რაგბი

ლეგიონერები

აქვსენტი გიორგაძე საფრანგეთის ლიგის საუკეთესო მწვრთნელთა შორის დაასახელეს

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ორგანიზატორმა "რაგბის ნაციონალურმა ლიგამ" (LNR) გასული სეზონის ნომინაციებში გამარჯვებულები დაასახელა. სასიხარულოა, რომ საუკეთესო მწვრთნელთა შტაბად "ლა როშელის" სამწვრთნელო შტაბი დაასახელეს, რომლის ერთ-ერთი წევრიც საქართველოს ნაკრების შერკინების ყოფილი კვაჭი აქვსენტი გიორგაძეა.

ის ამ გუნდის შერკინების მწვრთნელია. მასთან ერთად შტაბში შედიან პატრის კოლაზო და ქსავიე გარბაჟოზა.

"ლა როშელმა" წინა სეზონი, ყველასთვის მოულოდნელად, ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და რეგულარულ გათამაშებაში პირველ ადგილზე გავიდა. პლეი-ოფში წარმატების მისაღწევად კი ლაროშელელებს გამოცდილება არ ეყოთ.

აქვსენტი გიორგაძე ქუთაისის "აიას" აღზრდილია. ჯერ საფრანგეთის მეორე დივიზიონში
"ტულონში" ირჯებოდა, მერე რამდენიმე წელიწადი იტალიურ "როვიგოში" გაატარა. მისი მომდევნო კლუბი საფრანგეთის ელიტური, პირველი დივიზიონის "კასტრი" იყო, სარაგბო კარიერა კი ფრანგული რაგბის გრანდში, "ტულუზში" დაასრულა.

ამის შემდეგ, აქვსენტი გიორგაძე 2012-15 წლებში საფრანგეთის ნაკრების შერკინების კვაჭების მწვრთნელი იყო. ამავე პერიოდში ის "ლა როშელის", "ტულუზისა" და "კოლომიეს" შერკინების კვაჭებს ავარჯიშებდა. 2015 წლიდან "ლა როშელის" სამწვრთნელო შტაბის სრულფასოვანი წევრი გახდა და დღემდე ამ გუნდის შერკინების მწვრთნელია.

აქვსენტი გიორგაძემ ეროვნულ ნაკრებში 64 კეპი მოიხვეჭა და 11 ლელო გაიტანა. მან "ბორჯღალოსნების" კვართით სამ მსოფლიოს თასზე იასპარეზა (2003, 2007, 2011).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"