ლეგიონერები - ლუკა ჯაფარიძის პირველი ფრანგული ლელო

AutoSharing Option
ფრანგული "ბრივის" ახალგაზრდა ბურჯმა ლუკა ჯაფარიძემ საფრანგეთის ტოპ 14-ში თავისი პირველი ლელო გაიტანა.

მე-18 ტურში მისი "ბრივი" საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბს, "ტულუზს" ეწვია. ლუკა შეცვლაზე 48-ე წუთზე შევიდა, 5 წუთში რაქიდან აიტაცა ბურთი და თანაგუნდელის დახმარებით ლელოს ხაზი გადაკვეთა. ამ მომენტში სტუმრები 17:14 დაწინაურდნენ, თუმცა დასკვნით 20 წუთში ოთხი ლელო გაუშვეს და 17:42 დამარცხდნენ.

"ბაიონმა" "ლიონი" მიიღო და 20:28 დამარცხდა. მასპინძელთა მარქაფაში იყო კოტე მიქაუტაძე და მას თამაშში ჩართვა 25-ე წუთიდან მოუწია.

"ბორდომ" "პო" მიიღო და 29:23 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში
ლექსო ყაულაშვილი შეცვლაზე 62-ე წუთზე შევიდა.

პრო დე2
პრო დე2-ის 22-ე ტურში "მონ-დე-მარსანი" ლიდერ "ვანს" ეწვია და 20:33 დამარცხდა. სტუმართა ძირითადში იყო და 50 წუთი ითამაშა ბურჯმა ლაშა მაჭარაშვილმა.

ოთხმა ჩვენებურმა ითამაშა ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, რომელშიც "პერპინიანი" "ოიონას" ეწვია და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 35:28. გამარჯვებულთა ძირითადში იყო დუდუ ქუბრიაშვილი და ის 64-ე წუთზე ვახტანგ ჯინჭარაძემ შეცვალა. მასპინძელთა რიგებში პირველ ტაიმში 8 წუთი ითამაშა და სრულფასოვან შეცვლაზე მატჩის მიწურულს შევიდა ბექა კაკაბაძე, ხოლო ირაკლი მირცხულავა თამაშში 44-ე წუთიდან ჩაერთო.

სტუმრად "რომანს" 44:22 სძლია და ბონუს-ქულაც აიღო "ბიარიცმა", რომლის შემადგენლობაში შეცვლაზე 66-ე წუთზე შევიდა ვახტანგ ახობაძე. მასპინძელთა ძირითადში იყო და მოედანზე 61 წუთი გაატარა მირიან ბურდულმა. მას თამაშში დაბრუნება 78-ე წუთზე მოუწია.

მატჩის მიწურულს გატანილი ლელოთი ასევე სტუმრად იმარჯვა "ანგულემმა", რომელიც "პროვანსს" ეწვია – 21:19. სტუმრები ჯერაც ბოლო ადგილზე რჩებიან, თუმცა ამ გამარჯვებით ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი დაიტოვეს. ამ გამარჯვებაში წვლილი სამ ქართველ ლეგიონერს მიუძღვის. ბურჯი ლუკა გოგინავა სასტარტოში იყო და შესვენებისას შეცვალეს, თუმცა 63-ე წუთზე მოედანზე კვლავ დაბრუნდა. ძირითადში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს მეორე ბურჯი ზაურ თევდორაშვილი, ხოლო შალვა სუთიაშვილი შეცვლაზე 62-ე წუთზე შევიდა.

სტუმრად "კარკასონთან" ბოლო წუთზე გაშვებული ჯარიმით დამარცხდა და ბონუსს დასჯერდა "ორიაკი" – 14:15. სტუმართა რიგებში პირველიდან 67-ე წუთამდე ითამაშა ლუკა ნიორაძემ. ჯემალ შათირიშვილი შეცვლაზე 52-ე წუთზე შევიდა და 75-ეზე მოედანი დატოვა.

"რუანმა" "ნევერი" მიიღო და 65-ე წუთისთვის 28:0 იგებდა, თუმცა დარჩენილ დროში ორი ლელო გაუშვა და ბონუსი დაკარგა – 28:12. გამარჯვებულთა რიგებში 55-ე წუთიდან ითამაშა კახა ასიეშვილმა.

ტურის დასკვნით მატჩში "გრენობლმა" "კოლომიეს" ერთის წილ ოთხი ლელო გაუტანა და ბონუსით, 32:16 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის პირველიდან 56-ე წუთამდე ითამაშა ნიკა ნეფარიძემ. სწორედ ამ დროს შევიდა შეცვლაზე ილია კაიკაციშვილი.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული