"ბორჯღალოსნები" - ნოემბერში საფრანგეთი და ფიჯი გადაწყდა

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნები" ნოემბერში საფრანგეთთან სტუმრად და ფიჯისთან ნეიტრალურ მოედანზე ითამაშებს. მიმდინარეობს მოლაპარაკება კიდევ ერთი თამაშის საქართველოში გამართვასთან დაკავშირებით.

საქართველოში ერთ-ერთი მეტოქე, სავარაუდოდ, 6-7 ნოემბერს გვეწვევა; საფრანგეთს ბორდოში 14 ნოემბერს შევხვდებით, ფიჯის კი 20 ნოემბერს ვეთამაშებით.

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, "ბორჯღალოსნებმა" რაც შეიძლება ბევრი მაღალი დონის შეხვედრა გამართოს:

„ამ ეტაპზე გარკვეულია, რომ ნოემბერში მეორე თამაშს საფრანგეთთან, მესამეს კი ფიჯისთან გავმართავთ. პირველ შეხვედრაზე ჯერ კიდევ მიდის მუშაობა, მსოფლიო რაგბი რამდენიმე ვარიანტს ამუშავებს. საწყენია, რომ ფიჯის მასპინძლობა ვერ ხერხდება. მნიშვნელოვანი
იყო, მათთვის საქართველოში გვემასპინძლა, მაგრამ კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე, ბევრი რამ თავდაყირა დადგა. ჯერჯერობით უცნობია, სად შევხვდებით ფიჯის. ლოკაცია მოგვიანებით დაზუსტდება“.

„რაც შეეხება პირველ თამაშს, მეტოქის ვინაობას ჯერ ვერ დავასახელებთ. საუბარია ძლიერი სარაგბო გუნდის სტუმრობაზე, რომელი ქვეყნის მოქალაქეებსაც კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, საქართველოში შემოსვლის და გასვლის პრობლემა არ აქვთ. ზაფხულში ტიერ 1-ის ქვეყნის გუნდებთან ბევრი ტესტ-მატჩი გაგვიცდა და მნიშვნელოვანია, რომ ახლა რაც შეიძლება მეტი თამაში გავმართოთ“.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთს მსოფლიო თასს მიღმა პირველად ვეთამაშებით. 2007 წლის მსოფლიო თასზე „ლე ბლეს“ მარსელში შევხვდით და მასპინძლებმა 64:7 მოიგეს. 14 წლის შემდეგ საფრანგეთთან შეხვედრას ისტორიულს უწოდებს ხურციძე:

„საფრანგეთთან თამაშს ისტორიული დატვირთვა აქვს, რადგან მათ პირველად ვხვდებით მსოფლიო თასს მიღმა. გარდა ამისა, ნაკრების მოთამაშეების დიდი ნაწილი სწორედ საფრანგეთში თამაშობს და სასიხარულოა, რომ მიმდინარე სეზონში ყველა მათგანს სტაბილური სათამაშო დრო ეძლევა. ბოლო პერიოდმა დაგვანახა, რომ საფრანგეთის ნაკრები გაძლიერდა და მათთან შეხვედრა ამ კუთხითაც საინტერესოა“.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა, ბიჭებო, თქვენ იცით !:)))
ფეოლა
11:42 09-10-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული