ჩელენჯ ქაფის მონაწილეებმა თბილისში ჩამოსვლა დაიწყეს

AutoSharing Option
5 დღეში "ავჭალის" სტადიონი ევროპული რაგბის რანგით მეორე ტურნირის, ჩელენჯ ქაფის ორ შეხვედრას უმასპინძლებს. როგორც ადრე ავღნიშნეთ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ასეთი დონის საკლუბო თამაშები გაიმართება.

20 იანვარს 14 საათზე დავით კაჭარავას და მიხეილ გაჩეჩილაძის "ენისეი" "ნიუკას ფალკონზს" დაუპირისპირდება, ხოლო 17 საათზე, ლაშა მალაღურაძის, გიორგი ფრუიძისა და სოსო მათიაშვილის "კრასნი იარი" ლაშა ლომიძის "ლონდონ აირიშს" ეთამაშება. ორივე მატჩზე დასწრება თავისუფალია.

რატომ თბილისში


რუსეთის ჩემპიონმა და ვიცე-ჩემპიონმა, შესაბამისად ‘ენისეიმ’ და ‘კრასნი იარმა’, იანვრის საშინაო თამაშების თბილისში გამართვის სურვილით
ევროპული პროფესიული საკლუბო რაგბის ასოციაციას თავად მიმართეს და რადგან საქართველომ ბოლო წლებში არაერთ მაღალი დონის შეხვედრას, ასევე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმაღლეს დონეზე უმასპინძლა, თანხმობაც უყოყმანოდ მიიღეს. შედეგად, რაგბის ქართველ ქომაგს ინგლისური პრემიერშიფის ორი გუნდის - ‘ნიუკასლისა’ და ‘ლონდონ აირიშის’ ცოცხლად ხილვის შესაძლებლობა მიეცა.

ამრიგად, 20 იანვარს ‘ავჭალის’ სტადიონი და იქ შეკრებილი გულშემატკივარი რუსულ-ინგლისური კლუბების დაპირისპირებების მომსწრე გახდება. გარდა ამისა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ქომაგს რამდენიმე ბორჯღალოსანის საქმეში ხილვის შესაძლებლობა მიეცემა.

ენისეი - ფალკონზი

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ პირველი შეხვედრა 14 საათზე დაიწყება. ‘ენისეი’, რომლის უდაო ლიდერები ქართველი ლეგიონერები - ცენტურიონი ბორჯღალოსანი დავით კაჭარავა და მიხეილ გაჩეჩილაძე არიან, ‘ნიუკასლს’ ეთამაშება. ინგლისელები შინაურ თუ ევროპულ ასპარეზზე შესანიშნავად თამაშობენ მიჯრით 7 მოგება აქვთ - 4 პრემიერშიფში და სამიც ჩელენჯ ქაფზე.

ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ‘ფალკონზმა’ ხუთივე თამაში მოიგო და წარმატებული სერიის გაგრძელებას და ჯგუფური ეტაპის დაუმარცხებლად დასრულებას გეგმავს. ამ დროისთვის ‘ნიუკასლს’ 23 ქულა აქვს და პირველი ადგილი დაბევებული აქვს. პრემიერშიფში მათ 13-იდან 8 შეხვედრა მოიგეს და 36 ქულით მეექვსე პოზიციაზე არიან.

‘ენისეიმ’ ჩელენჯ ქაფის ხუთივე თამაში დათმო და მხოლოდ ერთხელ მოახერხა ბონუს ქულის აღება (‘ნიუპორტთან’ 21:28). მისი ქართველი ლეგიონერები ყველა მატჩში გამორჩეულები იყვნენ და მიხეილ გაჩეჩილაძე ‘ნიუპორტთან’ საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

14 იანვარს ამ გუნდებმა ინგლისში ითამაშეს და ‘ნიუკასლმა’ შეხვედრა 64:7 მოიგო. დავით კაჭარავამ 11-ჯერ შეუტია და ჯამში ბურთი 61 მეტრით წინ წაწია, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იყო სტუმართა შორის. ამავე დღეს გაჩეჩილაძემ 14 ბოჭვა შეასრულა, რაც ასევე საუკეთესო შედეგია ‘ენისეის’ მოთამაშეებს შორის. ბოჭვებში მეორე მაჩვენებელი კაჭარავას ჰქონდა - 11.

კრასნი იარი - ლონდონ აირიშ


17 საათზე იწყება ‘კრასნი იარისა’ და ‘ლონდონ აირიშის’ შეხვედრა. გუნდებს ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ აქვთ. ლონდონელებმა ხუთი მატჩიდან ორი მოიგეს - ოქტომბერში პარიზში ‘სტად ფრანსესთან’ 44:7 და 13 იანვარს ლონდონში, მომავალ მეტოქე ‘კრასნი იართან’ 47:17.

აღსანიშნავია, რომ 13 იანვრის მატჩში ანგარიში ბორჯღალოსანმა გიორგი ფრუიძემ ლელოთი გახსნა, ხოლო ასევე ბორჯღალოსანმა ლაშა მალაღურაძემ ზუსტი გარდასახვის შემდეგ, ტაიმის მიწურულს ჯარიმაც გაიტანა და პირველი 40 წუთი სტუმრებმა 10:7 მოიგეს. მალათურაძემ ერთი გარდასახვა შეხვედრის მიწურულსაც გაიტანა. რუსეთის ვიცე-ჩემპიონის რიგებში პირველი ოფიციალური თამაში ჩაატარა ფულბეკმა სოსო მათიაშვილმა და მოედანზე 65 წუთი გაატარა. ინგლისური გუნდის შემადგენლობაში არ უთამაშია ლაშა ლომიძეს. მას მწვრთნელებმა დასვენების საშუალება მისცეს.

‘კრასნი იარი’ საქართველოში 14 იანვარს, ხოლო ‘ენისეი’ 15 იანვარს ჩამოვიდა და ისინი მომავალი თამაშისთვის ადგილზე ემზადებიან. ცნობისათვის, ‘ლონდონ აირიშისა’ და ‘კრასნი იარის’ შეხვედრას 13 იანვარს 4746, ხოლო ‘ნიუკასლისა’ და ‘ენისეის’ მატჩს 3653 მაყურებელი დაესწრო.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
სიამოვნებით ვიყიდიდი პლედს საქართველოს რაგბის სიმბოლიკით. იმიტომ რომ ამ სიცივიეში პლედის გარეშე რთული იქნებაა
ქუთაისელი
13:59 18-01-2018
0

სიახლეები პოპულარული