"ბორჯღალოსნები" - 5 ცვლილებით უელსთან

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა "შემოდგომის ერთა თასის" მეორე მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობის ხუთი მორაგბე შეცვალა.

"რვა ერის" მეორე რაუნდში საქართველო 21 ნოემბერს, საქართველოს დროით 21:15 საათზე ჰლანეჰლიში, "პარკ ი სკარლეთსზე" უელსს ეთამაშება.

პირველ რაუნდში "ბორჯღალოსნები" "თვიქენჰემზე" "ექვსი ერის" მოქმედ ჩემპიონსა და მსოფლიო თასის ფინალისტ ინგლისს ეთამაშა (0:40), უელსი კი ირლანდიას დუბლინში ეწვია და 9:32 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ "დრაკონებისთვის" ეს მიჯრით მეექვსე მარცხია და ჩვენთან თამაშს განსაკუთრებული მოტივაციით ხვდებიან.

ორი ცვლილება ხაზში

მაისაშვილმა ხაზში ორი გამოცდილი მორაგბე დააბრუნა. 9 ნომრის პოზიციაზე
თამაშს იწყებს ვასილ ლობჟანიძე, რომელიც მგეზავ თედო აბჟანდაძეს შეუწყვილდება. 2018 წლიდან დღემდე, აბჟანდაძეს 17 თამაში აქვს ჩატარებული, აქედან 16 სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 12 შემთხვევაში 9 ნომერზე ლობჟანიძე ჰყავდა.

ცენტრში, ინგლისთან მატჩის მსგავსად, თამაშს მერაბ შარიქაძე და გიორგი კვესელაძე იწყებენ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მორაგბეს საკმარისი რაოდენობის კეპები აქვს, ეს მორაგბეები ცენტრში სულ მესამედ შეწყვილდებიან.

ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა აკაკი ტაბუცაძემ, მეორე ფრთაზე კი სანდრო სვანიძის ნაცვლად სანდრო თოდუა ბრუნდება. ფულბეკის პოზიციაზე თამაშს კვლავ ლაშა ხმალაძე იწყებს.

ხაზის მოთამაშეების კეპების ჯამი 339-ია და მათგან მხოლოდ ერთს აქვს 10-ზე ნაკლები და კიდევ ერთს 20-ზე ნაკლები კეპი.

სამი ცვლილება შერკინებაში

სამი ცვლილებაა შერკინების ხაზში, სადაც კვაჭის პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში ჯაბა ბრეგვაძე ბრუნდება, ბურჯები კი კვლავ მიხეილ ნარიაშვილი და ბექა გიგაშვილი იქნებიან. სამივე მორაგბეს საერთაშორისო თამაშების დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა ეს სამეული ერთად სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ მეორედაა.

ერთი ცვლილებაა მეორე ხაზში, სადაც გამოცდილი კოტე მიქაუტაძე ბრუნდება და ის გრიგორ ქერდიყოშვილს პირველად შეუწყვილდება.

მესამე ხაზში შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ დაბრუნდა ოთარ გიორგაძე, რომელიც თამაშს ფლანკერად იწყებს. მეორე ფლანკერი კვლავ ბექა საღინაძეა, ხოლო შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ შერკინებაში რვა მოთამაშეა, მათი კეპების ჯამი ხაზის მოთამაშეების ანალოგიურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება და 275-ს შეადგენს.

მარქაფა
პირველ ხაზში თამაშში მარქაფიდან ჩაერთვებიან გურამ გოგიჩაშვილი და ლექსო ყაულაშვილი, რომლებიც ინგლისთანაც შეცვლაზე შევიდნენ; ხოლო კვაჭის პოზიციაზე გიორგი ჭყოიძეს ვიხილავთ, რომელსაც შოტლანდიასთან და ინგლისთან არ უთამაშია.

მიქაუტაძის დაბრუნების შემდეგ მარქაფაში გადაინაცვლა ლაშა ჯაიანმა. შეცვლაზეა გიორგი თხილაიშვილიც, რომელიც ინგლისთან სასტარტო 15-ში იყო.

ხაზში შეცვლაზე არიან ახალგაზრდა დემურ თაფლაძე და გამოცდილი თამაზ მჭედლიძე, ხოლო 9 ნომრის პოზიციაზე გელა აფრასიძე შევა.

უკეთ მომზადებული

"თვიქენჰემზე" მატჩის შემდეგ "ბორჯღალოსნები" რამდენიმე დღით ინგლისში დარჩა და უელსში დღეს გაემგზავრა. მაისაშვილის თქმით, გუნდმა ნაყოფიერად ივარჯიშა და მომდევნო მატჩს წინაზე უკეთ მომზადებული ხვდება:

"წინა მატჩის შემდეგ შემადგენლობაში ბევრი ცვლილება არ გვაქვს. მარქაფაში გვყავს მორაგბეები, რომლებმაც მეორე ტაიმში უნდა გაგვაძლიერონ. მიუხედავად იმისა, რომ უელსმა ბოლო ექვსი თამაში წააგო, ძლიერი გუნდია და მათგან ბევრ ხიფათს ველით. წინა მატჩებში შეჯგუფებებში პრობლემა გვქონდა, თუმცა ახლა გაცილებით უკეთ ვართ მომზადებულნი და ამ კომპონენტში მეტოქეს არაფერს დავუთმობთ".

შეტევის მწვრთნელი ნილ დოკი ასევე ამბობს, რომ უელსელთა წარუმატებელი სერია სათამაშო ტაქტიკის ცვლილების შედეგია, თუმცა "დრაკონები" ძლიერ მოწინააღმდეგედ რჩება:

"შესაძლოა, ასეთი შედეგები სათამაშო სქემის ცვლილებით იყოს განპირობებული. უელსს მსოფლიო თასის შემდეგ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და ხანდახან ახალ სქემაზე მორგებას, თავდაჯერებულობის მოპოვებას რამდენიმე თამაში სჭირდება. გარდა ამისა, ისინი მსოფლიო რეიტინგში მოწინავე პოზიციებზე მყოფ გუნდებს ეთამაშებოდნენ.

ჩვენთვის მთავარია, კარგად შევასრულოთ დავალებები. უნდა ვირწმუნოთ, რომ კარგი გუნდი ვართ და მოედანზე გადავიტანოთ ის, რასაც ვარჯიშზე ვასრულებთ. მოვახდინეთ იმ საფრთხეების იდენტიფიცირება, რასაც მეტოქისგან უნდა ველოდოთ. აუცილებელია შევინარჩუნოთ კონცენტრაცია და შევძლოთ წნეხის ქვეშ დავალებების შესრულება შეტევაში - სწრაფად მოხდეს სივრცეების აღმოჩენა და გადაწყობა".

დოკის თქმით, განვლილ პერიოდში დიდი დრო დაეთმო მორკინალებისა და ხაზის მოთამაშეების კომუნიკაციის გაუმჯობესებას:

"ყოველი ვარჯიშის შემდეგ იგრძნობა პროგრესი, რაც ნამდვილად კარგია. დავამუშავეთ სხვადასხვა ვარიანტი შეტევაში, ვიმუშავეთ დეტალებსა და მოთამაშეთა ცოდნის ამაღლებაზე, რაც მეტოქის დაცვის გასატეხად აუცილებელია. ყველაზე დიდი დრო მორკინალებსა და ხაზის მოთამაშეებს შორის კავშირს დაეთმო, რათა დაცული გვქონდეს ბალანსი ფაზური შეტევების დროს“.

შემოდგომის ერთა თასი. მეორე ტური
21 ნოემბერი. 21:15 საათი (საქ. დრო)
ჰლანეჰლი. "პარკ ი სკარლეთი"
უელსი – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (84 კეპი, 53 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (4 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (26 კეპი, 20 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (68 კეპი, 60 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (87 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (17 კეპი, 104 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (53 კეპი, 40 ქულა);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (63 კეპი, 10 ქულა), 2. ჯაბა ბრეგვაძე (60 კეპი, 15 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (15 კეპი, 5 ქულა), 4. გრიგორ ქერდიყოშვილი (3 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (64 კეპი, 10 ქულა), 6. ოთარ გიორგაძე (27 კეპი, 25 ქულა), 7. ბექა საღინაძე (14 კეპი, 5 ქულა), 8. ბექა გორგაძე (29 ქულა, 40 ქულა);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (11 კეპი, 5 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (16 კეპი, 5 ქულა), 18. ლექსო ყაულაშვილი (2 კეპი), 19. ლაშა ჯაიანი (3 კეპი), 20. გიორგი თხილაიშვილი (59 კეპი, 60 ქულა); 21. გელა აფრასიძე (27 კეპი, 24 ქულა), 22. დემურ თაფლაძე (3 კეპი, 5 ქულა), 23. თამაზ მჭედლიძე (58 კეპი, 35 ქულა).

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 15 /
უელსმა წინა თამაშთან შედარებით სუსტი შემადგენლობა დაასახელა, იმედია 15 ქულაზე მეტი სხვაობით არ წავაგებთ და 2 ლელოს დავუდებთ...
hasheem
21:42 19-11-2020
2
Მოლში გვაქ დიდი პრობლემები. Მაქედან გვიტანნენ სულ ლელოს. თუ გამოვასწორებთ შანსი გვაქ მოგების უელსთან.
ლომი
21:43 19-11-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული