რაგბი

ლეგიონერები

მერვე ქართველი ისტორიაში - "ბარბაროსებმა" ანტონ ფეიქრიშვილს უხმეს

AutoSharing Option
"კარდიფ ბლუზის" "ბორჯღალოსანი" ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი გახდება მერვე ქართველი მორაგბე, რომელიც ლეგენდარული ბრიტანული კლუბის, "ბარბაროსების" ღირსებას დაიცავს.

"ბარბაროსები" მე-19 საუკუნის მიწურულს დაარსებული კლუბია, რომელმაც პირველი თამაში 1890 წელს გამართა. მას შემდეგ ეს კლუბი პერიოდულად კრებს მსოფლიოს წამყვან მოთამაშეებს და წელიწადში ერთხელ ან ორჯერ თამაშობს. ის შავ-თეთრზოლიანი მაისურებით თამაშობს და მორაგბეები მოედანზე თავიანთი კლუბების გამაშებით გადიან.

სარაგბო ტრადიციების მიმდევარი, მუდამ ლაღად მობურთალი "ბარბაროსები" 2006 წელს საქართველოს ეწვივნენ და "მიხეილ მესხზე" "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ ითამაშეს. მატჩი სტუმრებმა 28:19 მოიგეს, ქართველი მორაგბეებით მოიხიბლნენ და
მაშინვე თქვეს, რომ მათ საკუთარ რიგებში აუცილებლად იხმობდნენ.

ქართველი ბარბაროსები
პირველი ქართველი, რომელმაც ამ კლუბის შავ-თეთრი მაისური მოირგო, დავით ქუბრიაშვილია. 2011 წლის 29 მაისს მან ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა, ხოლო 4 ივნისს უელსის ნაკრებსაც დაუპირისპირდა. იმავე წელს, მსოფლიო თასის შემდეგ, "ბარბაროსებში" დავით კაჭარავამ და გოდერძი შველიძემ იბურთავეს, ხოლო 2012-ში ამ კლუბში უკვე მამუკა გორგოძეს უხმეს, ვისაც ირლანდიასა და უელსთან მოუწია დაპირისპირება.

2013 წელს მსოფლიოს არაოფიციალურ ნაკრებში კვლავ ქუბრიაშვილსა და გორგოძეს უნდა ეთამაშათ, მაგრამ კლუბის შეკრებაზე მათი ჩასვლა ვერ მოხერხდა. 2014-ში, ზაფხულის ტესტებზე გამოძახებულთა შორის იყვნენ დავით ზირაქაშვილი და მამუკა გორგოძე. 1-ელ ივნისს ორივემ ითამაშა "თვიქენჰემზე", ინგლისის წინააღმდეგ. "ბარბაროსებმა" 39:29 მოიგეს და მათი ერთ-ერთი ლელო საკუთარ ანგარიშზე გორგოძემ ჩაიწერა. ეს ლელო ჯერჯერობით ერთადერთი ქართული ლელოა "ბარბაროსებში".

2014-ის შემოდგომის ტესტებისთვის "ბარბაროსებში" კვლავ დათო ზირაქაშვილს უხმეს და მასთან ერთად - მიხეილ ნარიაშვილსაც, მაგრამ პირველის კლუბს თამაშები ჰქონდა, მეორეს ხელი სავიზო პრობლემებმა შეუშალა და ისინი "ბარბაროსებში" ვერ მოხვდნენ. 2015 წელს რჩეულთა შორის კოტე მიქაუტაძე აღმოჩნდა, ვინც კლუბს ზაფხულის ტურნეში გაჰყვა.

2-წლიანი პაუზის შემდეგ "ბარბაროსების" მაისური მიხეილ ნარიაშვილმა მოირგო და ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.

ფეიქრიშვილიც ბარბაროსია
1-ელ დეკემბერს "ბარბაროსები" ლონდონში, "თვიქენჰემზე" არგენტინის ნაკრებს ხვდებიან. შეხვედრა საქართველოს დროით 18:30 საათზე დაიწყება და ბრიტანული კლუბის მაისურს ამჯერად 31 წლის ფეიქრიშვილი მოირგებს. ცნობილმა სამხრეთაფრიკელმა სპეციალისტმა რის ერესმუსმა ის მარქაფაში გაამწესა.

ანტონი 2007 წლიდან საფრანგეთში თამაშობს და"აჟენის", "კასტრის", "ბრივისა" და "ბეიონის" ღირსება დაუცავს, 2016 წლიდან კი პრო 14-ის უელსურ კლუბ "კარდიფს" შეუერთდა.

ფეიქრიშვილმა "ბორჯღალოსნების" კვართი პირველად 2008 წელს მოირგო და დღემდე ჩატარებულ 26 მატჩში 7 ლელო გაიტანა. 2015 წლის მსოფლიო თასზე მან მსოფლიოს ჩემპიონის, "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ ითამაშა.

altანტონ ფეიქრიშვილი ექვს ერზე: იქნებ ჩვენ მზად არ ვართ


მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით