რაგბის კავშირის პროექტის "მაღლების" შესახებ

AutoSharing Option
რაგბის კავშირის პროექტს, რომელიც შარშან სექტემბერში დაიწყო და რომლის მიზანსაც არამორაგბე ტანმაღალი ბიჭების რაგბში ინტეგრირება წარმოადგენს, თავის დროზე დიდი ვნებათაღელვა მოყვა.

პროექტის დაწყებიდან ექვსი თვის თავზე, მწვრთნელი დავით გოცაძე, რომელიც უშუალოდ ამ კონტიგენტს ავარჯიშებს თვლის, რომ წამოწყებამ გაამართლა, პროექტი უნდა გაგრძელდეს და გრძელვადიან პერსპექტივაში ის ქართულ რაგბს დიდ სარგებელს მოუტანს.

“მარტივი შეფასებით, რაგბის სათამაშოდ სამი ძირითადი კომპონენტია საჭირო - ფიზიკური, ტექნიკური და მენტალური. ტექნიკურ და მენტალურ უნარებზე რაგბის აკადემიის სამწვრთნელო შტაბი გეგმაზომიერად მუშაობს, ხოლო ფიზიკური, ანუ „გენეტიკური ქართული ძალის“ ფენომენი
მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი და ძალოსნობის გარდა, სულ ახლახანს ეს სუმოში კიდევ ერთხელ დამტკიცდა. თუმცა აქ გასათვალისწინებელია მნიშვნელოვანი კომპონენტი - კომპლექცია, სიმაღლე. თანამედროვე რაგბში ამ მხრივ ერთგვარი ტენდენცია იკვეთება და უკვე ყველა პოზიციაზე უპირატესობა ტანმაღალ ბიჭებს ენიჭებათ“.

„სტატისტიკას რომ გადავხედეთ, როგორც მსოფლიო თასზე, ასევე 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, აღმოჩნდა, რომ ამ მხრივ ჩვენი მაჩვენებელი სასურველს ჩამორჩება. სწორედ ამიტომ, რაგბის კავშირმა გადაწყვიტა გაეკეთებინა ცალკე პროექტი და მოეზიდა (მოეძია) მაღალი ბიჭები, მათ შორის არამორაგბეები, რომლებიც დროის შეზღუდულ მონაკვეთში სარაგბო უნარებზე რაგბის ეროვნული აკადემიის ბაზაზე იმუშავებდნენ და თუ ამ პერიოდში ტექნიკურ მახასიათებლებს საშუალო მაჩვენებლამდე აიყვანდნენ, შესაძლებელი გახდებოდა მათი ძირითად გუნდში ჩართვა“ - გვიყვება პროექტის დაწყების მიზეზებისა და არსის შესახებ გოცაძე.

რაგბის კავშირის განცხადებას 8 ისეთი ბიჭი გამოეხმაურა, რომლებიც სიმაღლის (+187 სმ.) და ასაკის (15-16 წლის) მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ. მათ შორის სამი არამორაგბე - ერთი, რომლის სიმაღლე 197 სანტიმეტრი იყო, რაგბამდე ფეხბურთზე, წყალბურთზე და ჩოგბურთზე დადიოდა; მეორე მძლეოსანი იყო (193); ხოლო მესამეს (195) აქამდე სპორტთან შეხება არ ჰქონდა. დანარჩენი ხუთი სპორტსმენი რაგბზე სულ რამდენიმე თვის მისული იყო და ამ პროექტის გარეშე აკადემიის სივრცეში მოხვედრის შანსი არ ჰქონდათ, რადგან ტექნიკური მახასიათებლებით მინიმალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ.

რეჟიმი ისეთივე იყო, როგორც აკადემიის სივრცეში მოვარჯიშე სხვა მორაგბეებისთვის - ვარჯიში დილის 06:45 საათზე იწყებოდა. პირველ ეტაპზე ახალბედები კვირაში სამჯერ ვარჯიშობდნენ, ზამთრის შესვენების შემდეგ კი ვარჯიშის ოთხჯერად რეჟიმზე გადავიდნენ. მათთან მუშაობა ინდივიდუალურად მიმდინარეობდა და დროდადრო ერთვებოდნენ აკადემიის ძირითადი ჯგუფის ვარჯიშებში, რა დროსაც ხდებოდა მათი კვალიფიკაციის ამაღლება, ან შემოწმება.

გოცაძის თქმით, დადგა სელექციის დრო და ამ 8 ტანმაღალი ბიჭიდან 5 ის მორაგბე შეირჩა, რომელთაც განვლილ პერიოდში საგრძნობი პროგრესი ჰქონდათ. ისინი აკადემიის სივრცეში აგრძელებენ ვარჯიშს და აქამდე უკლუბოდ მყოფი ბიჭები, რაგბის თამაშს გუნდშიც დაიწყებენ:

„საახალწლო შესვენებისა ბიჭებს მივეცით დავალებები. მათ უნდა ემუშავათ ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე და აღმოჩნდა, რომ ნაწილს აშკარა პროგრესი აქვს. გარდა ამისა, დეკემბრის ბოლოს მათ ექვსი კრიტერიუმის მიხედვით მოახდინეს თვითშეფასება და გაირკვა, რომ საკმაოდ თვითკრიტიკულები არიან, რაც ძალიან კარგია“.

„ახლა ვართ ახალ ეტაპზე, ამ ახალგაზრდებიდან შეირჩნენ ის მოთამაშეები, რომლებმაც პირველი ეტაპის მოთხოვნები დაძლიეს და მზად არიან სრულფასოვნად ჩაერთონ აკადემიის წვრთნის სისტემაში. აქ სიმაღლესთან ერთად მთავარი პრიორიტეტია ტექნიკური უნარები, რომელთა ათვისებაც მათ ამ პერიოდში მოახერხეს. არის კიდევ ერთი მკაცრი მოთხოვნა - ის სპორტსმენები, რომელთაც აქამდე რაგბი არ უთამაშიათ, აუცლიბელად უნდა გახდნენ რომელიმე სარაგბო კლუბის წევრი - მოხვდნენ გუნდში, აითვისონ გუნდურობის პრინციპები და თავის ასაკობრივ ჯგუფში წვრთნით და თამაშებით მოახდინონ სრულფასოვანი ადაპტაცია“.

„რაც მთავარია, ამ ბიჭებმა იგრძნეს, რომ რაგბი მათი სპორტია და თუ შრომას გააორმაგებენ, მაქვს იმედი, რომ ეს ჩვენი წამოწყება პირველივე ჯერზე ნაყოფის მომტანი იქნება“.

მაღალი მაღლებს შორის

„მაღლების“ პირველ ნაკადში ყველაზე მაღალი ლუკა ჯორბენაძეა. ის 2000 წლის 6 დეკემბერს დაიბადა, სიმაღლეში უკვე 198 სანტიმეტრია და 103 კილოგრამს იწონის.

ლუკა ბავშვობიდან დადიოდა სხვადასხვა სპორტის სახეობებზე - ჯერ ფეხბურთზე, მერე წყალბურთზე და ბოლოს ჩოგბურთზე, რომელსაც ზედიზედ ორი ტრავმის შემდეგ თავი დაანება და რაგბში 6-თვიანი „არასპორტული“ ცხოვრების შემდეგ მოვიდა.

„რაგბის თამაში ჯერ კიდევ მაშინ მინდოდა, სანამ ჩოგბურთზე მივიდოდი, მაგრამ მუხლებზე მქონდა პრობლემა და თავს ვიკავებდი. როდესაც რაგბის კავშირმა „მაღლების“ მიღება გამოაცხადა ძალიან გამიხარდა და მიუხედავად იმისა, რომ სწავლის გამო გადატვირთული გრაფიკი მაქვს, გადავწყვიტე შანსი ხელიდან არ გამეშვა. ესაა სპორტი, რომელიც მიყვარს როგორც საყურებლად, ასევე სათამაშოდ, ვაფასებ იმ პრინციპებს, რაზეც ეს სპორტია აგებული და უნიკალური შანსი ხელიდან არ გავუშვი“ - გვაცნობს თავის გადაწყვეტილების მიზეზებს ჯორბენაძე.

ის მიიჩნევს, რომ სხვა სპორტის სახეობებში მიღებული გამოცდილება მას რაგბშიც ეხმარება:

„ჩოგბურთი ინდივიდუალური სპორტია, შენს თავზე ხარ დამოკიდებული და ყველა შანსი უნდა გამოიყენო. იქ მიღებული გამოცდილება მეხმარება ორიგინალური გადაწყვეტილებების მიღებაში და ხელიც კარგად მაქვს გავარჯიშებული. წყალბურთმა გუნდურობა მასწავლა. რაგბი კი ყველაზე გუნდური სპორტია, სადაც ყველა მოთამაშეს თავისი დავალება აქვს და მნიშვნელოვანია, ის ყველამ კარგად შეასრულოს, რათა გუნდს სარგებელი მოუტანოს“.

რაგბის აკადემიაში ვარჯიშის პარალელურად, ლუკა ინდივიდუალურად ვარჯიშობს გამძლეობასა და სირბილის ტექნიკაზე. ის თვლის, რომ ფიზმომზადების მხრივ პროგრესი აქვს და ამან საკუთარი თავის რწმენა შემატა:

„თავიდან განვიცდიდი, როდესაც რაღაც შემეშლებოდა, მაგრამ ახლა ფიზიკურადაც უკეთ ვარ და ტექნიკურადაც. ვერ ვიტყვი, რომ ტექნიკის მხრივ მათ გავუტოლდი, ვინც რაგბზე ბავშვობიდან დადიოდა, მაგრამ პროგრესი ნამდვილად მაქვს და შეცდომებმაც იკლო“.

ჯორბენაძე ნიუტონის თავისუფალ სკოლაში სწავლობს, აბიტურიენტია და პარალელურად რამდენიმე საგანში ემზადება. მისთვის სწავლა უმნიშვნელოვანესია, თუმცა განიცდის, რომ ამის გამო ჯერჯერობით რომელიმე სარაგბო კლუბის წევრი ვერ ხდება:

„არის დღეები, როდესაც გადაბმულად 15 საათი გარეთ ვარ. ძალიან ბევრ მასწავლებელთან დავდივარ და ჯერჯერობით მხოლოდ აკადემიის ვარჯიშებით შემოვიფარგლები. თავს არ ვზოგავ, ბოლომდე ვიხარჯები და ვცდილობ მაქსიმალურად ავითვისო სარაგბო უნარები. ვცდილობ გამოვნახო დრო და კლუბშიც აუცილებლად მივალ. მიმაჩნია, რომ ადამიანის ცხოვრებაში სწავლა და განათლება უმნიშვნელოვანესია. ადამიანი სპორტშიც ვერ მიაღწევს დიდ წარმატებას თუ განათლება არ ექნება. სწავლას აუცილებლად ბოლომდე მივყვები, თუმცა რაგბი ისე მიყვარს, რომ მზად ვარ ყველანაირ დატვირთვას გავუძლო და ეს ორი საქმე ერთმანეთს შევუთავსო“.

ლუკას სპორტული კუმირი მამუკა გორგოძეა და როგორ თავად ამბობს, რაგბიზე მისვლაც სწორედ გორგოძის მაგალითზე გადაწყვიტა:

„როდესაც მიღება გამოცხადდა 16 წლის ვიყავი და მამუკა გორგოძის მაგალითი გამახსენდა. რაგბის თამაში მანაც ამ ასაკში დაიწყო და მონდომებით ყველაფერს მიაღწია. მის მაგალითს ბევრი უნდა მიყვეს. რომ არა გორგოძის ამბავი და ეს პროექტი, ალბათ რაგბს აღარასდროს ვითამაშებდი, თუმცა მივიღე შანსი და მას აუცილებლად გამოვიყენებ“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
დაბალი და ფიზიკურად სუსტი დიდი რაგბს ვერ ითამაშებს. მაღალი ბიჭების შერჩევა ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. ეგ პროექტი უნდა გაგრძელდეს და დროებითა ღონისძიება არ უნდა იყოს.
zura
14:20 23-03-2018
8
დემოკრატია-დიქტატურა რა შუაშია. უბრალოდ მეორე ხაზელების კატასტროფულ დეფიციტს განიცდის ქართული რაგბი. მაგიტო ეძებენ მაღალ ბიჭებს...
elguja
13:42 23-03-2018
10

სიახლეები პოპულარული