ქართველები არბიტრები რაგბის საერთაშორისო მატჩებს იმსაჯებენ

AutoSharing Option
საერთაშორისო კატეგორიის ორი ახალგაზრდა ქართველი მსაჯი - ნიკა ამაშუკელი და შოთა თევზაძე, ელიტისკენ მორიგ ნაბიჯებს დგამენ.

ირლანდიის სამსაჯო კომიტეტმა ისინი 18-წლამდელთა ნაკრებების ტურის შეხვედრებზე, ცენტრალურ მსაჯებად მიიწვია. 24 მარტს, ირლანდიის 18-წლამდელთა ორი ნაკრები კანადისა და ფრანგი თანატოლების ნაკრებებს დუბლინში ეთამაშებიან და მასპინძლებმა თამაშების განსჯა ქართველ მსაჯებს ანდეს.

„ევროპის წამყვანი სარაგბო ქვეყნების 18-წლამდელთა ნაკრებები ექვსი ერის შეხვედრებისთვის ემზადებიან, ირლანდიელებმა მე და შოთა გასახურებელ თამაშებზე მიგვიწვიეს. ესაა პატივისცემის გამოხატულება და ნიშანი იმისა, რომ საქართველო ირლანდიელთა თვალთახედვის არეალშია. ტიერ1-ის ქვეყნების ნაკრებებთან აქამდე არასდროს
გვიმუშავია და ჩვენ უმაღლეს სარაგბო გარემოში, დიდ გამოცდილებას შევიძენთ“ - ამბობს ამაშუკელი.

დუბლინში ქართველი მსაჯების მუშაობას გამოცდილი სპეციალისტები, დევიდ ო’ბრაიანი და დადლი ფილიფსი დააკვირდებიან, რომელსაც ცენტრალურ მსაჯად თბილისში უმუშავია, ახლახანს კი ირლანდიის მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

დუბლინიდან რუმინეთში

მსაჯები სამშობლოში 25 მარტს დაბრუნდებიან და მალევე ამაშუკელს რუმინეთში მოუწევს გამგზავრება. ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის სამსაჯო კომიტეტმა, ახალგაზრდა ქართველი რეფერი ‘კონტინენტის ფარის’ ნახევარფინალში, რუმინული ‘ტიმიშოარა-სარასენსისა’ და გერმანული ‘ჰაიდელბერგის’ პირველ შეხვედრაში ცენტრალურ მსაჯად დანიშნა. თამაშს ქართველი მსაჯების ბრიგადა მოემსახურება და ნიკას კიდეებიდან საბა აბულაშვილი და ლაშა ლაშხია დაეხმარებიან. პირველი დიდი 10-ის ცენტრალური მსაჯია, მეორე ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და სწრაფად მზარდ მსაჯად მოიაზრება და ეს გამოცდილება მათ მომავალ განვითარებას დიდ დახმარებას გაუწევს.

„კონტინენტის ფარის“ ორრაუნდიანი ნახევარფინალის გამარჯვებული, ფინალში გასვლასთან ერთად, 2018/2019 წლების სეზონზე „ჩელენჯ ქაფის“ საგზურსაც იღებს და ამ თამაშს ორვე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამაშუკელი იმედოვნებს, რომ ქართველი მსაჯების ბრიგადა კარგ შეფასებას მიიღებს:

„მნიშვნელობიდან გამომდინარე, კარგი თამაში უნდა გამოვიდეს. მას უფრო დიდი დატვირთვა აქვს, ვიდრე ფინალურ შეხვედრას. ჯგუფურ ეტაპზე ორი მატჩი ვიმსაჯეთ და ორივეგან მწვანე ფერი ავიღეთ, რაც უმაღლესი შეფასებაა. ალბათ, სწორედ ამიტომ შეირჩა ჩვენი კანდიდატურა. მიუხედავად ამისა, არ ველოდი ნახევარფინალზე თუ დაგვიძახებდნენ და ძალიან გახარებული ვარ. მალე 21 აპრილს გასამართი განმეორებითი ნახევარფინალების მსაჯებიც გაირკვევა და იმედია, იქაც ქართველი მსაჯი იქნება შოთა თევზაძის სახით“.

ცნობისათვის, ‘კონტინენტის ფარის’ ჯგუფურ ეტაპზე მსაჯთა 8 ბრიგადა მუშაობდა, საიდანაც 3 შოტლანდიური იყო, ორი ქართული, თითო-თითო იტალიური, რუმინული და ესპანური.

კიდევ ერთი თამაში, რომელზეც ამაშუკელი ცენტრალური მსაჯი იქნება, რაგბი ევროპის კონფერენც2 დივიზიონის შეხვედრაა სლოვენიასა და ავსტრიას შორის (7 აპრილი).

საფრანგეთში ვარსკვლავებთან

ახალი სეზონის დაწყებამდე, ამაშუკელმა და თევზაძემ, როგორც ევროპული პროფესიული საკლუბო რაგბის მსაჯებმა, საფრანგეთში სპეციალური ტესტირება გაიარეს. ისინი ‘ლე ბლეს’ ბაზაზე, ‘მარკუსიზე’ რამდენიმე დღის განმავლობაში, ევროპის ყველა ცნობილ მსაჯთან ერთად მუშაობდნენ.

ეპსრ-ის მსაჯთა უფროსმა, ფრანგმა ჟოელ ჟუშმა მაშინ ნიკას და შოთას უთხრა, რომ სურს მალე „ჩელენჯ ქაფის“ მატჩებში იხილოს:

„საფრანგეთში მთელი ევროპიდან 40 მსაჯი შევიკრიბეთ, მათ შორის ისეთი ვარსკვლავებიც იყვნენ, როგორებიც ნაიჯეო ოუენსი და უეინ ბარნსი არიან. ოთხ ჯგუფად ვიყავით და მე ოუენსის ჯგუფში მოვხვდი. ის ძალიან კარგი ადამიანია, ბევრს ხუმრობდა და ჩვენსავით გადიოდა ტესტირებას. შეგვამოწმეს რეაქციაზე, დაღლილზე გადაწყვეტილების მიღებაზე და ა.შ.

შევხვდით ჟოელ ჟუშს, რომელმაც გვითხრა, რომ სურდა ჩვენი „ჩელენჯ ქაფის“ მატჩებში ხილვა და ამისათვის ბევრი უნდა ვიმუშაოთ. მას უნდა დავუმტკიცოთ, რომ მზად ვართ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, შეგვიძლია თამაშის სწორად მართვა და ვფიქრობ, ჩვენ ჟოელს იმედებს არ გავუცრუებთ“ - იხსენებს სეზონის სტარტზე მიღებულ გამოცდილებას ამაშუკელი.

დიდი 10-ის დონე გაიზარდა

ნიკა ამაშუკელი, პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით საუბრობს, რომ დიდ 10-ში თამაშების დონე ამაღლდა და ქართულ კლუბებს თავისუფლად შეუძლიათ ‘კონტინენტის ფარზე’ წარმატების მიღწევა.

„ვიმსაჯე იტალიური ‘ვიადანასა’ და პორტუგალიის ჩემპიონის (ლისაბონის უნივერსიტეტი), ასევე ‘ტიმიშოარა-სარასენსისა’ და ‘კალვიზანოს’ შეხვედრა. ორი ერთმანეთისგან განსხვავებული თამაში იყო. მიუხედავად იმისა, რომ მეორე შეხვედრაში დასკვნით 15 წუთში თოვლის სახით უხვი ნალექი მოვიდა, ხარისხი ძალიან მაღალი იყო და სანახაობრივი მატჩი გამოვიდა.

ვფიქრობ, ‘კონტინენტის ფარზე’ მოთამაშე გუნდები დიდი 10-ის გუნდებს არაფრით აღემატებიან, რაც ‘ბათუმმაც’ დაამტკიცა. მას იტალიაში ორივე თამაში მოსაგები ჰქონდა და უფრო მეტსაც მიაღწევდა. აშკარად ამაღლებულია დიდი 10-ის დონეც. პირადად ჩემთვის, თითოეულ მატჩში ჯარიმების ზღვარი 24-იდან 16-18-მდეა შემცირებული. 3-5 წუთით გაზრდილია სუფთა სათამაშო დრო და იყო თამაშები, სადაც ეს მაჩვენებელი 35-ს ასცდა, რაც ძალიან კარგია“ - კმაყოფილია ამაშუკელი და ფიქრობს, რომ წესების ცვლილება რაგბის სანახაობრივ მხარეს კიდევ უფრო გაზრდის:

„პირადად ჩემთვის რაგბის წესებში განხორციელებული ცვლილებები მსაჯობას ამარტივებს. რაგბი უფრო შემტევი და სანახაობრივი ხდება, მე კი დინამიური თამაშის მომხრე ვარ. ეს არაა ბოლო ცვლილება, ყველაფერი ვითარდება და დარწმუნებული ვარ ცვლილებები მომავალშიც იქნება.

თამაშის ტემპის მატება ჩვენი, მსაჯების ფიზიკური კონდიციების ამაღლებასაც მოითხოვს და თავს არ ვზოგავთ, დღეში ორჯერ ვვარჯიშობთ და ნებისმიერი დონის შეხვედრისთვის მზად ვართ“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია,წარმატებები!!!
tazo
19:13 25-03-2018
0

სიახლეები პოპულარული