რაგბი

სხვადასხვა

ქართველმა არბიტრმა შოთა თევზაძემ ურუგვაიში იმსაჯა

AutoSharing Option
2017 წლის საქართველოს საუკეთესო მსაჯმა შოთა თევზაძემ ურუგვაიში გამართულ მსოფლიო რაგბის ერთა თასზე ორი შეხვედრა იმსაჯა.

24 წლის ქართველი ნაბიჯ-ნაბიჯ უშინაურდება საერთაშორისო რაგბის და ბოლო დროს მსოფლიო რაგბის ეგიდით ჩატარებულ თამაშებშიც ხშირად ჩანს. აქამდე მისი ყველაზე მაღალი დონის მატჩი რუმინეთი-ტონგასა და რუმინეთი-სამოას ტესტები იყო, სადაც გვერდით მსაჯად იმუშავა, აპრილში კი მიწვევა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე, ცენტრალურ მსაჯად მიიღო.

მონტევიდეოში დასრულებული ტურნირის პირველ ტურში, 2 ივნისს შოთამ არგენტინა XV-ისა და "მზარდი იტალიის" თამაში განსაჯა, რომელიც სამხრეთამერიკელებმა 19:8 მოიგეს. მეორე მატჩში 2019
წლის მსოფლიო თასზე "ბორჯღალოსნების" მეტოქე ურუგვაიმ "ფიჯელი მებრძოლები" ("ა" ნაკრები) 29:10 დაამარცხა.

6 ივნისს თევზაძე კვლავ ცენტრალური მსაჯი იყო და კვლავ "მზარდი იტალიის" შეხვედრა განსაჯა, ამჯერად მასპინძელ ურუგვაისთან. დაძაბულ მატჩში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 23:19. მეორე შეხვედრაში არგენტინა XV-მა "ფიჯელ მეომრებს" 75:15 აჯობა.

10 ივნისს, დასკვნით ტურში შოთას არ უმსაჯია. "მზარდმა იტალიამ" ფიჯის დაძაბულ ბრძოლაში 29:27 აჯობა, ხოლო არაოფიციალური ფინალი არგენტინა XV-სა და ურუგვაის შორის გაიმართა.

მასპინძლებმა თამაშის შემობრუნება დასკვნით მეოთხედში შეძლეს, მეზობლებს 26:20 მოუგეს და 2018 წლის "ერთა თასის" გამარჯვებული ურუგვაი გახდა.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით