რაგბის ლეგიონი: თამაზ მჭედლიძემ ლამაზი ლელოთი დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გასულ უქმეებზე საზღვარგარეთ მოთამაშე ქართველი მორაგბეების მონაწილეობით მატჩები გაიმართა.

"ბორჯღალოსანმა" თამაზ მჭედლიძემ ტოპ 14-ის 2018/2019 წლების სეზონის დაწყება ლამაზი ლელოთი აღნიშნა.

მისი და გიორგი თეთრაშვილის "აჟენი" დავით ზირაქაშვილის, ვიტო კოლელიშვილისა და ბექა კაკაბაძის "კლერმონს" ეწვია და ტაიმი 16:15 მოუგო, თუმცა საბოლოოდ 23:67 დამარცხდა.

მჭედლიძემ სრულად ითამაშა. 25-ე წუთზე თითქმის კარის წინ ბურთი მიიღო, ორ მბოჭავს გვერდი აუარა და სტუმართა პირველი ლელოთი სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა (10:12). "აჟენის" სასტარტო შემადგენლობაში იყო და 45 წუთი ითამაშა ბურჯმა თეთრაშვილმა, რომლის პირისპირ ზირაქაშვილი იდგა.
ვეტერანმა "ბორჯღალოსანმა" პირველი ტაიმი ითამაშა.

ქართველი ლეგიონერების გარეშე არ ჩატარებულა პირველი ტურის ცენტრალური შეხვედრები. მიხეილ ნარიაშვილის, კოტე მიქაუტაძის, ლევან ჩილაჩავასა და გელა აფრასიძის "მონპელიემ" "კასტრს" უმასპინძლა. გასული სეზონის ფინალურ მატჩში მარცხის გამო მასპინძლებს რევანში სურდათ, მაგრამ 31-ედან 51-ე წუთამდე 19 (3 ლელო და 2 გარდასახვა) უპასუხო ქულა გაუშვეს და საბოლოოდ 20:25 დამარცხდნენ. "მონპელიეს" რიგებში 52-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა მეორეხაზელმა მიქაუტაძემ.

თბილისური შეკრების შემდეგ "რასინგ 92"-მა ტოპ 14-ის პირველი მატჩი სტუმრად "ტულონთან" გამართა და მეტოქე 25:9 დაამარცხა, თანაც სამი უპასუხო ლელო გაიტანა და ბონუსიც ჩაიწერა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 24-ე წუთზე შესაცვლელი შეიქნა მამუკა გორგოძე, ხოლო პარიზელთა რიგებში 55-ე წუთიდან ითამაშა ვასილ კაკოვინმა.

"ბორდომ" "პო" მიიღო, ერთის წილ 4 ლელო გაუტანა და ბონუსით დაამარცხა - 41:19. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო გუნდის ახალწვეული ბურჯი ლექსო ყაულაშვილი, რომელიც 43-ე წუთზე სინბინით დაისაჯა და 10 წუთის გასვლის შემდეგ მოედანზე აღარ დაბრუნებულა. დასკვნით წუთებში შეცვლაზე ითამაშა კიდევ ერთმა ბურჯმა ლაშა ტაბიძემ.

ტოპ 14-ში დაბრუნებული "გრენობლი" "ლა როშელს" ეწვია და 21:28 დამარცხდა. სტუმართა შორის პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა ახალწვეულმა ბურჯმა დუდუ ქუბრიაშვილმა, რომელმაც მოედანზე 53 წუთი გაატარა.

ტურის დანარჩენ შეხვედრებში "სტად ფრანსემ" "პერპინიენი" სტუმრად 46:15 დაამარცხა, ხოლო "ლიონმა" და "ტულუზმა" გამარჯვებული ვერ გამოავლინეს - 16:16.

ლელო პირველ შეხებაზე
ინგლისის პრემიერშიფის ერთ-ერთ გრანდ "ვოსფსში" გადასულმა ბურჯმა ზურაბ ჟვანიამ ახალი გუნდის მაისურით პირველი შეხვედრა გამართა და ბურთთან პირველი შეხება ლელოთი აღნიშნა.

ბრიტანეთში ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა და "ბზიკებმა" წინასასეზონო მატჩი პრო 14-ის ირლანდიურ "ალსთერთან" გამართა. ქართველი ბურჯი შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა, 43-ე წუთზე, პირველსავე შერკინებაში მეტოქე დააჯარიმა, დერეფნიდან კი თავად შეუტია და ლელო გაიტანა. "ვოსფსმა" თამაში 31:14 მოიგო.

პრო დე 2
საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დე 2-ში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა და პირველი გამარჯვება მოიპოვა ქართველების "ბრივმა", რომელმაც "კოლომიე" მიიღო და 27:17 სძლია. მასპინძელთა განაცხადში იყო და მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა სოსო ბეკოშვილმა.

"ბიარიცი" "მონტობანს" ეწვია და გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა - ჯარიმა 73-ე წუთზე გაუშვა და 15:16. სტუმართა შორის 51-ე წუთზე შეცვლაზე გამოჩნდა ვახტანგ ახობაძე.

სტუმრად "ბეზიესთან" 26:37 დამარცხდა "მასი", რომლის რიგებში პირველიდან 62-ე წუთამდე ითამაშა ბურჯმა ილია კაიკაციშვილმა.

"კარკასონს" ეწვია და მხოლოდ ბონუსს დასჯერდა "ანგულემი" - 15:18. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო შალვა სუთიაშვილი, რომელიც 21-ე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა.

მეორე ტურის სხვა შეხვედრებში ქართველ ლეგიონერებს არ უთამაშიათ. "ორიაკი" "პროვანსთან" 18:48 დამარცხდა, "ნევერმა" "ბურგ-ან-ბრესს" 53:13 მოუგო, "ოიონამ" "ვანს" 30:29 სძლია, ხოლო "ბაიონისა" და "მონ დე მარსანის" შეხვედრა ფრედ, 28:28 დასრულდა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთადერთდი ხაზის მოთამაშე კაცია ვინც ტოპ 14 ში ძირითად შემადგენლობაში თამაშობს და მილტონი რატომ არ სწყალობს გასაოცარია პირდაპირ... იმედია შეიცვლება ეს უაზრო მიდგიმა და იტალასთან ძირითადში ვიხილავთ.
Jemali
28 აგვისტო 2018 12:55
1

სიახლეები პოპულარული