რაგბი

ლეგიონერები

რაგბის ლეგიონი: ქართველი მორაგბეების წლის ბოლო ტური

AutoSharing Option
ფოტო: L’Equipe

გასულ კვირაში ევროპის წამყვან ჩემპიონატებში 2019 წლის ბოლო შეხვედრები გაიმართა. მსოფლიო თასის მიუხედავად, ტოპ 14-ში გუნდებმა თითქმის ნახევარი, 12 ტური ითამაშეს.

ტოპ 14-ს 12 ტურის შემდეგ 42 ქულით "ბორდო" ლიდერობს, რომელმაც "პოს" სტუმრად 27:23 სძლია და საფრანგეთის ჩემპიონატში მოგებათა სერია 4-მდე გაზარდა, ევროთასების ჩათვლით კი 8 თამაშია არ წაუგია. "პოსთან" მატჩი ფლანკერის პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 50-ე წუთზე შეცვალეს ბექა გორგაძე. 50-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში ბურჯი ლექსო ყაულაშვილი.

ტურის ცენტრალურ მატჩში "ტულონი" სტუმრად "ტულუზს" შეერკინა და შინ
2 ქულით დაბრუნდა - 13:13. ტულონელთა რიგებში პირველიდან მე-60 წუთამდე ითამაშა ბურჯმა ბექა გიგაშვილმა, რომელმაც ერთი კვირის წინ "ტულონის" მაისურით პირველი ლელო გაიტანა ("კლერმონთან"). ამ ფრის შემდეგ "ტულონი" 31 ქულით მესამე ადგილს იკავებს.

28 ქულით მეხუთეა "რასინგ 92", რომელმაც გასულ ტურში "ბრივი" სტუმრად 44:20 დაამარცხა და ბონუსიც აიღო. პარიზელთა შორის 61-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ბურჯმა ვასილ კაკოვინმა. სამი ქართველი იყო "ბრივის" განაცხადში: ვასილ ლობჟანიძემ შეხვედრა ძირითადში დაიწყო და 54-ე წუთზე შეცვალეს, კახა ასეიშვილი მოედანზე 53-ე, ხოლო ოთარ გიორგაძე მე-60 წუთზე გამოჩნდა. "ბრივს" 24 ქულა დარჩა და მე-9 ადგილზეა.

მიუხედავად იმისა, რომ 49-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა, "კლერმონმა" "კასტრი" 39:22 დაამარცხა. სწორედ 49-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში დავით ზირაქაშვილი. "კლერმონს", "რასინგის" მსგავსად, 28 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზეა.

ევროთასების ჩათვლით, ზედიზედ მეოთხე თამაში ვერ მოიგო "მონპელიემ". გასულ ტურში მან აუტსაიდერ "სტად ფრანსეს" უმასპინძლა და მეტოქესთან ქულები გაიყო - 20:20. ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეორე თამაში დაიწყო გელა აფრასიძემ, რომელმაც ერთი კვირის წინ ტოპ 14-ში და ზოგადად, "მონპელიეში", სადებიუტო ლელო "რასინგს" დაუდო. აფრასიძე შესვენებისას შეცვალეს. პირველიდან 64-ე წუთამდე ითამაშეს მიხეილ ნარიაშვილმა და კოტე მიქაუტაძემ, ხოლო ლევან ჩილაჩავა თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო და 76-ეზე ყვითელი ბარათით დაისაჯა. სტუმართა შორის 64-ე წუთიდან ითამაშა გიორგი მელიქიძემ.

12 ტურის შემდეგ "მონპელიე" 27 ქულით მე-8 პოზიციაზეა, ხოლო "სტად ფრანსე" 16 ქულით ბოლო ადგილზეა.

"აჟენი" "ლა როშელს" ეწვია და 8:40 დამარცხდა. სტუმართა რიგებში 43-ე წუთიდან ითამაშა გიორგი თეთრაშვილმა. "აჟენს" 17 ქულა დარჩა და ბოლოსწინა ადგილზეა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით