რაგბი

ლეგიონერები

რაგბის ლეგიონი: ბექა გორგაძე ელიტურ რაგბის დაუბრუნდა

AutoSharing Option
© გოგიტა ბუხაიძე

"ბორჯღალოსანი" ბექა გორგაძე ერთწლიანი ტრავმის შემდეგ ელიტურ რაგბის დაუბრუნდა და თავისი ახალი გუნდის, ტოპ 14-ის "ბორდოს" მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

ხანგრძლივი ტრავმის მიუხედავად, ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესში მყოფ 22 წლის მესამეხაზელს "ბორდომ" კონტრაქტი გაუფორმა და ტოპ 14-ის მეოთხე ტურში, "აჟენთან" სტუმრად გასამართ მატჩში განაცხადში შეიყვანა.

ბექა თამაშში 31-ე წუთზე ჩაერთო და ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად 7 წუთი იბურთავა, 67-ე წუთზე კი სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა. "ბორდოს" მოლმა ბოლო წუთზე საჯარიმო ლელო გამოიმუშავა. თამაში "აჟენმა" 22:17 მოიგო და სტუმრებს
მცირედით მარცხისთვის ბონუსი შეხვდათ.

მატჩში მონაწილეობა კიდევ ორმა ქართველმა მიიღო. "ბორდოს" რიგებში პირველიდან 76-ე წუთამდე ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა, ხოლო "აჟენის" განაცხადში გიორგი თეთრაშვილი იყო და ის თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო.

მიმდინარე სეზონში "კლერმონის" რიგებში პირველად ითამაშა მესამეხაზელმა ვიტო კოლელიშვილმა. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 52 წუთი გაატარა.

"კლერმონი" სტუმრად "პოს" შეხვდა და 27:23 დაამარცხა. "ვულკანები" ერთადერთი გუნდია, რომელმაც ოთხივე თამაში მოიგო.

ტოპ 14-ში დებიუტი ჰქონდა "გრენობლის" ბურჯ ბექა გიგაშვილს. ის ამ გუნდში გასულ სეზონში, პრო დე 2-ში თამაშობდა და ტოპ 14-ის საგზური მოიპოვა, მეოთხე ტურში კი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 50 წუთი გაატარა. "გრენობლი" სტუმრად "კასტრს" შეხვდა და 13:29 დამარცხდა.

"რასინგ 92" "ტულუზს" ეწვია და 17:30 დამარცხდა. პარიზელთა შორის მოედანზე პირველივე წუთებიდან იყო ვასილ კაკოვინი, რომელიც 52-ე წუთზე გურამ გოგიჩაშვილმა შეცვალა. გოგიჩაშვილმა ტოპ 14-ში ზედიზედ მეორე თამაში ჩაატარა.

მეოთხე ტურის სხვა შეხვედრებში "ლიონმა" "მონპელიეს" 55:13 მოუგო, "სტად ფრანსემ" "ტულონს" 37:10 სძლია, ხოლო "ლა როშელმა" "პერპინიენს" ასევე 37:10 სძლია.

პრო 14-ის მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა "ბორჯღალოსნების" კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ. მისი "ოსფრეიზი" ირლანდიაში "მანსთერს" ეწვია და 13:49 დამარცხდა. ნემსაძემ მეორე ხაზში შეუცვლელად ითამაშა, მე-17 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და შესაბამისად, მოედანზე 70 წუთი გაატარა.

ინგლისის პრემიერშიფში ზურაბ ჟვანიას "უოსფსმა" "ლესთერს" უმასპინძლა და 41:35 სძლია. ქართველი ბურჯი თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო.

altბექა გორგაძე: ჩემი სული და გული ნაკრებთანაა

 

altრაგბის ლეგიონი: სამწუხარო ამბავი - კოტე მიქაუტაძემ ხელი მოიტეხა

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ