ქუთაისში ამერმა მოიგო

AutoSharing Option
აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრებმა, დასავლეთის ნაკრებს ქუთაისში სამი გარდასახული ლელო გაუტანა და ქართული რაგბის ისტორიაში პირველ იმერ-ამერის შეხვედრაში 21:12 იმარჯვა.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილის აღსანიშნავ მატჩს 26 მაისს ‘აია’ არენამ უმასპინძლა. დასავლეთის ბირთვს ‘აიას’ მორაგბეები წარმოადგენდნენ (16), 7 მოთამაშე ‘ბათუმიდან’ იყო, ხოლო თითო-თითო ‘ბაგრატიდან’ და ‘არესიდან’. აღმოსავლეთის ნაკრებში ყველაზე მეტი მოთამაშე ჩემპიონი ‘ლოკომოტივიდან’ იყო, 6-6 გორის ‘ჯიქიდან’ და თბილისის ‘აკადემიიდან’, სამი რუსთავის ‘ხარებიდან’ და თითო-თითო ‘არმაზიდან’ და ‘ლელო-სარასენსიდან’.

გუნდებს შეუთამაშებლობა ეტყობოდათ და პირველი 20 წუთი დალაგებას მოანდომეს,
მერე კი ანგარიში გაიხსნა. აღმოსავლეთელებმა თანმიმდევრული შეტევით ბურთი მეტოქის 5-მეტრიან წყვეტილთან ჩაიტანეს, კობა ჯიმშელეიშვილმა დასავლეთელთა დაცვის უყურადღებობით ისარგებლა, რაქიდან მოულოდნელად შეუტია და მისი ლელო რამაზ ხარაზიშვილმა გარდასახა.

‘ამერი’ უპირატესობას ფლობდა, თღუმცა ტაიმის მიწურულს მეორე ლელო კონტრშეტევაზე გაიტანა. მათ საკუთარი 22-იდან ფეხით სცადეს სიტუაციის განმუხტვა, ფრთაზე დარტყმული ბურთი ხარაზიშვილის ნადავლი გახდა, იერიში ვახო ამირანაშვილმა გააგრძელა, ორ მბოჭავს გაექცა და ხარაზიშვილის გარდასახვის შემდეგ ანგარიში 14:0 გახდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘იმერი’ თამაშში დაბრუნდა. 42-ე წუთზე ნიკა წივწივაძემ შებრუნებული პასი შეირგო, ხაზი გაჭრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო ბახვა კობახიძემ გარდასახა. 47-ე წუთზე ბახვამ ხაზი გაჭრა, მარცხენა ფრთაზე მეტობა შექმნა და ვანო ფუტკარაძე ალამთან შესრიალდა. გარდასახვა არაზუსტი იყო და ‘ამერმა’ 2-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

დასავლეთელებს დაწინაურების შანსი რამდენჯერმე ჰქონდათ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. აღმოსავლეთელებმა კი, 70-ე წუთზე საკუთარი შანსი გამოიყენეს, გიორგი ხუროშვილი ახლოდან მიეძალა და ლელო გაიტანა, ხოლო ხარაზიშვილმა გარდასახა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 21:12.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული