პრო დე2: სათამაშო პრაქტიკა "შემოდგომის ერთა თასამდე

AutoSharing Option
საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დე2-ში, კოვიდ-პანდემიის გამო მხოლოდ ხუთი თამაში გაიმართა და ოთხ მათგანში ჯამში 12-მა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა.

მათგან ოთხი ბორჯღალოსანი იყო, რომლებმაც „შემოდგომის ერთა თასის“ წინ სათამაშო პრაქტიკა მიიღეს, თუმცა გიორგი ჯავახია დებიუტშივე დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა. მან მხარი დაიზიანა, თუმცა, საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.

მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი ჩაატარა და ფრთაზე შეუცვლელად ითამაშა ბორჯღალოსანთა უკანახაზელმა თამაზ მჭედლიძემ. მისი ‘რუანი’ ერთ-ერთ ლიდერ ‘ოიონას’ ეწვია და პირველი ტაიმის მიწურულს და მეორეს საწყის 5 წუთში სამი ლელო გაუშვა
(3:22). სტუმრებმა შეძლეს ორი საპასუხო ლელოს გატანა და მეორეც რომ გარდაესახათ ბონუსს აიღებდნენ, ასე კი 15:22 დამარცხდნენ. გამარჯვებულთა რიგებში ორმა ქართველმა ბურჯმა ითამაშა. ირაკლი მირცხულავა შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდა, სამ წუთში კი თამაშში ბექა კაკაბაძე ჩაერთო.

‘მონტობანმა’ ‘ნევერს’ უმასპინძლა და მაშინ, როდესაც ანგარიში 9:9 გახდა, მასპინძლები მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ. მიუხედავად ამისა, 73-ე წუთისთვის ისინი უკვე 13 ქულას იგებდნენ. ‘ნევერმა’ დარჩენილ დროში ორი ლელოს გატანა მოახერხა და მცირედით მარცხისთვის ბონუსი მოიპოვა – 21:25. სტუმართა შორის 65-ე წუთიდან ითამაშა გურამ პაპიძემ.

ქართველების ‘ორიაკი’ სტუმრად ‘პროვანსის’ დამარცხებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა დასკვნით 20 წუთში სამი უპასუხო ჯარიმა გაუშვა და ბონუსს დასჯერდა – 16:19. გამარჯვებულთა შორის დასკვნითი 30 წუთი ითამაშა ზაზა ნავროზაშვილმა, ხოლო სტუმართა რიგებში ხუთმა ჩვენებურმა ითამაშა და მათგან ოთხმა სასტარტოში.

ზედიზედ მეხუთე თამაში ჩაატარა და უდიდესი პროგრესი განიცადა 9 ნომერმა მიხეილ ალანიამ. ის ‘პროვანსთან’ სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს. შეუცვლელად გაისარჯა ბორჯღალოსანთა მესამეხაზელი ბექა საღინაძე, ხოლო მეორეხაზელი გიორგი ჯავახია დაშავდა და სამწუხაროდ, მე-3 წუთზე შესაცვლელი შეიქმნა. ძირითადში იყო ბურჯი გიორგი ქართველიშვილი, რომელიც 65-ე წუთზე ჯემალ შათირიშვილმა შეცვალა.

მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა ‘ბიარიცის’ ბურჯმა ვახტანგ ახობაძემ. მისი გუნდი ‘ვანს’ დაუხვდა, 77-ე წუთზე ლელო გაიტანა, თუმცა ვერ გარდასახა და 14:16 დამარცხდა. ახობაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას გიორგი ნუცუბიძემ შეცვალა.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული