რაგბი

სხვადასხვა

საქართველო XV VS ბრაზილია - რა გვჭირდება ზაფხულის თასის მოსაგებად

AutoSharing Option
საქართველო XV-ის მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ "რაგბის ზაფხულის თასის" მეორე მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობის ექვსი მოთამაშე შეცვალა - აქედან ხუთი ხაზში.

ჩვენი გუნდი "მიხეილ მესხზე" ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს ეთამაშება. შეხვედრა დღეს, 3 აგვისტოს, 21:30 საათზე დაიწყება და არის შანსი, რომ საქართველო XV ტურნირის გამარჯვებული გახდეს.

ამისათვის საჭიროა, რომ "რასინგი" არგენტინა XV-თან დამარცხდეს, ეს მატჩი ფრედ დასრულდეს ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში ფრანგებმა მცირედით იმარჯვონ და ბონუსი ვერ აიღონ (მეტოქეს 3-ით მეტი ლელო ვერ გაუტანონ).

ამავდროულად, ბესიკ ხამაშურიძის შეგირდებმა ბრაზილიას ბონუსით და რაც
შეიძლება მეტი სხვაობით უნდა აჯობონ, რადგან სატურნირო ქულების ტოლობის შემთხვევაში, უპირატესობა სწორედ ქულათა სხვაობას და მეტ გატანილ ქულას ენიჭება.

ცვლილებები ხამაშურიძის რაზმში
საქართველო XV-მა პირველ ტურში არგენტინა XV-თან ტაიმი 7:22 დათმო, მაგრამ არ დანებდა, მეორე ნახევარში 16 უპასუხო ქულა აიღო და ქომაგს ლამაზი გამარჯვება აჩუქა - 23:22. იმ შეხვედრის შემდეგ შერკინების ხაზში მხოლოდ ერთი ცვლილება განხორციელდა - მეორე ხაზში არსენ ტრაპაიძის ნაცვლად თორნიკე აქუბარდია იწყებს.

ხუთი ცვლილებაა ხაზში - გიორგი შკინინი საქართველოს ქვიშის ნაკრებს შეუერთდა, სანდრო სვანიძე და მიხეილ ალანია ტრავმირებულები არიან, ხოლო ირაკლი სვანიძემ და თემურ ირემაძემ მარქაფაში გადაინაცვლეს:

"თავიდანვე ვთქვი, რომ თამაშის საშუალება ყველას ექნებოდა. სწორედ ამიტომ, გიორგი შკინინისა და გიორგი ჭუაძის ქვიშის რაგბის ნაკრებში გაშვებაზე უარი არ გვითქვამს. სარეზერვო ჯგუფიდან დავიმატეთ აკაკი ტაბუცაძე, რომელმაც ახალგაზრდულ და 7-კაცა ნაკრებებში დიდი გამოცდილება დააგროვა და ახლა საკუთარი შესაძლებლობები აქაც უნდა დაამტკიცოს.

შერკინებაში თითო ტაიმი თითქმის ყველა მორაგბემ ჩაატარა და ცვლილებების სიმცირე ამითაა განპირობებული", - ამბობს ხამაშურიძე.

ბრაზილიამ სამი შეცვალა
ბრაზილიის ნაკრებში მხოლოდ ერთი გარემარბი, კვაჭი და მეორეხაზელი შეიცვალნენ. ბესიკ ხამაშურიძე მეტოქის შესაძლებლობებს დადებითად აფასებს და კარგი თამაშის მოლოდინშია:

"მიუხედავად დიდი სხვაობით მარცხისა, ბრაზილიის ნაკრებმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ინდივიდუალურად ყველა მოთამაშე კარგ ფორმაშია და მაქსიმუმი უნდა გავიღოთ მათ დასამარცხებლად. როცა ბრაზილიას ბურთი აქვს, სწრაფი და აგრესიული მოთამაშეების ხარჯზე უპირატესობის მოპოვებას ახერხებს. ვფიქრობ, ჩვენ წინააღმდეგ ისინი მაქსიმუმის გაკეთებას ეცდებიან და იოლ თამაშს არ ველოდები.

ჩვენი პრობლემა კვლავ იქნება შეუთამაშებლობა, თუმცა მოტივაცია არ გვაკლია და წარმატების იმედი გვაქვს".

რაგბის ზაფხულის თასი 2018
თბილისი. მიხეილ მესხი. 21:30 საათი
საქართველო XV-ბრაზილია

საქართველო XV: 15. ბექა მამუკაშვილი (ლელო), 14. დემურ თაფლაძე (ლელო), 13. რევაზ ჯინჯიხაძე (ლელო), 12. გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), 11. აკაკი ტაბუცაძე (ლელო), 10. თედო აბჟანდაძე (აია), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო); 1. მიხეილ ორაგველიძე (ჯიქი), 2. გიორგი ჭყოიძე (ლელო, კაპ.), 3. ტარიელ დონაძე (ბათუმი), 4. თორნიკე აქუბარდია (ხარები), 5. გელა შალამბერიძე (აია), 6. გუგა შენგელია (ჯიქი), 7. ბექა საღინაძე (ლელო), 8. ნიკოლოზ სუხაშვილი (ჯიქი).

მარქაფა: 16. ჟორჟ სალდაძე (აია), 17. გოგა ხუროშვილი (არმაზი), 18. მიხეილ ფსუტური (ჯიქი), 19. სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო), 20. ხვიჩა ბუჯიაშვილი (ბათუმი), 21. არსენ ტრაპაიძე (ჯიქი), 22. გიორგი კაკაურიძე (ჯიქი), 23. დავით კლდიაშვილი (ჯიქი), 24. თემურ ირემაძე (აია), 25. ირაკლი სვანიძე (ჯიქი), 26. დავით გობეჯიშვილი (აია).

ბრაზილია: 15. დანიეუ სანსერი, 14. ლუკას ტრანკეს, 13. ფელიპი სანსერი (კაპ.), 12. მოისეეს დუკი, 11. რობერტ ტენორიუ, 10. ჯოშ რივზ, 9. ლუკას დუკი; 1. ლუკას აბუდ, 2. ვილტონ რებოლო, 3. ჟარდეუ ვეტორატო, 4. ლუიზ ვიერა, 5. გაბრიეუ პაგანინი, 6. კლებერ დიას, 7. არტურ ბერგუ, 8. ანდრე აჰუდა.

მარქაფა: 16. დევიდ მიულერი, 17. კაიკი სილვა, 18. მატეუს როხა, 19. ლუკას პიერუ, 20. მაიკლ ოლივეირა მორაის, 21. დანიელ სილვა, 22. სტეფანო ჯანტორნო, 23. დევეტ ფან"ნიკერკ, 24. ვალანტენ გარსია, 25. მათეუს კლაუჯუ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით