ლევან მაისაშვილი: თამაშის მსვლელობა ანგარიშს არ ასახავს

AutoSharing Option
"რვა ერის" მეორე ტურში უელსთან 0:18 წაგების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა:

"საწყენია, რომ თამაშის მსვლელობა ანგარიშს არ ასახავს. შეგვეძლო შეტევაში უკეთ გვეთამაშა და ქულები აგვეღო, რასაც სამწუხაროდ ისევ ვერ ვახერხებთ. იმედგაცრუებული ვარ შერკინებაში ბევრი ჯარიმით.

დაცვის და შეტევის მოლი უკეთესი იყო, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მეტოქის ლელოდან 5 მეტრში დავკარგეთ ბურთი. მთლიანობაში უკეთესი შეტევები გვქონდა, მაგრამ ცუდ ამინდში ბურთი ცურავდა და გვქონდა ტექნიკური წუნი. შეიძლებოდა ჯარიმების გატანაც, მაგრამ ანგარიში 18:6 თუ იქნებოდა, ამით არაფერი შეიცვლებოდა. მორაგბეები თავდაჯერებულები
იყვნენ და ლელოზე თამაში არჩიეს, რასაც პრობლემად არ ვთვლი.

ინგლისი უელსზე უკეთესი გუნდია, თუმცა ჩვენ შეტევაშიც და დაცვაშიც ახლა უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე ერთი კვირის წინ. პრობლემად რჩება სტატიკური ფაზები, სადაც ბევრჯერ დავჯარიმდით და ბურთი დავკარგეთ. უკეთესობა გვაქვს თამაშის მართვაში, თუმცა ეს ჯერ კვლავ პრობლემად რჩება. ასეთი დონის მოწინააღმდეგესთან ბურთის და ტერიტორიის კონტროლი მნიშვნელოვანია, რაც პირველ ტაიმში ვერ მოვახერხეთ.

წინ გვაქვს ირლანდიასთან შეხვედრა, რომელიც ექვსი ერის გუნდებიდან ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა. მოსამზადებლად ერთი კვირა გვაქვს. ორშაბათამდე გვეცოდინება რა მდგომარეობაა ტრავმების მხრივ და მზადებაც ამის მიხედვით დაიგეგმება. ჩვენი მიზანია, კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ და მივიღოთ გამოცდილება".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 13 /
გასაიდუმლოებულია თუ რატომ არ ეპატიჟება მაისაშვილი ჟვანიას, ჩილაჩავას, ასეიშვილს და მსგავს გამოცდილ ბურჯებს. კომენტარებიდან ვიგებთ ჭორებს ამის შესახებ, რაც არანორმალურია. მაისაშვილო, კეთილი ინებე და საჯაროდ აგვიხსენი რატომ არ არიან ეს ბურჯები განაცხადშიც კი. დროა დასრულდეს ბუტიაობის სულელური ეპოქა. ამ დონის რაგბს მხოლოდ პროფესიონალი კაცები თამაშობენ.
გიორგი
16:43 22-11-2020
0
უბრალოდ, სირცხვილია ერთი ლელოს და თუნდაც ერთი ქულის გარეშე დავტოვოთ ეს ტურნირი, საქმე კი ნაღდად ამისკენ მიდის!!!!
გიორგი
11:55 22-11-2020
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული