U20. საქართველო VS ირლანდია - თუ მოვიგეთ, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვექნება

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში, "უმცროსი ბორჯღალოსნები" 7 ივნისს ჩვენი დროით 20:30 საათზე ირლანდიელ თანატოლებს შეხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში მოწინავე 8 გუნდს შორის მოხვედრის შანსი ექნებათ.

ტურნირის ფორმატის თანახმად, სამი ჯგუფის გამარჯვებული და ერთიც საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის ნახევარფინალში გადის; დანარჩენი ორი მეორეადგილოსანი და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი მეხუთე-მერვე ადგილებისთვის აგრძელებს ბრძოლას; ხოლო ჯგუფის აუტსაიდერები და უარესი მაჩვენებლის მქონე მესამეადგილოსანი მე-9 ადგილისთვის ითამაშებენ.

ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის შეგირდები, G ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან აღებული ბონუსით მეოთხე ადგილზე
არიან (ქულათა ბალანსი -18). მხოლოდ ერთი ბონუსი აქვს ირლანდიასაც (საფრანგეთთან მცირედით მარცხისთვის), თუმცა გატანილ-გაშვებული ქულათა ბალანსი ჩვენზე სამით უკეთესი აქვთ -15.

გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მესამე ადგილზე აღზევდება და სხვა ორი ჯგუფის შეხვედრას დაელოდება. ამ დროისთვის A ჯგუფში მესამე ადგილს უელსი იკავებს, რომელსაც 4 ქულა აქვს (ბალანსი -27); B ჯგუფში 5-5 ქულა აქვთ არგენტინას (ბალანსი -5) და იტალიას (-37). დასკვნით ტურში უელსი იაპონიას შეხვდება, ხოლო არგენტინა და იტალია ერთმანეთში თამაშობენ. ჩვენთვის მისაღები იაპონიის და არგენტინის გამარჯვებაა, თანაც ისე, რომ იტალიამ ბონუსი არ აიღოს. არის სხვა ვარიანტებიც: იტალიის 12 და მეტი ქულის სხვაობით გამარჯვება, თუმცა ამ თვლას აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ ჩვენები ნარბონში ირლანდიას დაამარცხებენ და თუ ბონუსიც აიღეს, 8 მოწინავე გუნდს შორის მოხვედრა პრაქტიკულად გადაწყვეტილი იქნება.

წინა ტურებში

პირველ ტურში, სამხრეთ აფრიკასთან პირველი ტაიმის მოგების შემდეგ, მეორე ტაიმში მრისხანე მეტოქეს მესამე ლელო გავუტანეთ და დასკვნით წუთებში თამაშის ბონუსით (!) მოგების შანსსაც ვინარჩუნებდით, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ქულას დავჯერდით - 27:33. მეორე მატჩში ორი ლელო გავუტანეთ მასპინძელ საფრანგეთს და მოგების არა, თუმცა ბონუსის აღების შანსი აქაც გვქონდა - 12:24.

პირველ ტურში ირლანდია საფრანგეთს პირველი ტაიმის შემდეგ 17:5 ამარცხებდა და საბოლოოდ 24:26 დამარცხდა, ხოლო გასულ ტურში სამხრეთ აფრიკამ 30:17 აჯობა.

აღსანიშნავია, რომ ეს ირლანდიის ნაკრების ის თაობაა, რომელსაც 2015 წელს, ევროპის 18-წლამდელთა მეოთხედფინალში ფრედ 8:8 ვეთამაშეთ და მატჩის შემდგომ არეკნებში გელა აფრასიძის დარტყმებით ვაჯობეთ.

უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატს მესამედ თამაშობენ და ირლანდიას სხვადასხვა ეტაპზე მესამედ ხვდებიან.

2016 წელს, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ვასილ ლობჟანიძის ლელოთი და დავით მოძღვრიშვილის გარდასახვით დავწინაურდით. მე-7 წუთზე რეფერიმ ჩვენი მორაგბე წითელი ბარათით გააძევა და დარჩენილი დრო კაცნაკლულები დაგვტოვა, თუმცა მეტოქემ მეოთხე, პრემიალური ლელო მხოლოდ უკანასკნელ წუთზე გაიტანა და 35:7 იმარჯვა.

იმ წელს ირლანდიამ უელსს 26:25 და ახალ ზელანდიას 33:24 მოუგო, თასის ნახევარფინალში არგენტინას 37:7 სძლია, ფინალში კი მასპინძელ ინგლისთან 21:45 დამარცხდა და პირველად 20-წლამდელთა ჩემპიონატის ისტორიაში, მედლებს დაეუფლა.

შარშან ირლანდიას ‘მიხეილ მესხზე’, მე-9 ადგილისთვის შევხვდით და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. პირველი ტაიმის 10:7 მოგების შემდეგ, მეტოქემ მეორეს დასაწყისში ორი გარდასახული ლელო გაიტანა. აფრასიძის ინდივიდუალური გარღვევით და ლამაზი ლელოთი, ასევე მისი შორეული ჯარიმით და თედო აბჟანდაძის გარდასახვით, 75-ე წუთამდე სხვაობა მხოლოდ 3 ქულა იყო, თუმცა ირლანდიელებმა ჯარიმა გაიტანეს და 24:18 იმარჯვეს.

შვიდი ცვლილება

ხვალინდელი შეხვედრა ნარბონში, საქართველოს დროით 20:30 საათზე დაიწყება. მწვრთნელებმა უკვე შეარჩიეს ის 23 მოთამაშე, რომლებიც ამ ისტორიული შედეგის მიღწევას ეცდებიან.

შერკინებაში ხუთი ის მოთამაშე დაბრუნდა, რომელთაც სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ იბრძოლეს. საფრანგეთთან მატჩის შემდეგ, სრულად შეიცვალა შერკინების პირველ ხაზი და თამაშს გურამ გოგიჩაშვილი, ლევან პაპიძე და ლუკა ჯაფარიძე იწყებენ. შეცვლილია მეორე ხაზიც. სასტარტოში ბრუნდება გუნდის კაპიტანი ბექა საღინაძე, რომელმაც აფრიკელებთან მატჩის შემდეგ დაისვენა და მას არსენ მაჩალაძე შეუწყვილდება. სამხრეთ აფრიკასთან ის შერკინების შემკვრელი იყო და საფრანგეთთან შეცვლაზე ითამაშა.

მესამე ხაზში საფრანგეთთან მატჩის შემდეგ ადგილი შეინარჩუნეს ფლანკერმა სანდრო მამამთავრიშვილმა და შერკინების შემკვრელმა თორნიკე ჯალაღონიამ. წინა ორ შეხვედრაში თადარიგში იყო და სასტარტოში დაწინაურდა არჩილ აბესაძე.

უცვლელია და ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს ღერძი - გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე. აფრიკელებთან ტრავმის გამო არ უთამაშია, თუმცა ფრანგებთან დაბრუნდა და ახლაც ძირითადშია ცენტრი გიორგი წიკლაური, რომელსაც სანდრო სვანიძე შეუწყვილდება. სვანიძე სამხრეთ აფრიკასთან მატჩში დაშავდა და წინა შეხვედრა გამოტოვა. ფრთაზე ბრუნდება დემე თაფლაძე, ხოლო მეორე ფრთა ამჯერადაც ოთარ ძაგნიძეა. უცვლელია ფულბეკი - ბექა მამუკაშვილი.

მარქაფაში ის პირველი ხაზია, რომელიც სამხრეთ აფრიკასთან იყო: თენგიზ ზამთარაძე, გიორგი ნუცუბიძე და გია ხარაიშვილი. წინა ორ მატჩში ძირითადში იყვნენ და ახლა თადარიგში არიან მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი და მესამეხაზელი თენგიზ გიგოლაშვილი.

თადარიგში გამოჩნდა კოტე მარჯანიშვილი, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. მარქაფაში არიან ცხრა ნომერი ლუკა დვალიშვილი და შუამარბი ლაშა ლომიძე.

23-კაციან განაცხადში 12 ისეთი მორაგბეა, რომლებმაც ირლანდიელთა წინააღმდეგ შარშანაც ითამაშეს. ესენი არიან: გოგიჩაშვილი, პაპიძე, საღინაძე, მაჩალაძე, აფრასიძე, აბჟანდაძე (შარშან ექვსივე სასტარტოში იყო და ახლაც თამაშს იწყებს), ჯაიანი (შარშან სასტარტო იყო), ჯალაღონია, მამამთავრიშვილი, დვალიშვილი, წიკლაური და მამუკაშვილი.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
უფლის მადლი და ძალი არ მოგკლებოდეთ ბიჭებო ირლანდიასთან მატჩში. გამარჯვებას გისურვებთ.
გიზოგ
14:12 07-06-2018
0
ჯერ მთავარია მოვიგოთ :)
მოგება
12:16 07-06-2018
0

სიახლეები პოპულარული