ილია მაისურაძე: უელსთან შერკინებამ ერთ მექანიზმად იმუშავა

AutoSharing Option
19 ნოემბერს კარდიფში, „ფრინციფალითიზე“, უელსთან ისტორიულ გამარჯვებაში ქართულმა შერკინებამ უდიდესი როლი ითამაშა.

2017 წელს, როდესაც ქართული შერკინების სიძლიერის შესახებ მთელი მსოფლიო საუბრობდა, უელსმა მატჩის მიწურულს დანიშნულ 5-მეტრიან შერკინებაში ხრიკს მიმართა და "ბორჯღალოსნებს" საჯარიმო ლელოზე თამაშის შესაძლებლობა არ მისცა, რის შედეგადაც „დრაკონებმა“ 7 ქულით, 13:6 მოიგო.

5 წლის თავზე, შერკინების წესებში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, "ბორჯღალოსნების" შერკინება თითქოს ისე მრისხანედ აღარ გამოიყურებოდა, მაგრამ კარდიფში, დასკვნით 5 წუთში მან სრულად დაიბრუნა ძველი დიდება, უელსი მისსავე შერკინებაში ორჯერ დააჯარიმა და პირველს ლუკა მატკავას მიერ
42 მეტრიდან გატანილი ჯარიმა მოჰყვა, რომელმაც ანგარიშში დაწინაურების შესაძლებლობა მოგვცა, ხოლო მეორით მეტოქეს ბურთი ჩამოვართვით და ისტორიული გამარჯვება დავიბევეთ.

ამრიგად, რომ არა შერკინების ბრწყინვალე გარჯა, შესაძლოა 19 ნოემბერი ტკბილ-ცხარე მოგონებად დარჩენილიყო. თამაშად, სადაც გვქონდა შანსი, ასე კი ქართული რაგბის ისტორიის ახალი ფურცელი დაიწერა და ის კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდა.

და რას ფიქრობს "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი ილია მაისურაძე?

„ის იყო უმნიშვნელოვანესი გამარჯვება არა მხოლოდ ნაკრებისთვის, არამედ ქვეყნისთვის, გულშემატკივრისთვის და მთლიანად ქართული რაგბისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს გამარჯვება მთელ ქართულ რაგბის დამატებით მუხტს და სტიმულს მისცემს, ახალ სიმაღლეზე აგვიყვანს. ჯერ კიდევ ზაფხულში, იტალიასთან გამარჯვებამ როგორც ბიჭებს, ასევე სამწვრთნელო შტაბს უდიდესი თავდაჯერებულობა მოგვცა. ეს დინამიკა „ფრინციფალითიზე“ გაგრძელდა და რა თქმა უნდა, ჩვენი თავდაჯერებულობა კიდევ უფრო გაიზარდა. გახარებული ვართ, მაგრამ არ უნდა გავჩერდეთ და წინ უნდა ვიაროთ. სწორი დაგეგმვით, პროფესიონალიზმით, თავდადებით, შრომით და ცოდნით, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ“.

Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ ნოემბრის ტესტ-მატჩები "ბორჯღალოსნებმა" სანაკრებო დონეზე გამოუცდელი მარჯვენა ბურჯებით ჩაატარა – გურამ პაპიძეს სულ 2 კეპი ჰქონდა, ვახტანგ აბდალაძე და სანდრო ქუნთელია კი დებიუტანტები იყვნენ.

„შერკინების შეთამაშებას დრო სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამდენი ცვლილებაა. ასეთი თამაშების დროს შერკინებას მოსამზადებლად ყველაზე მცირე დრო ეთმობა. მსოფლიო თასის წინ შერკინების უნარებზე სამუშაოდ უფრო მეტი დრო გვექნება და შედეგიც უკეთესი იქნება. რაც შეეხება განვლილ თამაშებს, გარკვეულ ტექნიკურ დეტალებს მეტი ყურადღება მივაქციეთ და მექანიზმი სინქრონიზაციაში მოვიყვანეთ, 8-ვე მოთამაშემ ერთი მთლიანივით იმოქმედა და ამან საჭირო დროს იმუშავა“.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეტოქე გუნდშიც მაგარი ბიჭები თამაშობენ და ცდილობენ ხელი შეგიშალონ. პირველი ხაზი ორივე მხრიდან ზეწოლას განიცდის და მთავარია, პირველი ვინ დანებდება. უელსთან პირველ ტაიმში ვერ მოვახერხეთ ის, რაც გვსურდა, თუმცა ჩვენმა შეცვლებმა უელსისას ყველაფერში აჯობა“ – ამბობს მაისურაძე.

აღსანიშნავია, რომ უელსთან მატჩის მეორე ტაიმში მარჯვენა ბურჯად შეცვლაზე 20 წლის ალექსანდრე ქუნთელია შევიდა, რომელსაც სანაკრებო დებიუტი ერთი კვირით ადრე, სამოასთან ჰქონდა:

„მას არ ჰქონდა ამ დონის თამაშების გამოცდილება და ეს ერთგვარი რისკი იყო, თუმცა მან გაამართლა. ქუნთელიას ისეთი ფიზიკური მონაცემები აქვს, ასეთ პროგრესს თუ გააგრძელებს, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა ბურჯი გახდება. ალექსანდრე მონდომებულია და ძალიან ბევრ ვარჯიშობს, არასდროს ნებდება. ვახტანგ აბდალაძე უდიდესი პროფესიონალია და ძალიან კარგია დინამიკაში, ღია თამაშში, დაცვასა თუ შეტევაში. ის ირლანდიაში ძალიან მაგარ კლუბში გაიზარდა, თუმცა სანაკრებო დონისთვის ორივე მათგანს ძალიან ბევრი მუშაობა მოუწევს“.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ისტორიულ გამარჯვებას...
ნამდვილად, გადამწყვეტი როლი შერკინებამ ითამაშა... მატჩის ბოლოსკენ 3-ჯერ დავაჯარიმეთ... კი ბატონო, დახვეწეთ დინამიკა, მაგრამ არა სტატიკას ხარჯზე... დიდი, მადლობა ილიას სწორი ანალიზისთვის..
გიორგი 50
15:30 03-12-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული