რაგბი

ლეგიონერები

წარმატებული ტური საფრანგეთში - ქართველმა მორაგბეებმა სამი ლელო დადეს

AutoSharing Option
საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონებში - ტოპ 14-სა და პრო დე2-ში მოთამაშე ქართველი მესამეხაზელებისთვის მე-7 ტური წარმატებული აღმოჩნდა: ბექა გორგაძემ, გიორგი ცუცქირიძემ და ოთარ გიორგაძემ ლელოები გაიტანეს.

გორგაძის "ბორდო" "გრენობლს" ეწვია და დაძაბულ ბრძოლაში 25:28 დამარცხდა. თამაშში ერთბაშად ხუთმა ქართველმა მიიღო მინაწილეობა. 22 წლის გორგაძე პირველად იყო ჟირონდელთა სასტარტო შემადგენლობაში და ეს ამბავი ლელოთი აღნიშნა. ის 48-ე წუთზე მოლში ჩაერთო, 5 მეტრის გავლის შემდეგ ბურთი დაამიწა და ტოპ 14-ში თავისი პირველი ლელო გაიტანა. ბექამ მოედანზე 73 წუთი გაატარა.

სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო
ბურჯი ლექსო ყაულაშვილი, რომელიც 55-ე წუთზე ლაშა ტაბიძემ შეცვალა და ტოპ 14-ში მეორე მატჩი ჩაატარა. მასპინძელთა შორის თამაში ძირითადში დაიწყო დუდუ ქუბრიაშვილმა და მოედანზე 64 წუთი გაატარა. 64-ე წუთიდან ითამაშა "გრენობლის" კიდევ ერთმა ქართველმა ბურჯმა ბექა გიგაშვილმა.

მე-7 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "მონპელიემ" "ტულონს" უმასპინძლა და 29:17 დაამარცხა. ტრავმების სიმრავლის გამო მოედანზე მხოლოდ მიხეილ ნარიაშვილი ვიხილეთ, რომელმაც მასპინძელთა შორის პირველიდან 65-ე წუთამდე ითამაშა.

მიმდინარე სეზონში მეორე მარცხი განიცადა "კლერმონმა", თუმცა სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს ინარჩუნებს. "ვულკანები" "ლა როშელს" ეწვივნენ და 12:16 დამარცხდნენ. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ორივე ქართველი იყო, თუმცა მესამეხაზელი ვიტო კოლელიშვილი დაშავდა და მე-18 წუთზე შესაცვლელი შეიქნა, ხოლო ბურჯმა დავით ზირაქაშვილმა 58 წუთი ითამაშა. ის 50-ე წუთზე შეცვალეს, მაგრამ ლონი უჰილას წითელი ბარათით გაძევების შემდეგ, 57-ედან და 65-ე წუთამდე მოედანზე დაბრუნება მოუწია.

პარიზულმა "რასინგმა" "ლიონს" უმასპინძლა და საკუთარ კედლებში მოულოდნელად, 13:19 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე 31 წუთი ითამაშა ბურჯმა გურამ გოგიჩაშვილმა.

"ტულუზთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში 0:10 დამარცხდა "აჟენი", რომლის შემადგენლობაში 62-ე წუთიდან ითამაშა გიორგი თეთრაშვილმა.

"სტად ფრანსე" "კასტრს" ეწვია და მასპინძლები 14:9 დაამარცხა. პარიზელთა განაცხადში იყო ბურჯი გიორგი მელიქიძე, თუმცა მას თამაში არ მოუწია.

პრო დე2-ის მე-7 ტურში "ორიაკმა" "მონტობანი" მიიღო და 28:15 დაამარცხა. სტუმართა შორის სრულად ითამაშა ფლანკერმა გიორგი ცუცქირიძემ, რომელიც მე-19 წუთზე თანაგუნდელს კარგად მიჰყვა, ხაზი გაჭრა და ლელო ძელებშუა გაიტანა. 21 წლის მორაგბისთვის ეს პირველი ლელოა ფრანგულ ელიტაში.

მიმდინარე სეზონში მეორე ლელო გაიტანა "ბრივის" მესამეხაზელმა ოთარ გიორგაძემ. მისმა გუნდმა "ანგულემი" მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ მე-12 წუთზე მგეზავი წითელი ბარათით დაკარგა, 31:18 იმარჯვა. ანგარიში მე-10 წუთზე გიორგაძემ გახსნა, რომელიც მარჯვენა ფრთიდან ჩაერთო შეტევაში და ბურთი რომ მიიღო, ორ მბოჭავს დაუსხლტა. გიორგაძე 50-ე წუთზე შეცვალეს და დასკვნით 7 წუთში მოედანზე დაბრუნდა. მასპინძელთა შორის 70-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს შალვა სუთიაშვილი, რომელმაც ფლანკერად ითამაშა, ხოლო ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი შეცვლაზე 53-ე წუთზე შევიდა. შეგახსენებთ, ხატიაშვილმა ზე რაგბის იაპონური ფრანჩიზი "სანვულვზი" დატოვა და პრო დე2-ში დაბრუნების შემდეგ, "ანგულემის" მაისურით პირველად ითამაშა.

"ოიონა" "ბეზიესთან" 19:24 დამარცხდა და ბონუსს დასჯერდა. სტუმართა შორის პირველიდან 58-ე წუთამდე ითამაშა ბურჯმა ირაკლი მირცხულავამ.

თორნიკე მატარაძისა და გურამ პაპიძეს "ნევერი" "ბაიონს" ეწვია, 21:26 დამარცხდა და ბონუსს დასჯერდა. ქართველი ბურჯები მარქაფაში იყვნენ და მატარაძე თამაშში 57-ე, ხოლო პაპიძე 63-ე წუთიდან ჩაერთო.

"ვანმა" "კოლომიე" მიიღო და მშრალად, 13:0 დაამარცხა. მასპინძელთა შორის შეცვლაზე 21 წუთი ითამაშა ნიკა ნეფარიძემ.

"კარკასონის" შემადგენლობაში ითამაშა მირიან ბურდულმა, რომელიც შეცვლაზე 48-ე წუთზე შევიდა და 74-ე წუთზე თავად გახდა შესაცვლელი. მისი გუნდი სტუმრად "პროვანსს" ეთამაშა და 25:28 დამარცხდა.

სტუმრად "მონ-დე-მარსანთან" 13:20 დამარცხდა "ბიარიცი", რომლის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55 წუთი ითამაშა ვახტანგ ახობაძემ.

ინგლისის პრემიერშიფის მე-6 ტურში "უოსფსმა" "გლოსთერი" მიიღო და 21:35 დამარცხდა. "ბზიკების" შემადგენლობაში 47-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ზურაბ ჟვანიამ და მალე მისმა გუნდმა ორი ლელო გაიტანა, რითაც სხვაობა 2 ქულამდე დავიდა, თუმცა დასკვნით 10 წუთში მეტოქემ ორი ლელო გაიტანა.

altქართველი მორაგბე ლეგიონერების ამბები: მიხეილ ნარიაშვილი დაბრუნდა

altრაგბის ლეგიონი: ბექა გორგაძე ელიტურ რაგბის დაუბრუნდა


მომზადებულია: rugby.ge-ს მიხედვით