რაგბი

სხვადასხვა

საქართველოს რაგბის კავშირი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
2018 წლის 12 თებერვალს ფრაქცია "ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა გეგიძე პრესკონფერენციაზე შეეხო საკითხს რაგბის კავშირის კუთვნილებაში მყოფი მიწის ნაკვეთის კომპანია "ანაგისათვის" გადაცემის თაობაზე.

ციტატა ბ. გეგიძის პრესკონფერენციიდან: "რაგბის კავშირმა გაყიდა რაგბის მოედნისთვის გამოყოფილი მიწა, რათა იქ აშენდეს კომპანია "ანაგის" მიერ უზარმაზარი საცხოვრებელი კორპუსი. ეს ყველანაირი ნორმიდან ამოვარდნილია. ჩვენ მივმართეთ კომპანიას, რომელმაც გვიპასუხა, რომ იურიდიულად ყველაფერი დაცულია, მაგრამ როდესაც საუბარია კეთილსინდისიერ და არაკეთილსინდისიერ ბიზნესზე, იურიდიული პროცესით არ განისაზღვრება ბიზნესის კეთილსინდისიერება. თუ საჯარო ინტერესები ბიზნესისთვის არ არის არგუ
მენტი, მე ასეთი ბიზნესის არ მწამს. პირდაპირ მივმართავ მერიას, მერს - არ უნდა გაიცეს ნებართვა რაგბის სტადიონზე, კომპანია "ანაგს" არ უნდა მისცეს ნებართვა, ვერეს ხეობაში აშენდეს გრანდიოზული შენობა. ყველა შეთანხმდა, რომ ვერეს ხეობაში მშენებლობები უნდა გაჩერდეს. რაგბის კავშირს ჰქონდა ვალდებულება, რომ იქ აეშენებინა მოედანი. შემდეგ ეს ვალდებულება შეიცვალა. ეს სერიოზულ კითხვებს ბადებს - როგორ მოიხსნა ეს ვალდებულება, როგორ შეიცვალა?!"

საქართველოს რაგბის კავშირის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიასთან დაკავშირებით და რომ თბილისის მერია და ქართული საზოგადოება არ იქნას შეყვანილი შეცდომაში, საქართველოს რაგბის კავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მოგახსენებთ შემდეგს:

აღნიშნული მიწის ნაკვეთი ვერეს ხეობაში, რომლის ფართიც იმ დროისთვის გახლდათ თითქმის 23 000 მ2, 1997 წელს გადაეცა საქართველოს რაგბის კავშირს იმისათვის, რომ გაშენებულიყო სარაგბო ინფრასტრუქტურა (რაგბის მოედანი და სარაგბო ბაზა). ამ საკითხით 1999 წელს დაინტერესდა და დაფინანსების გამოყოფით აქტიურად ჩაება მსოფლიო რაგბის საბჭო (დღევანდელი მსოფლიო რაგბი). მიუხედავად ამ მცდელობებისა, რაგბის ბაზის აშენების საკითხი ვერც გეგიძის საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის დროს (2004 წლამდე) და ვერც შემდგომში ვერ დაიძრა. უფრო დეტალური, ობიექტური მიზეზები თავად ბიძინა გეგიძემ უნდა იცოდეს. 2009 წელს ქ. თბილისის მერიამ, ქალაქის განაშენიანების ახალი გეგმის შესაბამისად, რაგბის კავშირს ჩამოაჭრა ამ მიწის ნაკვეთის მნიშვნელოვანი ნაწილი და დაუტოვა 12 000 კვ.მ, რომლის კონფიგურაცია და პარამეტრები პრაქტიკულად გამორიცხავს არათუ რაგბის ბაზის, არამედ სრულფასოვანი სავარჯიშო მოედნის განთავსებას. მერიის გადაწყვეტილება დასაბუთებულ იქნა მზიურის ტერიტორიაზე პარკისა და რეკრეაციული ზონის შექმნით. რაგბის კავშირმა, როგორც ყოველთვის, მოთმინებითა და მორჩილებით მიიღო ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება. რაგბის კავშირის საკუთრებაში დარჩენილი 12000 კვ.მ ფართის დანიშნულება შეიცვალა ფუნქციურად, ვინაიდან ამ მიწის ნაკვეთზე არათუ სარაგბო ბაზის, არამედ სრულფასოვანი სავარჯიშო მოედნის განლაგება უკვე შეუძლებელი გახდა. რაგბის კავშირის გამგეობამ გადაწყვიტა, მიწის ნაკვეთი გამოეყენებინა იმ მიზნით, რომ აქედან მიღებული შემოსავალი მოხმარებოდა რაგბის ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამის დასაბუთებად ისიც კი საკმარისია ითქვას, რომ რაგბის კავშირი, როგორც მიწის მესაკუთრე, 13 წლის განმავლობაში მხოლოდ გადასახადებს იხდიდა ამ მიწის ნაკვეთზე და სანაცვლოდ არანაირი სარგებელი არ გააჩნდა.

დაწყებული 2009 წლიდან დღემდე, არანაირი სარაგბო ბაზის შექმნის ან სხვა რაიმე ტიპის ვალდებულება ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ არსებობს. ამ დროიდან მოყოლებული, საქართველოს რაგბის კავშირი 2018 წლის ბოლომდე უშედეგოდ ცდილობდა მოეძებნა ინვესტორი, რომელიც "გააცოცხლებდა" ამ ტერიტორიას. საამისოდ ქალაქის მერიამ 2013 წელს განაშენიანების რეგულირების გეგმაც კი დაამტკიცა, რაც პოტენციური ინვესტორისთვის დამატებითი მოტივაცია უნდა ყოფილიყო.

2013 წელს დამტკიცებული განაშენების რეგულირების გეგმის პარამეტრებით განსაზღვრული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (k2) იყო 4.5, რაც მართლაც უზარმაზარი შენობის მშენებლობის შესაძლებლობას გულისხმობდა, თუმცა 2018 წლის ახალმა რეგულაციებმა შეცვალა ზოგიერთი პარამეტრი, რის შედეგადაც ნაკვეთის ფუნქციურ ზონად განისაზღვრა საცხოვრებელი ზონა 6, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ასაშენებელი შენობის ზომა. საქართველოს რაგბის კავშირი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც გაგებით მოეკიდა ქალაქის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით და იმისათვის, რომ მიწის ნაკვეთი შესაბამისად განვითარდეს, ჩვენ მიერ იქნა მოძიებული მაღალი პროფესიული რეპუტაციის მქონე, ყველაზე წარმატებული ქართული სამშენებლო კომპანია, რომლის შექმნილი პროდუქტიც, დარწმუნებულნი ვართ,  გახდება ხვალინდელი თბილისის სავიზიტო ბარათი.

აქვე მოგახსენებთ, რომ ჩვენთვის უცხო და მიუღებელია საჯარო სივრცეში ვინმეს ქმედებების მორალური შეფასებები. ჩვენ ვემორჩილებით კანონს, ვხელმძღვანელობთ კანონით და კანონით მონიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, წარვმართავთ სარაგბო და მასთან დაკავშირებულ სამეურნეო პოლიტიკას. საჯარო ინტერესები კი აბსტრაქტულად არ არსებობს და სწორედ რომ კანონის რეგულაციის სფეროს განეკუთვნება.

ისე კი, საკითხავია, ვინ ან რამ შეუშალა ხელი ბატონ გეგიძეს, საჯარო განცხადების გაკეთებამდე უშუალოდ რაგბის კაშირისგან მიეღო პასუხი თავის "სერიოზულ კითხვებზე".

წყარო: Rugby.ge