისთვის

შერკინება
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (62 კეპი, 10 ქულა), გურამ გოგიჩაშვილი (15 კეპი, 5 ქულა), ლექსო ყაულაშვილი (1), შალვა მამუკაშვილი (75 კეპი, 50 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (59 კეპი, 20 ქულა), გიორგი ჭყოიძე (11 კეპი, 5 ქულა), გიორგი მელიქიძე (20 კეპი, 5 ქულა), ბექა გიგაშვილი (14 კეპი, 5 ქულა);

მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი (26 კეპი), გრიგორ ქერდიყოშვილი (2 კეპი, 5 ქულა), ლაშა ჯაიანი (2 კეპი), გიორგი ჯავახია (2 კეპი), კოტე მიქაუტაძე (64 კეპი, 10 ქულა);

მესამე ხაზი: მიხეილ გაჩეჩილაძე (10 კეპი, 10 ქულა), ბექა გორგაძე (28 კეპი, 40 ქულა), ბექა საღინაძე (13 კეპი, 5 ქულა), ოთარ გიორგაძე (26 კეპი, 25 ქულა), გიორგი თხილაიშვილი (58 კეპი, 60 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (1 კეპი);

ხაზი
9: ვასილ ლობჟანიძე (52 კეპი, 40 ქულა), გელა აფრასიძე (26 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია;

10: თედო აბჟანდაძე (16 კეპი, 104 ქულა), ლაშა ხმალაძე (83 კეპი, 53 ქულა), ლუკა მატკავა;

12-13: მერაბ შარიქაძე (67 კეპი, 62 ქულა), გიორგი კვესელაძე (25 კეპი, 20 ქულა), დემე თაფლაძე (3 კეპი, 5 ქულა), მირიან მოდებაძე (13 კეპი, 30 ქულა);

11-14: აკაკი ტაბუცაძე (3 კეპი, 30 ქულა), სანდრო თოდუა (86 კეპი, 70 ქულა), თამაზ მჭედლიძე (58 კეპი, 35 ქულა), სანდრო სვანიძე;

15: სოსო მათიაშვილი (28 კეპი, 152 ქულა), დავით ნინიაშვილი.

rugby.ge