რაგბი

ლეგიონერები

ქართველმა ლეგიონერებმა საფრანგეთში სამი ლელო დადეს [VIDEO]

AutoSharing Option
გასულ კვირაში საფრანგეთის ელიტურ დივიზიონებში გამართულ მატჩებში სამი ქართული ლელო გავიდა. ვასილ კაკოვინმა თავი ტოპ 14-ში, ხოლო გიორგი ცუცქირიძემ და ილია კაიკაციშვილმა პრო დე2-ში გამოიჩინეს.

ტოპ 14-ის მე-20 ტურში "რასინგ 92"-მა "ბორდოს" უმასპინძლა და ბონუსით, 45:27 დაამარცხა. ორივე გუნდის შემადგენლობაში ორ-ორმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა. ვასილ კაკოვინი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე გუნდის მეოთხე ლელო გაიტანა. ის ლელოს გატანის შემდეგ გურამ გოგიჩაშვილმა შეცვალა. მანამდე გოგიჩაშვილს 10 წუთით მოუწია თამაშში ჩართვა, მაშინ, როდესაც კაკოვინი ლაშა ტაბიძესთან ერთად გაასინბინეს (37-ე წუთზე).
ტაბიძემ 68-ე წუთამდე ითამაშა. სტუმართა შორის შეუცვლელად ითამაშა ბექა გორგაძემ, ოღონდ ტაბიძის სინბინის შემდეგ მოედანი 10 წუთით დატოვა. ამ მოგებით "რასინგ 92" მე-4 ადგილამდე აღზევდა (56 ქულა), "ბორდო" კი მე-6 ადგილზე (52) დაეშვა.

"ტულონი" "ლიონს" ეწვია და 33:42 დამარცხდა. სტუმართა შორის პირველიდან 51-ე წუთამდე ითამაშა მამუკა გორგოძემ.

"სტად ფრანსემ" "კასტრი" მიიღო, ერთის წილ ოთხი ლელო გაუტანა და ბონუსით, 32:16 იმარჯვა. პარიზელთა რიგებში გიორგი მელიქიძემ ითამაშა. ის შეცვლაზე 59-ედან 66-ე წუთამდე შევიდა, 71-ე წუთზე კი კვლავ მოედანზე დაბრუნდა.

"მონპელიე" "პოს" ეწვია, 25 წუთში სამი ლელო გაიტანა და 24:15 იმარჯვა. სტუმართა ძირითადში იყო ბურჯი ლევან ჩილაჩავა და მან მოედანზე 58 წუთი გაატარა.

სტუმრად მოიგო "კლერმონმაც". რომელიც "აჟენს" ეწვია - 28:13. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი თეთრაშვილი იყო და ის 29-ე წუთზე შესაცვლელი შეიქნა, თუმცა 74-ეზე მოედანს დაუბრუნდა. თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო სტუმართა ბურჯი ბექა კაკაბაძე.

"გრენობლი" სტუმრად "პერპინიანს" ეთამაშა და 16:22 დამარცხდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა ბურჯმა ბექა გიგაშვილმა.

ცუცქირიძე ფრთაზე კლუბშიც გაიქცა
პრო დე2-ის 25-ე ტურში ლელო გაიტანა ნაკრებიდან კლუბში მიბრუნებულმა გიორგი ცუცქირიძემ. მისმა "ორიაკმა" "პროვანსი" მიიღო და 36:10 დაამარცხა. ცუცქირიძე თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო, 75-ეზე მარცხენა ფრთაზე გრძელი გადაცემა მიიღო და ლელოში შესრიალდა. სტუმართა მარქაფაში იყო და შეცვლაზე მე-60 წუთზე შევიდა კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი.

ლელო გაიტანა ილია კაიკაციშვილმაც, თუმცა მისი "მასი" სტუმრად "ოიონასთან" 10:45 დამარცხდა. ის თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო და ლელო 73-ეზე გაიტანა.

უშუალო კონკურენტთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ქართველების "ბრივმა" და თანაც, ეს სტუმრად მოახერხა. მან "ნევერს" 31:28 სძლია, 73 ქულით მესამე ადგილზეა და ტოპ 14-ში დასაბრუნებლად იბრძვის. გამარჯვებულთა შორის 63-ე წუთიდან ითამაშა ოთარ გიორგაძემ, ხოლო ვასილ ლობჟანიძე მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა. მასპინძელთა რიგებში 45-ე წუთიდან გამოჩნდა თორნიკე მატარაძე.

"ანგულემი" "მონტობანს" ეწვია და 10:31 დამარცხდა. სტუმართა ძირითადში იყო და კვაჭად 62 წუთი ითამაშა გიორგი ნეფარიძემ. მე-16 წუთზე შევიდა შეცვლაზე და 66-ე წუთზე შეცვალეს ზაურ თევდორაშვილი.

"კარკასონმა" "მონ-დე-მარსანს" უმასპინძლა და 11:9 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის 63-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა მირიან ბურდული.

"ბეიონმა" "კოლომიე" მიიღო და 29:12 დაამარცხა. სტუმართა რიგებში დასკვნითი 20 წუთი ითამაშა ბექა შეყლაშვილმა.

ინგლისში ორმა ითამაშა
ინგლისის პრემიერშიფის მე-17 ტურში "უოსფსი" "გლოსთერს" ეწვია და 14:27 დამარცხდა. ზურაბ ჟვანია სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 63 წუთი გაატარა.

მეორე ლიგაში "დონკასტერი" "ლონდონ აირიშს" ეწვია და 12:49 დამარცხდა. სტუმართა განაცხადში იყო და თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო ლაშა ლომიძე.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით