კონტინენტის ფარი: გამარჯვებული ერთ კვირაში კლუჟში გაირკვევა

AutoSharing Option
საქართველოს ვიცე-ჩემპიონი "ბათუმი’" კვირის თავზე "ტიმიშოარა-სარასენსს" კლუჟში ეწვევა, 5-ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრას და ევროპული რაგბის ‘კონტინენტის ფარის’ ნახევარფინალში გასვლას ეცდება.

უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში მეტოქეებმა ბათუმში ორჯერ ითამაშეს და გამოჩნდა, რომ რუმინეთის ნაკრების საბაზო გუნდი, რომელიც ლეგიონერებითაა გაძლიერებული, დიდი 10-ის მეორეადგილოსანს არაფრით აღემატება. ერთადერთი, რაც მეტოქეს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს გრძელი სათადარიგო სკამი და ევროტურნირებში თამაშის გამოცდილებაა.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ‘ბათუმმა’ მეტოქის 20:17 დამარცხება შეძლო და ფლეი ოფის პირველ მატჩს იმედიანად შეხვდა. თამაშის პირველმა ნახევარმა საათმა აჩვენა, რომ ეს იმედი უსაფუძვლო
სულაც არ იყო. ამ პერიოდში მასპინძლებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს, ფეხით ტაქტიკურ დარტყმებში მეტოქეს აჯობეს და ტერიტორიული უპირატესობაც მოიპოვეს, თუმცა ეს ქულებში ვერ ასახეს.

ანგარიშის გახსნა ბახვა კობახიძეს მე-5 წუთზე შეეძლო, თუმცა 43 მეტრიდან შესრულებული ჯარიმა არაზუსტი იყო. ‘ბათუმმა’ მატჩის დებიუტში სამჯერ მოიპოვა კარგი შესატევი პლაცდარმი, მაგრამ სამი საკუთარი დერეფანი დათმო, წვიმის გამო ტექნიკური წუნიც შეემთხვა და 30 წუთი უქულოდ მიილია. ნახევარი საათის შემდეგ სტუმრებმა ინიციატივის დაუფლება მოახერხეს, მართალია ტევიტა მანუმუას კარის 20 მეტრიდან ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ ორიოდე წუთში ჯოდი როუზმა არეკნი შეასრულა და სტუმრები დააწინაურა. 36-ე წუთზე მას კობახიძემ საშუალო მანძილიდან გატანილი ჯარიმით უპასუხა, ტაიმი 3:3 დასრულდა.

მართალია შერკინებაში უპირატესობა ბათუმელთა მხარეს იყო, მაგრამ მოლის აგორება რუმინელებს უკეთ გამოსდიოდათ და 50-ე წუთზე შეხვედრის ერთადერთი ლელო გავიდა. მანამდე გიორგი თხილაიშვილი სინბინით დაისაჯა, დერეფნიდან აგორებულ მოლს კი ანდრეი რადოი მოწყდა და სველი მოედნის წყალობით ლელოში შესრიალდა.

არაზუსტი გარდასახვის შემდეგ ზღვისპირელებმა კარგი იერიში წამოიწყეს და ჯერ კიდევ კაცნაკლულებმა 3 ქულა გაქვითეს - კობახიძემ 24 მეტრიდან ჯარიმა ზუსტად შეასრულა. მაგრამ გადამწყვეტი უპირატესობის დაუფლება ვეღარ მოხერხდა. მატჩის მიწურულს ‘ტიმიშოარა-სარასენსმა’ შეძლო ჩვენს ნახევარზე დამკვიდრება და მართალია დაცვის ზღუდე ვერ გაარღვია, მაგრამ 76-ე წუთზე გატანილი ჯარიმით, განმეორებითი შეხვედრის წინ 5-ქულიანი ჰანდიკაპი შეიქმნა - 11:6.

განმეორებითი შეხვედრა 20 იანვარს, ქალაქ კლუჟში, საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული