დღეს "უმცროსი ბორჯღალოსნები" იაპონიას დაუპირისპირდებიან

AutoSharing Option
დღეს, საქართველოს დროით 20:30 საათზე, "უმცროსი ბორჯღალოსნები" იაპონელ თანატოლებს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის IX-XII ადგილების ნახევარფინალში შეხვდებიან და ზედიზედ მესამედ მოწინავე ათეულში დარჩენას ეცდებიან.

მატჩი პერპინიანში გაიმართება და პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ჩვენი 20-წლამდელები ჩემპიონატში ზედიზედ მეორე თამაშის მოგებას ეცდებიან, რაც გაისად 12-გუნდა ელიტაში ადგილის შენარჩუნების ტოლფასი იქნება.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" მოწინავე 12-ში 2016 წელს აღზევდნენ და გასულ ორ ჩემპიონატში მეოთხე მატჩის მოგებით (2016-ში იტალიასთან და 2017-ში არგენტინასთან) მე-10 ადგილი დაიკავეს.

იაპონია პირველ ორ 20-წლამდელთა ჩემპიონატში თამაშობდა (2008-09 წლებში), როდესაც მასში
16 გუნდი მონაწილეობდა. აზიელები 12-გუნდა ტურნირში 2015 წელს აღზევდნენ და სამოას ძლევით ადგილი შეინარჩუნეს, თუმცა 2016 წელს ბოლო, მე-12 ადგილზე დარჩნენ და ელიტას წელს დაუბრუნდნენ.

მიმდინარე ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იაპონია პირველ ორ მატჩში უშანსოდ დამარცხდა - ახალ ზელანდიასთან 0:67 და ავსტრალიასთან 19:54, ხოლო 4 დღის წინ უელსს ბოლომდე ებრძოლა და მინიმალური სხვაობით, 17:18 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში იაპონელთა გამარჯვების შემთხვევაში, "უმცროსი ბორჯღალოსნები" V-VIII ადგილებისთვის იბრძოლებდნენ, ხოლო უელსი იაპონიასთან ერთად ქვედა ოთხეულში დარჩებოდა.

საქართველომ ტურნირის პირველ მატჩში სამხრეთ აფრიკას დიდი წინააღმდეგობა გაუწია და გამარჯვების შანსს ბოლო წუთამდე ინარჩუნებდა, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ბონუსს დასჯერდა - 27:33. მეორე ტურში მასპინძელ საფრანგეთსაც ღირსეულად ვეთამაშეთ (12:24), ოთხი დღის წინ კი, ირლანდიასთან ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ - 24:20.

როგორც ზემოთ ვთქვით, მომავალ თამაშს პერპინიანი უმასპინძლებს, სადაც ჩვენ 30 მაისს სამხრეთ აფრიკას შევხვდით, ხოლო იაპონიამ ამ ქალაქში წინა შეხვედრა (უელსთან) გამართა.

თითო ცვლილება
ილია მაისურაძემ, ლადო კილასონიამ და ზურა ამონაშვილმა ირლანდიასთან გამარჯვებულ შემადგენლობაში ხაზსა და შერკინებაში თითო ცვლილება განახორციელეს.

ზედიზედ მეოთხე თამაშს იწყებენ გელა აფრასიძე (9), თედო აბჟანდაძე (10), ბექა მამუკაშვილი (15) და ფრთის მოთამაშეები - ოთარ ძაგნიძე და დემე თაფლაძე (საფრანგეთთან ცენტრში ითამაშა). ტრავმის გამო პირველი შეხვედრა გამოტოვა და მას შემდეგ მესამე თამაშს იწყებს ცენტრი გიორგი წიკლაური, რომელსაც ლაშა ლომიძე შეუწყვილდება. ის მარქაფიდან დაწინაურდა.

შერკინების მოთამაშეთაგან უცვლელი მხოლოდ თორნიკე ჯალაღონიაა, რომელიც საფრანგეთთან და ირლანდიასთან შერკინების შემკვრელი იყო, ახლა კი ფლანკერის პოზიციაზე დაბრუნდა. მეორე ფლანკერი სანდრო მამამთავრიშვილია, რომელსაც ირლანდიასთან არ უთამაშია და მას შემდეგ სასტარტოშია. შემკვრელად ბრუნდება არსენ მაჩალაძე, ის ირლანდიასთან მეორე ხაზში იდგა.

მეორე ხაზში ბრუნდება ლაშა ჯაიანი, რომელიც გუნდის კაპიტან ბექა საღინაძეს შეუწყვილდება. უცვლელია შერკინების პირველი ხაზი - გურამ გოგიჩაშვილი, ლევან პაპიძე და ლუკა ჯაფარიძე.

ერთი ცვლილებაა მარქაფის პირვენ ხაზში და თენგიზ ზამთარაძისა და გიორგი ნუცუბიძესთან ერთად, იქ ლუკა აზარიაშვილი ბრუნდება. მარქაფაში გამოჩნდა მეორეხაზელი ლუკა გელაშვილი, ხოლო თენგიზ გიგოლაშვილი მესამე ხაზს გააძლიერებს.

9 ნომრის შემცვლელი ლუკა დვალიშვილია, ხაზში კი კოტე მარჯანიშვილი და თემურ ჭიჭინაძე გამოჩნდებიან.

მეცხრე ადგილის მეორე ნახევარფინალში ირლანდია შოტლანდიას ეთამაშება, ხოლო 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასკვნითი მატჩები 17 ივნისს გაიმართება.

Sportall.Ge

altირლანდიელებმა ქართველ მორაგბეებს ხოტბა შეასხეს - "გამარჯვებაზე დამშეულ ახალგაზრდა ლელოელებთან" დავმარცხდით

altგილოცავთ - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ირლანდია 24:20 დაამარცხეს! [VIDEO]


მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები ორივე გუნდს. დაე უკეთესმა გაიმარჯვოს.
დიახ
16:28 12-06-2018
1
თუ ყურადღებას თამაშის ბოლო წამამდე არ მოვადუნებთ, მიუხედავად ანგარიშისა, მაშინ იაპონიასაც დავამარცხებთ და წლევანდელი მიზანიც მიღწეული იქნება. აბა თქვენ იცით ბიჭებო, მთელი საქართველო თქვენთანაა!
ლევანი
13:49 12-06-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული