"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკასთან ბოლომდე იბრძოლეს და ბონუს-ქულა მოიპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ მატჩში, მრისხანე სამხრეთ აფრიკას 3 ლელო გაუტანა და ჯამში 27 ქულა მოაგროვა, თუმცა ეს სენსაციური გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა - 27:33.

მიუხედავად ამისა, უკვე ხვალ მსოფლიო კიდევ ერთხელ ალაპარაკდება ქართულ სარაგბო გენზე, რადგან ასეთ შედეგს ქართველი 20-წლამდელებისგან თითქმის არავინ ელოდა. თუმცა მათ დაამტკიცეს, რომ ქართული რაგბი აღმავლობის გზაზე დგას და ბორჯღალოსნებს ღირსეული ცვლა ეზრდებათ.

წმინდა სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა აიღეს ბონუს ქულა და ის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, შესაძლოა ბევრი რამის გადამწყვეტი
აღმოჩნდეს.

საწყისი წუთების მღელვარების გამო, დაახლოებით 10 წუთი ბურთზე კონტროლის დამყარება გაგვიჭირდა, თითქმის მთელი დრო დაცვაში გავატარეთ და აფრიკელებმა ლელოთი ანგარიში გახსნეს. უმცროსი ბორჯღალოსნების პასუხმა არ დააგვიანა და ლაშა ლომიძემ საკუთარი დაწყებული იერიში ლელოთი დაასრულა. მან მეტოქე ცრუმოძრაობაზე დაიჭირა, ცენტრალურ ხაზთან უპირატესობა შექმნა და ბურთი სანდრო სვანიძეს გაატანა, რომელმაც თითქმის 40 მეტრი ირბინა. 5-მეტრიან წყვეტილთან საქმეში მორკინალები ჩაერთვნენ, მერე თედო აბჟანდაძემ ბურთი ფეხით ლელოში შეაცურა და მას ლომიძე მიყვა.

გელა აფრასიძემ გარდასახვით დაგვაწინაურა, მე-17 წუთზე ჩვენმა შერკინებამ ჯარიმა გამოიმუშავა და აფრასიძემ 40 მეტრიდან გაიტანა - 10:5. გარკვეული დროით მეტოქე წნეხში მოვაქციეთ, თუმცა აფრიკა მალევე გამოერკვა და 13-წუთიანი ჩამორჩენის შემდეგ უპირატესობა დაიბრუნა. უმცროსი ბორჯღალოსნები ლელოდან 5 მეტრში მოლში არ შევიდნენ და მეტოქემ ამით ისარგებლა.

და მაინც, ტაიმის მიწურულს აგრესიული დაცვით სამხრეთ აფრიკა მისსავე ნახევარზე შევავიწროვეთ, დემე თაფლაძემ გადაცემა ჩაჭრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო აფრასიძემ ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 17:12 საქართველოს სასარგებლოდ!

მეორე ტაიმში სამხრეთ აფრიკა უმაღლეს სიჩქარეებზე ათამაშდა და ჩვენი შეცდომებით ორჯერ ისარგებლა. პირველ ჯერზე ბექა მამუკაშვილს ლელოს ხაზთან ფეხით თამაშისას დაუფარეს; მერე ოთარ ძაგნიძე აფრიკელ ფლანკერს ბურთში ჩაუჯდა და არ დაამიწებინა, თუმცა 5-მეტრიან შერკინებას ლელო მოყვა, ორივე გარდასახვა ზუსტი იყო და მეტოქის უპირატესობა 9 ქულამდე გაიზარდა.

უმცროსი ბორჯღალოსნები არ გატყდნენ, საპასუხოდ თანმიმდევრულად შეუტიეს, ჯარიმა გამოიმუშავეს და არცთუ იოლი პოზიციიდან აფრასიძემ თამაშში დაგვაბრუნა. სამწუხაროდ, შეტევებში შეცდომები მოგვდიოდა, რითაც მეტოქე სარგებლობდა და ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში მორიგი ლელო მივიღეთ. ამის შემდეგაც უმეტესად დაცვაში გვიწევდა თამაში და შანსს ველოდებოდით. ეს შანსი 69-ე წუთზე გაჩნდა. მამუკაშვილმა ტაიმის დასაწყისში დაშვებული შეცდომა გამოასწორა, ცრუმოძრაობით პირველი მბოჭავი ჩამოიცილა, დაახლოებით 15 მეტრი ირბინა და ბურთს ფეხი დაკრა. უბურთოზე თამაშისთვის აფრიკელთა ბურჯი სინბინით დაისაჯა, საქართველომ კი კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩია.

22-თან აგორებული მოლის შემდეგ მორკინალებმა რამდენჯერმე დაარტყეს, ფაზები ერთმანეთს მიება და აბჟანდაძემ კარის წინ სივრცე მონახა, ის ზედ ლელოსთან შეაჩერეს, ლუკა დვალიშვილი არ დაიბნა და სამხრეთ აფრიკას მესამე ლელო გაუტანა, ხოლო აბჟანდაძემ ზუსტი გარდასახვით სხვაობა კვლავ ერთი გარდასახული ლელოს ფარგლებში დააბრუნა.

უკვე გმირებს უფრო დიდი გმირობისთვის 8 წუთი რჩებოდა, თუმცა სამხრეთ აფრიკამ შეძლო თამაშის ჩვენს ნახევარზე გადმოტანა, დროის გაყვანა და ბურთის აუტში დარტყმით 33:27 გამარჯვება. ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის გუნდმა 20-წლამდელთა ჩემპიონატის შარშანდელ ბრინჯაოს პრიზიორთან ბონუს-ქულა აიღეს და 3 ივნისს მასპინძელ საფრანგეთს ბეზიეში შეერკინება.


2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
30 მაისი - 17 ივნისი | საფრანგეთი | ბეზიე, პერპინიანი, ნარბონი
ჯგუფური ეტაპი. პირველი ტური
30 ივნისი. პერპინიანი.
სამხრეთ აფრიკა - საქართველო 33:27

ბექები:
15. ბექა მამუკაშვილი, 14. დემე თაფლაძე, 13. სანდრო სვანიძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ძაგნიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე;

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ლევან პაპიძე, 3. ლუკა ჯაფარიძე, 4. ბექა საღინაძე (კაპ.), 5. ლაშა ჯაიანი, 6. თორნიკე ჯალაღონია, 7. თენგიზ გიგოლაშვილი, 8. არსენ მაჩალაძე.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გიორგი ნუცუბიძე, 18. გია ხარაიშვილი, 19. ლუკა გელაშვილი, 20. არჩილ აბესაძე, 21. ლუკა დვალიშვილი, 22. თემურ ჭიჭინაძე, 23. მიხეილ ალანია.

მთავარი მწვრთნელი:
ილია მაისურაძე
მწვრთნელები: ზურაბ ამონაშვილი, ლადო კილასონია

3 ლელო: ლომიძე, თაფლაძე, დვალიშვილი

3 გარდასახვა: აფრასიძე (2), აბჟანდაძე

2 ჯარიმა: აფრასიძე

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 15 /
სვანიძე როგორ არის? მძიმე ტრამვა ხომ არ მიიღო?
0
სიჩქარე, მაღალ სიჩქარეზე თამაში და სწრაფი დახმარება რაკში! ეს გვინდა და მერე ყველა გვიფრთხიდეს!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული