საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები ევროპის გრან-პრის მეოთხე ეტაპზე ითამაშებს

AutoSharing Option
მომავალ უქმეებზე საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები პოლონეთის ქალაქ ლოძში ევროპის გრან პრის დასკვნით, მეოთხე ეტაპს ითამაშებს.

8 სექტემბერს ჯგუფური ეტაპის თამაშები გაიმართება და ჩვენი გუნდი საქართველოს დროით 12 საათზე საფრანგეთს შეხვდება, 15:07-ზე - შვედეთს, ხოლო 17:30-ზე ინგლისს. "ბ" ჯგუფში რუსეთი, უელსი, გერმანია და პოლონეთი მოხვდნენ, ხოლო "გ" ჯგუფში ირლანდია, პორტუგალია, ესპანეთი და იტალია ითამაშებენ.

წინა სამ ეტაპზე საქართველო მუდმივ პროგრესს განიცდიდა და პირველ ეტაპზე (რუსეთი, მოსკოვი) მე-11 ადგილი დაიკავა, მეორეზე (საფრანგეთი, მარკუსი) - მე-10, ხოლო მესამეზე (ინგლისი, ექსეთერი) - მეექვსე.
შედეგად, საერთო ჩათვლაში ჩვენი გუნდი 15 ქულით მე-9 ადგილზეა (12 გუნდს შორის) და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, გრან პრიზე ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეს.

დღეში ორი თამაში მოსაგებად
ჩვენმა 7-კაცამ ევროპის გრან პრის დასკვნითი ეტაპისთვის მზადება ივლისის მიწურულს, ფიზმომზადებით დაიწყო, ნელ-ნელა საქმეში ბურთი ჩაერთო და "შევარდენზე" 3-4-დღიანი შეკრებები გაიმართა.

"რადგან მოთამაშეები კლუბებში ემზადებოდნენ, რამდენიმე ხანმოკლე შეკრება გვქონდა და ტაქტიკური მონახაზები გავიხსენეთ. ახლა სეზონის დასაწყისია და ყველა გუნდი ერთნაირ კონდიციაში ვართ, როგორც ფიზმომზადების, ასევე ტაქტიკური თვალსაზრისით. სეზონის დასაწყისს მსოფლიო სერიის მონაწილე გუნდები გადახალისებული შემადგენლობებით ხვდებიან და ვეცდებით, ეს ფაქტი ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

ლოძში 6 სექტემბერს მივემგზავრებით და ბირთვს ის მოთამაშეები წარმოადგენენ, რომელთაც ექსეტერის ეტაპზე დიდი პროგრესი ჰქონდათ. 12-კაციან განაცხადში მხოლოდ ერთი ცვლილებაა და აკაკი ტაბუცაძის ნაცვლად ნიკო აფციაური მიგვყავს, რომელმაც ტრავმა მოიშუშა.

პროგრამა-მინიმუმი საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვედრაა. გვაქვს სხვა მიზანიც - რომელიმე სათამაშო დღეს მინიმუმ ორი თამაშის მოგება, რაც საკუთარი ძალების რწმენას დაგვიბრუნებს" - ამბობს მთავარი მწვრთნელი ზაზა ლეჟავა.

ლოძის ეტაპზე ითამაშებენ: ნიკო აფციაური (ლელო-სარასენსი), ილია სპანდერაშვილი (არმაზი), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ლაშა ლომიძე-უმც (აია), სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენსი), თენგიზ პერანიძე (ლელო-სარასენსი), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), რეზი ხარაზიშვილი (იუნკერები), რამაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), იოანე ხელაია (ლოკომოტივი), ოთარ ძაგნიძე (აია).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ შემადგენლობით საუკეთესო რვიანში მოხვედრა არ გაგიჭირდებათ. წარმატებას გისურვებთ!
გუჯა კახაძე
12:13 07-09-2018
0

სიახლეები პოპულარული