რაგბი

ლეგიონერები

ლეგიონერები - გურამ პაპიძის პირველი ლელო ტოპ 14-ში

AutoSharing Option
"ლა როშელის" ბურჯმა გურამ პაპიძემ ტოპ 14-ის მეოთხე ტურში "ბიარიცს" ლელო გაუტანა. 24 წლის ქართველი "ლა როშელს" ზაფხულში შეუერთდა და ელიტურ დივიზიონში პირველ სეზონს ატარებს.

მისი გუნდი მასპინძელი იყო, ორის წილ 9 ლელო გაიტანა და ბონუსიც ჩაიწერა – 59:17. პაპიძე "ლა როშელის" რიგებში 45-ე წუთზე გამოჩნდა, 63-ეზე მოლს მოწყდა და სამ მცველთან ჭიდილში გუნდის მეექვსე ლელო მიითვალა. "ბიარიცის" შემადგენლობაში სრულად ითამაშა თორნიკე ჯალაღონიამ, შეცვლაზე 21-ე წუთზე შევიდა და 67-ეზე თავად შეცვალეს გიორგი ნუცუბიძე, ხოლო უშანგი ჭეიშვილმა 27-ე წუთიდან ითამაშა. "ლა
როშელმა" სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა.

"ბორდომ" "ბრივს" უმასპინძლა და 29:10 გაიმარჯვა. ლექსო ყაულაშვილი შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა და 73-ე წუთზე შეცვალეს. მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა 20 ქულა მოიხვეჭეს და მატჩის ბედი გადაწყვიტეს.

ქართველებით იყო დახუნძლული "ბრივი". ოთხი მათგანი სასტარტო შემადგენლობაში იყო - ოთარ გიორგაძე 22-ე წუთზე 13 წუთით, ხოლო 51-ეზე სრულფასოვნად შეცვალეს; ვასილ ლობჟანიძემ 54-ე წუთამდე ითამაშა და დასკვნით ორ წუთში კვლავ დაბრუნდა მოედანზე; თედო აბჟანდაძე მე-60 წუთზე შეცვალეს; სოსო ბეკოშვილის ნაცვლად თამაშში 30-ე წუთიდან ჩაერთო ლუკა ჯაფარიძე, თუმცა 71-ე წუთზე მოთამაშეებმა ადგილები გაცვალეს. შეცვლაზე 50-ე წუთზე შევიდა კვაჭი ვანო კარკაძე.

"პომ" "მონპელიე" მიიღო და ოთხის წილ მხოლოდ ორი ლელო გაუტანა, მაგრამ ფეხით კარში უკეთ ურტყა და დაძაბულ ბრძოლაში 23:22 მოიგო. მასპინძელთა შორის უცვლელად ითამაშა ბექა გორგაძემ, ხოლო სტუმართა რიგებში შეცვლაზე 73-ე წუთზე შევიდა მიხეილ ნარიაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ მე-3 წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა, "სტად ფრანსემ" მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება "კასტრთან" იზეიმა – 34:10. პარიზელთა მარქაფაში იყო და თამაშში მე-5 წუთიდან მოუწია ჩართვა გიორგი მელიქიძეს. შეცვლაზე 47-ე წუთზე შევიდა ვასილ კაკოვინი.

13 წუთის შემდეგ 21:0 იგებდა, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ 24:20 იმარჯვა "რასინგ 92"-მა, რომლის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 45 წუთი ითამაშა გურამ გოგიჩაშვილმა. პარიზელთა მეტოქე "ლიონი" იყო, რომლის შემადგენლობაში შესვენების შემდეგ გამოჩნდა და მორიგი კარგი თამაში ჩაატარა დავით ნინიაშვილმა. "პერპინიანმა" "ტულონი" მიიღო და ულელოო მატჩში 12:9 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58 წუთი ითამაშა ბურჯმა გიორგი თეთრაშვილმა. მთელი ამ დროის განმავლობაში შერკინებებში მის წინ ბექა გიგაშვილი იდგა, რომელმაც მოედანზე 67 წუთი გაატარა.