რაგბი

ლეგიონერები

რაგბის ლეგიონი: ქართველების "ბრივი" ტოპ 14-ში დაბრუნდა!

AutoSharing Option
ფოტო: cabrive

ქართველების "ბრივმა" ტოპ 14-ის საგზურისთვის ბრძოლაში "გრენობლს" 28:22 სძლია და ერთწლიანი შესვენების შემდეგ ელიტაში დაბრუნდა.

კარლენ ასეიშვილის, ვასილ ლობჟანიძის, ოთარ გიორგაძის, სოსო ბეკოშვილის, ლუკა გოგინავასა და ლუკა ჯაფარიძის გუნდმა პრო დე2-ის რეგულარული გათამაშება მოიგო.

პლეი-ოფში "ბრივი" "ბეიონს" მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 19:15 ამარცხებდა, მაგრამ ორი ჯარიმა გაუშვა, მეორე გაწითლებულ დროზე და 19:21 დამარცხდა.

შედეგად, "ბრივს" ტოპ 14-ის მე-13 ადგილოსანთან, დავით ქუბრიაშვილის, ბექა გიგაშვილის, ვაჟა კაპანაძისა და ნიკა ღვალაძის "გრენობლთან" მოუწია თამაში, 28:22 დაამარცხა და ელიტა1-ში მაინც დაბრუნდა.

საკუთარი გუნდის წარმატებაში ქართველებმა უდიდესი როლი ითამაშეს. სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ კახა ასეიშვილი და ვასილ ლობჟანიძე, რომლებმაც 63-ე წუთამდე ითამაშეს. თამაშში 30-ე წუთიდან ჩაერთო სოსო ბეკოშვილი და მან 51-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა ოთარ გიორგაძე და 76-ეზე ლელო გაიტანა, რითაც ანგარიში 28:15 გახადა და საკუთარ გუნდს გამარჯვება დაუბევა.

ოთიამ წითელ ზოლში წარმოქმნილი რაქიდან შეუტია და ლელოს ხაზი თანაგუნდელთან ერთად გადაკვეთა. ეს მისი მერვე ლელო იყო მიმდინარე სეზონში, რითაც ქართველ ლეგიონერებს შორის რეკორდი დაამყარა. წინა რეკორდი ორ მორაგბეს ეკუთვნოდა. მამუკა გორგოძემ 2013/14 წლების სეზონში "მონპელიეს" მაისურით ტოპ 14-ში 5 და "ჰაინეკენის თასზე" (ახლანდელი ჩემპიონთა თასი) ორი ლელო გაიტანა, ხოლო თაზო მჭედლიძემ პრო დე2-ის 2016/17 წლების სეზონში "აჟენის" მაისურით 7, ხოლო ერთი წლით ადრე ტოპ 14-ში 6 ლელოს გატანა მოახერხა.

განვლილ შეხვედრაში "გრენობლის" სასტარტო შემადგენლობაში იყო და 42 წუთი ითამაშა დუდუ ქუბრიაშვილმა, ხოლო გიგაშვილი თამაშში 46-ე წუთიდან ჩაერთო და 51-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ტოპ 14-ში აღზევებულ "ბრივში" ახალი სეზონიდან კიდევ ერთი ქართველი მორაგბე, 20 წლის მგეზავი თედო აბჟანდაძე ითამაშებს, რომელმაც კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ტოპ 14-ში გაიმართა პლეი-ოფის პირველი ეტაპის შეხვედრები და ისინი ქართველი ლეგიონერების კლუბებისთვის ცუდად დასრულდა. "რასინგ 92"-მა "ლა როშელს" უმასპინძლა და 13:19 დამარცხდა. მასპინძელთა შორის პირველიდან 50-ე წუთამდე ითამაშა გურამ გოგიჩაშვილმა.

"მონპელიე" "ლიონს" ეწვია და 16:21 დამარცხდა. სტუმართა ძირითადში იყო ლევან ჩილაჩავა და მისი გუნდი შერკინებაში დომინირებდა, მაგრამ ეს უპირატესობა ვერ გამოიყენა. ქართველი ბურჯი 53-ე წუთზე შეცვალეს, დასკვნით 5 წუთში მოედანზე დააბრუნეს, მაგრამ ამან მატჩის შედეგი ვეღარ შეცვალა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით