ლეგიონერები - გიგაშვილის ლელო სანაკრებო შეკრებამდე

AutoSharing Option
სანაკრებო შეკრების დაწყებამდე საფრანგეთის ტოპ 14-სა და პრო დე2-ში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა.

"ტულონის" ბურჯმა ბექა გიგაშვილმა ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში პირველი ლელო გაიტანა, ხოლო გიორგი ჯავახია პრო დე2-ის მე-18 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

ტოპ 14

ტური "მონპელიესა" და "რასინგ 92"-ის შეხვედრით გაიხსნა და მასპინძლებმა ზედიზედ მეცხრე თამაში დათმეს – მეშვიდე ტოპ 14-ში. "მონპელიე" ამ უსიამოვნო სერიის შეწყვეტასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ 78-ე წუთზე ჯარიმა გაუშვა – 22:24. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და შესვენებისას შეცვალეს ბურჯები – მიხეილ ნარიაშვილი და
ლევან ჩილაჩავა. მასპინძელთა განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ შესულა გელა აფრასიძე.

გამარჯვებულთა რიგებში ითამაშა ორმა ქართველმა ბურჯმა და ორივე შეცვლაზე შევიდა – გია ხარაიშვილი 48-ე, ხოლო გურამ გოგიჩაშვილი 55-ე წუთზე.

"ბორდომ" სტუმრად უშუალო კონკურენტი "კლერმონი" მინიმალური სხვაობით, 37:36 დაამარცხა. დაძაბულ მატჩში გადამწყვეტი სტუმართა მიერ ბოლო წუთზე გატანილი ლელო აღმოჩნდა. ჟირონდელთა განაცხადში იყო და თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო ლექსო ყაულაშვილი, რომელიც 68-ე წუთზე თავად შეცვალეს.

მცირედით იმარჯვა "ბრივმაც", რომელიც "ტულონს" მასპინძლობდა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ბურჯი ლუკა ჯაფარიძე და ის სოსო ბეკოშვილმა 50-ე წუთზე შეცვალა. პირველიდან 59-ე წუთამდე ითამაშა ვასილ ლობჟანიძემ. განაცხადში იყო, თუმცა თამაშში არ ჩართულა თედო აბჟანდაძე.

"ტულონის" რიგებში შეცვლაზე 49-ე წუთზე შევიდა ბექა გიგაშილი და 67-ე წუთზე რაქიდან ლელო გაიტანა. ზუსტი გარდასახვის შემდეგ სხვაობა 2 ქულამდე დავიდა, მაგრამ დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

ტურის დასკვნით მატჩში "სტად ფრანსემ" "კასტრს" უმასპინძლა, 29:9 დაამარცხა და ბონუსიც აიღო. პარიზელთა რიგებში 67-ე წუთიდან ითამაშა გიორგი მელიქიძემ.

პრო დე2

მე-18 ტური "კოლომიესა" და "ბიარიცის" შეხვედრით დაიწყო, რომლის ბოლო წუთზე სტუმრებმა ლელო გაიტანეს და 20:16 მოიგეს. "კოლომიეს" რიგებში პირველიდან 56-ე წუთამდე ითამაშა ბექა შეყლაშვილმა.

ორ-ორი ქართველი ლეგიონერი იყო "ბიარიცის" ძირითადსა და თადარიგში. გიორგი ნუცუბიძემ და თორნიკე ჯალაღონიამ პირველიდან 63-ე წუთამდე ითამაშეს; უშანგი ჭეიშვილი შეცვლაზე 56-ე წუთზე შევიდა, ხოლო ლუკა აზარიაშვილი - 63-ეზე.

"რუანი" "კარკასონს" ეწვია და 9:29 დამარცხდა. თამაში ძირითადში დაიწყეს კარლენ ასიეშვილმა და თამაზ მჭედლიძემ – პირველი 59-ე, ხოლო მეორე 61-ე წუთზე შეცვალეს.

"გრენობლმა" "ბეზიეს" უმასპინძლა და 34:19 გაიმარჯვა. მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 52 წუთი ითამაშა ილია კაიკაციშვილმა, ხოლო ნიკა ნეფარიძე შეცვლაზე 48-ე წუთზე შევიდა. "ბეზიეს" რიგებში 49-ე წუთზე გამოჩნდა ჟორჟ სალდაძე.

"მონ-დე-მარსანთან" ბონუსით, 36:6 მოგებულ შეხვედრაში, "ნევერის" რიგებში შეცვლაზე 59-ე წუთიდან ითამაშა გურამ პაპიძემ. სტუმართა შორის პირველი ტაიმი ითამაშა და შესვენებისას შეცვალეს ლაშა მაჭარაშვილი.

"ვალანს რომანისა" და "ანგულემის" შეხვედრა ფრედ, 25:25 დასრულდა. მასპინძელთა რიგებში პირველიდან 50-ე წუთამდე ითამაშა მირიან ბურდულმა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო შალვა სუთიაშვილი, რომელიც დაშავდა და 31-ე წუთზე შესაცვლელი შეიქნა. მეორე ტაიმი სრულად ითამაშა ლუკა გოგინავამ.

"ვანთან" სტუმრად დამარცხდა ზაზა ნავროზაშვილის "პროვანსი" – 7:30. ქართველმა ბურჯმა მეორე ტაიმი სრულად ითამაშა.

ერთ-ერთ ლიდერ "ოიონას" უმასპინძლა და 22:16 იმარჯვა "ორიაკმა", რომლის შემადგენლობაში ხუთმა ქართველმა ითამაშა და აქედან ოთხმა - ძირითადში. შეუცვლელად გაისარჯა ბექა საღინაძე, 49-ე წუთზე შეცვალეს ლუკა ნიორაძე; გიორგი ქართველიშვილმა მოედანზე 66 წუთი გაატარა და მის ნაცვლად თამაშში ჯემალ შათირიშვილი ჩაერთო; მე-60 წუთზე შეცვალეს მეორეხაზელი გიორგი ჯავახია, რომელიც პირველი ტაიმის მიწურულს სისხლზე 7 წუთით იყო შეცვლილი. ქართველი მეორეხაზელი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

"მონტობანთან" მცირედით, 23:25 დამარცხდა და ლიდერობა დათმო "პერპინიანმა", რომლის შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა 34 წლის ბურჯმა დუდუ ქუბრიაშვილმა. განაცხადში იყო, მაგრამ სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა ვახტანგ ჯინჭარაძე.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული