რაგბი

სხვადასხვა

გოდერძი შველიძე "ბრივის" ესპუარებს გაწვრთნის

AutoSharing Option
ვეტერანი ბორჯღალოსანი გოდერძი შველიძე მომავალი სეზონიდან ფრანგული ‘ბრივის’ სარეზერვო გუნდის, „ესპუარების“ მწვრთნელი გახდება.

41 წლის ქართველი ბურჯი ფილიპ კარბონოსთან ერთად იმუშავებს.

შველიძე საფრანგეთში, უმაღლეს დონეზე 2001 წლიდან 2016 წლამდე თამაშობდა. პირველი სამი სეზონი მან ‘ბეზიეში’ გაატარა, მომდევნო ოთხი სეზონი ‘კლერმონის’ ღირსებას იცავდა, ორ-ორი წელი ‘მონტობანსა’ და ‘მონპელიეში’ გაატარა, 2012-2016 წლებში კი ‘ბრივის’ ღირსებას იცავდა და მოთამაშის კარიერა იქ დაასრულა.

მას ტოპ 14-ში 200 მატჩი აქვს ჩატარებული, „ჰეინეკენის თასზე“ (ჩემპიონთა თასის წინამორბედი) 13, „ჩელენჯ ქაფზე“ 22, ხოლო პრო დე2-ში - 30.

შველიძეს სანაკრებო დებიუტი 1998 წელს ირლანდიის ნაკრებთან ჰქონდა და 2011 წლამდე 64 კეპი მოიხვეჭა. მას ნათამაშები აქვს 2003, 2007 და 2011 წლის მსოფლიო თასებზე და სანაკრებო კარიერა სწორედ ახალ ზელანდიაში დაასრულა.

‘ბრივის’ „ესპუარებთან“ კონტრაქტი ვასილ ლობჟანიძეს, ლუკა გოგინავას და ლუკა ჯაფარიძეს აკავშირებთ. პირველ გუნდში თამაშობენ კარლენ ასიეშვილი, ოთარ გიორგაძე და სოსო ბეკოშვილი. „ესპუარების“ კონტრაქტის მიუხედავად, პირველ გუნდში რეგულარულად თამაშობენ ლობჟანიძე და გოგინავა.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით