რაგბი

ეროვნული ნაკრები

რაგბი ევროპა | მე-100 გამარჯვებისთვის ფინალში პორტუგალიასთან!

AutoSharing Option
პირველად რაგბი ევროპის ჩემპიონატის (და მისი წინამორბედი ევროპის ერთა თასის) 23-წლიან ისტორიაში, გამარჯვებულის გამოსავლენად ფინალური შეხვედრა გაიმართება. 19 მარტს, პორტუგალიის საზღვართან მდებარე ესპანურ ქალაქ ბადახოსში "ბორჯღალოსნები" პორტუგალიას ერკინებიან.

თამაში საქართველოს დროით 23 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში "ბორჯღალოსნები" მე-15-ედ შემართავენ თასს. სიმბოლურია, რომ საქართველოს ტურნირზე აქამდე ჩატარებული 117 თამაშიდან 99 აქვს მოგებული და ფინალში გამარჯვება სანიშანსვეტო, მე-100-ე იქნება(!), რაც კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ რაგბი ევროპაში ჩვენს გუნდს ბადალი არ ჰყავს.

"ბორჯღალოსნების" ინდივიდუალურ მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, ჩემპიონის ტიტული ყველაზე
მეტჯერ – 12-ჯერ სანდრო თოდუას აქვს მოპოვებული, 11-11-ჯერ ლაშა ხმალაძეს, შალვა მამუკაშვილს და დავით კაჭარავას, ხოლო 10-10-ჯერ თასი მერაბ შარიქაძემ, ლაშა მალაღურაძემ და შალვა სუთიაშვილმა შემართეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და რუმინეთის საჩემპიონო დავაში, სხვა გუნდი ერთადერთხელ ჩაერია და ის სწორედ პორტუგალია იყო, რომელმაც თასი 2003-2004 წლების სეზონში მოიპოვა.

გზა ფინალამდე

პირველად ტურნირის ისტორიაში, წელს მონაწილე გუნდების რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. ისინი ორ ჯგუფად გაიყვნენ, რის შემდეგაც ორ-ორი მოწინავე თასის ნახევარფინალში გავიდა, დანარჩენები კი მე-5-მე-8 ადგილებისთვის აგრძელებენ ბრძოლას.

"ბორჯღალოსნებმა" ჯგუფურ ეტაპზე სამივე მეტოქე ბონუსით და დიდი უპირატესობით დაამარცხეს – გერმანია 75:12, ნიდერლანდები 40:8 და ესპანეთი 41:3, ხოლო ნახევარფინალში რუმინეთს 31:7 სძლიეს.

ჯგუფური ეტაპის სამივე თამაში ბონუსით მოიგო პორტუგალიამ – ბელგიასთან 54:17, პოლონეთთან 65:3 და რუმინეთთან 38:20. 4 მარტს ნახევარფინალში მათ ესპანეთი მიიღეს და 27:10 დაამარცხეს.

Sportall.Ge

ურთიერთშეხვედრები

საქართველოსა და პორტუგალიის ურთიერთშეხვედრები 24 მატჩს მოიცავს, საიდანაც 17 "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით დასრულდა, 3-ჯერ ფრე დაფიქსირდა, 4-ჯერ კი წარმატებას მეტოქემ მიაღწია.

პორტუგალიამ გამარჯვება მოიპოვა პირველ დაპირისპირებაში, რომელიც ფირა-ს ეგიდით(რაგბი ევროპის წინამორბედი) 1997 წელს ლისაბონში შედგა – 21:17. 2000-2002 წლებში, შინ თუ გარეთ გამარჯვებული საქართველო იყო, რასაც მეტოქის ასევე 3-მატჩიანი წამატებული სერია მოჰყვა. 2005 წლის შემდეგ „ლობუშს“ (პორტუგალიის თიკუნი) საქართველოსთან არ მოუგია, თუმცა 2006, 2009 და 2022 წლებში ფრეს გამორჩა.

ამრიგად, საქართველოს მომავალ მეტოქესთან 17-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს. "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს გაუტანეს 72 ლელო და 585 ქულა თავად კი 24 ლელო და 347 ქულა მიიღეს.

ყველაზე დიდი სხვაობით „ლობუშს“ 2006 წელს მოვუგეთ – 40:0. მას შემდეგ სოლიდური სხვაობები დაფიქსირდა 2012 (32:7), 2014 (34:9) და 2016 წლებში (29:3). შარშან მათ ორჯერ ვეთამაშეთ და რაგბი ევროპის ჩემპიონატის გახსნით მატჩში 25:25 დაფიქსირდა, ზაფხულში კი ქუთაისში 23:14 დავამარცხეთ. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში საქართველოს ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოუწია თამაში – ზამთარში კოვიდ და ზაფხულში ენტერო ვირუსის გამო.

უნდა ითქვას, რომ „ლობუშს“ ბორჯღალოსნები წელსაც ორჯერ ერკინებიან. გუნდები 19 მარტს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში შეიბმებიან, 23 სექტემბერს კი საფრანგეთში, ტულუზში 2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე.

Sportall.Ge

გაფართოებული რაზმი

ნახევარფინალში რუმინეთთან გამარჯვების შემდეგ, გაფართოებულ რაზმში ცვლილებაა. ბარძაყის უკანა კუნთი დაიზიანა და ბადახოსში ვერ ითამაშებს "გლოსთერის" შუამარბი გიორგი კვესელაძე. ტრავმა მოიშუშა და პორტუგალიასთან გადამწყვეტი მატჩისთვის მოემზადება მესამეხაზელი ბექა გორგაძე.

„სამწუხაროდ, კვესელაძის ტრავმა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით. მას 8-იდან 12 კვირამდე გაუცდება და ფაქტობრივად სეზონი დაასრულა, რაც ძალიან სამწუხაროა. ახლა მთავარია რეაბილიტაციის პროცესი კარგად წარიმართოს, რათა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ პერიოდს მზადყოფნაში შეხვდეს. ტრავმირებული მოთამაშეთაგან დაგვიბრუნდა ბექა გორგაძე. მთლიანობაში, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე ფინალს ოპტიმალური შემადგენლობით ვხვდებით“.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2023
ფინალი. 19 მარტი. ბადახოსი (ესპანეთი). 23:00 საქ. დრო
ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა
შერკინება

ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 36 კეპი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 9 კეპი), სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე, 3 კეპი); ბექა გიგაშვილი (ტულონი, 33 კეპი, 15 ქულა), გურამ პაპიძე (პო, 8 კეპი, 5 ქულა), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, 2 კეპი, 5 ქულა);

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 96 კეპი, 55 ქულა), გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 29 კეპი, 30 ქულა), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი, 2 კეპი);

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 81 კეპი, 15 ქულა), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 45 კეპი, 5 ქულა), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 9 კეპი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 2 კეპი);

მესამე ხაზი: ოთარ გიორგაძე (მონტობანი, 39 კეპი, 50 ქულა), ბექა საღინაძე (ლიონი, 35 კეპი, 15 ქულა), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 28 კეპი, 30 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 21 კეპი, 25 ქულა), მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი, 19 კეპი, 20 ქულა), ბექა გორგაძე (პო, 39 კეპი, 55 ქულა);

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 74 კეპი, 73 ქულა), გელა აფრასიძე (მონპელიე, 44 კეპი, 27 ქულა), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი, 1 კეპი); თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 41 კეპი, 329 ქულა), ლუკა მატკავა (შავი ლომი, 6 კეპი, 36 ქულა);

ცენტრები: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 92 კეპი, 80 ქულა, კაპ.), დემე თაფლაძე (შავი ლომი, 24 კეპი, 5 ქულა), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 2 კეპი);

ფრთები: სანდრო თოდუა (შავი ლომი, 106 კეპი, 90 ქულა), აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 27 კეპი, 125 ქულა), ოთარ ლაშხი (შავი ლომი, 1 კეპი, 5 ქულა);

ფულბეკები: ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 95 კეპი, 53 ქულა), დავით ნინიაშვილი (ლიონი, 20 კეპი, 43 ქულა).

Rugby.ge