რაგბი

ლეგიონერები

ლეგიონერები - დებიუტანტები ტოპ 14-ში და აფრასიძის 3 ქულა

AutoSharing Option
საფრანგეთის პირველი ელიტური დივიზიონის, ტოპ 14-ის პირველ ტურში, მოედანზე 16 ქართველი გავიდა. რამდენიმე მათგანს ელიტურ დივიზიონში ან ახალ კლუბში დებიუტი ჰქონდა, გელა აფრასიძემ კი ჯარიმით გუნდს 3 ქულა შესძინა.

ტოპ 14-ში დაბრუნებულმა "ბიარიცმა" პირველ ტურში "ბორდო" მიიღო და 27:15 გაიმარჯვა. ბასკები ბონუს-ქულის აღებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ დასკვნით 6 წუთში ორი ლელო გაუშვეს და მხოლოდ 4 საცხრილო ქულა მიიღეს.

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო თორნიკე ჯალაღონია, რომელსაც ტოპ 14-ში დებიუტი ჰქონდა
და შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. 32-ე წუთზე მის მიერ მოგებულ დერეფანს მოლი და "ბიარიცის" მეორე ლელო მოჰყვა. ჯალაღონია 75-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე 64-ე წუთიდან ითამაშა უშანგი ჭეიშვილმა.

ორი ქართველი იყო "ბორდოს" შემადგენლობაშიც. თამაში ძირითადში დაიწყო ლექსო ყაულაშვილმა და ის 58-ე წუთზე ლაშა ტაბიძემ შეცვალა.

"ბრივმა" "პერპინიანს" ოთხი ქართველის დახმარებით 36:15 სძლია. სასტარტო 15-ში იყო ლუკა ჯაფარიძე, რომელმაც მოედანზე 53 წუთი გაატარა და ის სოსო ბეკოშვილმა შეცვალა. თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო ვასილ ლობჟანიძე, ხოლო ვანო კარკაძე შეცვლაზე 70-ე წუთზე შევიდა. "პერპინიანის" რიგებში დებიუტი ჰქონდა გიორგი თეთრაშვილს, რომელიც მოედანზე პირველივე წუთებიდან გავიდა და 49-ეზე შეცვალეს.

"კასტრმა" "პოს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 16:12 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე 50-ე წუთიდან ითამაშა ლევან ჩილაჩავამ, რომელიც გუნდს გასული სეზონის მიწურულს შეუერთდა. "პოს" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ბექა გორგაძეს. მან ფლანკერის პოზიციაზე თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, შესვენებისას შეცვალეს, 58-ე წუთზე კი კვლავ მოედანზე დაბრუნდა.

პარიზულ დერბიში "სტად ფრანსე" "რასინგ 92"-ს დაუხვდა და 21:36 დამარცხდა. "სტად ფრანსეს" სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს ვასილ კაკოვინი.

ფრედ, 24:24 დასრულდა "ტულონისა" და "მონპელიეს" შეხვედრა. ტულონელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა ბურჯმა ბექა გიგაშვილმა. სრულად გაისარჯა სტუმართა 9 ნომერი გელა აფრასიძე, რომელმაც 71-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა. "მონპელიეს" რიგებში შეცვლაზე 67-ე წუთიდან ითამაშა მიხეილ ნარიაშვილმა.

ტოპ 14-ში სადებიუტო მატჩი ჩაატარა ბექა საღინაძემ, რომელიც "ლიონში" "ორიაკიდან" გადავიდა. მისმა გუნდმა "კლერმონს" 28:19 სძლია. ქართველმა მესამეხაზელმა მოედანზე 80 წუთი გაატარა. "ლიონის" მარქაფაში იყო დავით ნინიაშვილი, მაგრამ მას მოედანზე შესვლა არ მოუწია და მისი დებიუტი გადაიდო.

rugby.ge