რაგბი

ლეგიონერები

რაგბის ლეგიონი: სამწუხარო ამბავი - კოტე მიქაუტაძემ ხელი მოიტეხა

AutoSharing Option
"ბორჯღალოსანთა" მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ საფრანგეთის ტოპ 14-ის მესამე ტურში ხელი მოიტეხა და ნოემბრის ტესტებს გამოტოვებს.

27 წლის მორაგბე "ბორდოსთან" სტუმრად გამართულ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა მე-2 წუთზე შესრულებული ბოჭვის შემდეგ ხელი დაიზიანა და შესაცვლელი შეიქნა.

რენტგენმა აჩვენა, რომ კოტემ ხელი მოიტეხა. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და რეაბილიტაციას 3 თვე დასჭირდება. შედეგად, მიქაუტაძე ნოემბრის ტესტ-მატჩებს გამოტოვებს და უკეთეს შემთხვევაში, მოედანს 2018 წლის მიწურულს დაუბრუნდება.

"მონპელიეს" ამ მატჩში ტრავმის გამო ორი ქართველი ბურჯი - მიხეილ ნარიაშვილი და ლევან ჩილაჩავაც დააკლდა. შეხვედრა
ფრედ - 9:9 დასრულდა. მასპინძელი "ბორდოს" შემადგენლობაში 55-ე წუთიდან ითამაშა ბურჯმა ლექსო ყაულაშვილმა.

მესამე ტურში სასიხარულო ამბავიც მოხდა - ახალგაზრდა გურამ გოგიჩაშვილს ტოპ 14-ში დებიუტი ჰქონდა და მისმა "რასინგმა" "აჟენს" ბონუსით, 59:7 აჯობა. პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში ვასილ კაკოვინი იყო, რომელიც გურამმა 53-ე წუთზე შეცვალა. სტუმართა შორის სრულად ითამაშა შუამარბმა თამაზ მჭედლიძემ, ხოლო გიორგი თეთრაშვილმა მოედანზე 48 წუთი გაატარა.

ლიდერთა ჯახში "კლერმონმა" "სტად ფრანსე" მიიღო და მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი აგემა - 42:20. მასპინძელთა შორის 59-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა დავით ზირაქაშვილმა. "კლერმონი" ერთადერთი გუნდია, რომელმაც ახალი სეზონის სტარტზე სამივე თამაში მოიგო.

ინგლისის პრემიერშიფში ზურაბ ჟვანიას "ვოსპსმა" "ექსეთერს" უმასპინძლა და 31:42 დამარცხდა. ქართველი ბურჯი თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო და ახალი გუნდის შემადგენლობაში მეორე ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.

საფრანგეთის პრო დე 2-ში მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა და "ანგულემისა" და "ორიაკის" მატჩში, შერკინების მეორე ხაზში ორმა ქართველმა ითამაშა. ტრადიციულად, "ანგულემის" სასტარტოში იყო შალვა სუთიაშვილი, რომელმაც 77-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. 4 ნომრის პოზიციაზე "ორიაკის" ძირითად შემადგენლობაში იყო ლაშა ლომიძე და მან მოედანზე 69 წუთი გაატარა. ის ახალი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში პირველად დააყენეს.

"ბიარიცმა" "ბურგ-ან-ბრესი" მიიღო და ბონუსით, 46:9 დაამარცხა. საკუთარი გუნდის გამარჯვებაში წვლილი ვახტანგ ახობაძესაც მიუძღვის, რომელიც შეცვლაზე 50-ე წუთზე შევიდა.

მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა "კოლომიეს" ბურჯმა ბექა შეყლაშვილმა. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 48 წუთი გაატარა. "კოლომიე" "კარკასონმა" მიიღო და მატჩის მიწურულს გატანილი ლელო-გარდასახვით 25:20 დაამარცხა. მასპინძელთა შორის 48-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა მირიან ბურდული, თუმცა 62-ზე შესაცვლელი შეიქნა.

"მასი" "ნევერს" ეწვია და 6:17 დამარცხდა. ილია კაიკაციშვილი სტუმართა 15-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ მე-14 წუთზე დაშავდა და შეცვალეს.

შეცვლაზე 24 წუთი ითამაშა "ვანის" ახალგაზრდა ბურჯმა ნიკა ნეფარიძემ. მისი გუნდი "პროვანსს" ეწვია და 23:38 დამარცხდა.

მეორე გამარჯვება იზეიმა "ბრივმა" - "ბეზიე" 27:6 დაამარცხა."ბრივის" ძირითადში იყო და მოედანზე 75 წუთი გაატარა მესამეხაზელმა ოთარ გიორგაძემ. თამაშში 37-ე წუთიდან ჩაერთო 21 წლის ბურჯი ლუკა გოგინავა.

პრო დე 2-ში ახლა ერთკვირიანი დასვენებაა და თამაშები 20 სექტემბრიდან განახლდება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით