ნიკა ამაშუკელი კონტინენტის ფარზე და ნოემბრის ტესტებზე იმსაჯებს

AutoSharing Option
უკვე ცნობილი და საკმაოდ გამოცდილი ქართველი რეფერი ნიკა ამაშუკელი ოქტომბერ-ნოემბერში საერთაშორისო საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე იმსაჯებს. მან მიწვევა ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის ასოციაციიდან და მსოფლიო რაგბისგან თითქმის ერთდროულად მიიღო.

ამაშუკელმა და შოთა თავზაძემ ქართული მსაჯთა ბრიგადებით "კონტინენტის ფარზე" გასულ სეზონშიც იმუშავეს. ნიკამ ნახევარფინალურ შეხვედრაზეც იმსაჯა და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

წელს "კონტინენტის ფარზე" მონაწილე გუნდების და შესაბამისად, თამაშების რაოდენობა შემცირდა და ევროპის პროფესიული კლუბების კავშირმა ადგილი მხოლოდ ერთი ქართული სამსაჯო ბრიგადისთვის გამონახა. ამაშუკელი 20 ოქტომბერს, ბრიუსელში "ბელგიელი ბარბაროსები XV"-ისა და იტალიური
"პეტრარკას" მატჩს განსჯის. მას კიდეებიდან საბა აბულაშვილი და ირაკლი ჭანუყვაძე დაეხმარებიან. აბულაშვილი "კონტინენტის ფარის" მატჩებზე გასულ სეზონშიც მუშაობდა, ჭანუყვაძეს კი ევროპული დებიუტი ექნება.

აქედან დაახლოებით ერთ თვეში, ამაშუკელი მსოფლიო რაგბის მიწვევით ნოემბრის ტესტ-მატჩზე იმსაჯებს. 24 ნოემბერს რუსეთისა და იაპონიის ნაკრებები ინგლისში, კერძოდ, გლოსთერში, "კინგსთომ სთედიუმზე" ითამაშებენ და ცენტრალური მსაჯი ცნობილი ფრანგი რეფერი ჟერომ გარსეზი იქნება, ხოლო ამაშუკელი მას კიდიდან დაეხმარება. ნიკას საერთაშორისო, სანაკრებო დონეზე, ასეთი მაღალი რანგის შეხვედრაში პირველად ვიხილავთ.

"მარკუსიში, ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის მსაჯთა ტრადიციულ შეკრებაზე მე და ჩვენი მენეჯერი ლუკა კილასონია ვიმყოფებოდით. მაშინვე ითქვა, რომ "კონტინენტის ფარზე" ქართული სამსაჯო ბრიგადა წელსაც იმუშავებდა და 20 ოქტომბერს ბრიუსელში ვიმსაჯებთ. გვერდითი მსაჯები ყველასათვის კარგად ნაცნობი საბა აბულაშვილი და ახალგაზრდა, პერსპექტიული ირაკლი ჭანუყვაძე იქნებიან, რომელმაც დაამტკიცა, რომ საერთაშორისო დონეზე შანსს იმსახურებს.

"მოვიდა მსოფლიო რაგბის დანიშვნები და 24 ნოემბერს ინგლისში, რუსეთისა და იაპონიის ნაკრებების შეხვედრაზე მიმიწვიეს, სადაც ცენტრალური მსაჯი ჟერომ გარსეზი იქნება, ერთ-ერთი საუკეთესო რეფერი, რომელიც ჩემი აზრით, მსაჯების ტოპ-სამეულში შედის. ის ჩემი ფავორიტი მსაჯია და მასთან ერთად მუშაობა დიდი სიამოვნება იქნება" - განაცხადა დანიშვნებთან დაკავშირებით ნიკა ამაშუკელმა.


ვინ გვიმსაჯებს ნოემბერში

ცნობილი გახდა იმ მსაჯთა ვინაობაც, რომლებიც ნოემბერში "ბორჯღალოსნების" მატჩებს განსჯიან.

სანაკრებო სეზონს 10 ნოემბერს ფლორენციაში, "არტემიო ფრანკიზე" იტალიასთან მატჩით გავხსნით და რეფერი 42 წლის ახალზელანდიელი გლენ ჯექსონი იქნება, რომელსაც ირლანდიელი ფრენკ მერფი და იაპონელი შუჰეი კუბო დაეხმარებიან.

17 ნოემბერს სამოას ვმასპინძლობთ და მსაჯი 36 წლის ინგლისელი კარლ დიქსონი იქნება, ხოლო კიდეებზე უელსელი ბენ უაითჰაუზი და შოტლანდიელი სემ გროუვ-უაითი იდგებიან.

24 ნოემბერს ტონგას მივიღებთ და მასზე ფრანგული ბრიგადა იმუშავებს. ცენტრში 37 წლის მატიუ რაინალი იქნება, კიდეებზე - პიერ ბრუსე და ტომა შარაბა.

altSquidge Rugby: როგორ გადარია რაგბიმ საქართველო? [VIDEO]


მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
მართლა კარგი მსაჯები არიან და ტელე რეპორტაჟებში მონაწილეობით,ჩვენ,მაყურებლებსაც დიდ დახმარებას გვიწევენ თამაშის ნიუანსების
და წესების უკეთ გაგებაში.წარმატებებს ვუსურვებ.
სოსო
19:52 11-10-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული