რაგბი

ეროვნული ნაკრები

"საქართველოს დონემდე მისაღწევად შეუპოვარი შრომა მოგვიწევს" - რუსეთის ნაკრების მწვრთნელი

AutoSharing Option
27 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თბილისში რუსეთს უმასპინძლებს. მომავალი მატჩის წინ მეტოქე გუნდის სამხრეთაფრიკელმა მწვრთნელმა დიკ მიუირმა ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, რუმინეთთან და ესპანეთთან გასული შეხვედრები ძალიან განსხვავებული იყო. თუ ესპანეთთან თამაშზე ვილაპარაკებთ, შეტევების სათანადოდ დასრულება ვერ მოვახერხეთ, თუმცა მოგების შესაძლებლობა გვქონდა. ორივე მატჩიდან ბევრი გაკვეთილი მივიღეთ.

ჩემთვის მთავარი ამოცანაა ყოველ ტურში უკეთესი გავხდეთ. მესმის, ბევრი მოთამაშე იმედგაცრუებულია, რომ მსოფლიოს თასზე ვერ იასპარეზებენ, მაგრამ ეს პრობლემაა, რომელსაც უნდა შევეგუოთ. ვვითარდებით და ჩვენი მიზნებისკენ მივიწევთ. 

ახლა კარგი შემადგენლობა გვყავს. ზოგიერთ პოზიციაზე
კონკურენცია გამოჩნდა და ვფიქრობ, უახლოეს მატჩში ჩვენს განკარგულებაში საკმაოდ ბრძოლისუნარიანი შემადგენლობა იქნება. რამდენიმე მორაგბე სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შემოგვიერთდება, თუმცა მთლიანობაში ძალიან კმაყოფილი ვარ. მით უმეტეს, საშუალება მომეცემა საქმეში სხვა მოთამაშეები ვნახო. ამასთან, მგონია, შემადგენლობა უფრო მოძრავი და სწრაფი იქნება.
რა თქმა უნდა, საქართველო ბევრ ასპექტში უფრო ძლიერია, მათ შორის იმაში, რომ მათი მორაგბეები ევროპულ კლუბებში ასპარეზობენ. ჩვენ ჯერ კიდევ შეუპოვრად შრომა მოგვიწევს, რათა ასეთ დონეს მივაღწიოთ. მოგების შანსი ყოველთვის არსებობს, მაგრამ მე პირველ რიგში მუდმივ სრულყოფაზე და იმაზე ვფიქრობ, რომ სწორი მიმართულებით ვიმოძრაოთ", - განუცხადა მიუირმა რუსეთის რაგბის ფედერაციის საიტს.