რაგბი

სხვადასხვა

ნიკა ამაშუკელი 20-წლამდელთა ჩემპიონატზე იმსაჯებს

AutoSharing Option
პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ქართველი რეფერი მსოფლიო რაგბის მიერ ორგანიზებულ რანგით მეორე დონის ტურნირზე (კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ), 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე იმსაჯებს!

უკვე ვწერდით, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს 2018 წლის საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი მსოფლიო რაგბის სამსაჯო კომიტეტმა სასელექციო ჯგუფში შეიყვანა, ახლა კი იმ 9 მსაჯს შორის დაასახელა, რომლებიც 4-იდან 22 ივნისის ჩათვლით, არგენტინაში გასამართ ტურნირში მოედნის მსაჯები იქნებიან.

„მსოფლიო რაგბიმ მის მიერ ორგანიზებულ რანგით მეორე ტურნირზე, 2019 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მიმიწვია. ეს უმაღლესი დონის ტურნირია და აქ მსაჯობა
პირადად ჩემთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივია. ძალიან გახარებული ვარ და ვეცდები, ჩვენი ქვეყანა საუკეთესოდ წარმოვაჩინო, მაქსიმალურად გამოვიყენო ეს შანსი და ქართული სამსაჯო სკოლის სახელი მსოფლიო დონეზე ღირსეულად გავიტანო“ - ამბობს ამაშუკელი, რომელიც სწრაფი ტემპებით მიიწევს წინ.

ცოტა ხნის წინ ის გახდა პირველი ქართველი, რომელმაც შოთა თევზაძესთან და თორნიკე გვირჯიშვილთან ერთად, ექვსი ერის “კარი შეაღო” და ინგლისისა და იტალიის 20-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრაზე იმსაჯა. სწორედ ამ თამაშის შემდეგ მოხდა მისი 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მიწვევა და ეს მაქსიმუმი არაა:

"ეს არის მესიჯი მსოფლიო რაგბისგან, რომ სურთ, უმაღლეს დონეზე გიხილონ. 20-წლამდელთა ჩემპიონატი რთულ ტურნირად ითვლება, რადგან 4-დღიანი ციკლებით ხუთი სათამაშო დღეა და მენტალურად, ასევე ფიზიკურად, ამის გაძლება ძალიან რთულია როგორც მოთამაშეებისთვის, ასევე მსაჯებისთვის. ამ მიწვევას წინ უძღოდა 20-წლამდელთა ექვს ერზე დანიშვნა, სადაც ქართულმა სამსაჯო ბრიგადამ უმაღლესი შეფასება დავიმსახურეთ და სწორედ ამის გამო მოვხვდი სასელექციო ჯგუფში. ვფიქრობ, თუ არგენტინაშიც ყველაფერი კარგად დაიწყება, მომდევნო 4-წლიანი ციკლი დაკვირვების იქნება, როგორც კაცთა ტესტ-მატჩებში, ასევე ევროტურნირებში და თუ შევძლებ პოზიციების გამყარებას, 2023 წელს მსოფლიო თასზე მოხვედრის შანსიც იქნება, რაც მეორე დონის სარაგბო ქვეყნისთვის დიდი მიღწევა იქნება“ - დასძენს ამაშუკელი.

არგენტინაში მოედნის მსაჯებად მიწვეულთა შორის 8 ტიერ1-ის ქვეყნებიდანაა, რომლებიც სუპერრაგბიზე, ინგლისის პრემიერშიფსა და ევროტურნირებზე რეგულარულად მსაჯობენ. მათ შორის ყველაზე ცნობილი სამხრეთაფრიკელი რასტა რასივენგეა, რომელმაც 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე ფიჯისა და დიდ ბრიტანეთს შორის ფინალურ შეხვედრაზე იმსაჯა. არგენტინაში იქნებიან მსაჯთა დამკვირვებლებიც, რომლებიც ამაშუკელის მუშაობას შეაფასებენ და ამაზე იქნება დამოკიდებული შემდგომი დანიშვნები.

მანამდე ამაშუკელს საკუთარი შესაძლებლობები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე აქვს დასამტკიცებელი. 2017 წელს, საქართველოში გამართულ ჩემპიონატზე, ის და შოთა თევზაძე კიდის მსაჯებად მუშაობდნენ და ამ ტურნირმა ნიკას საუკეთესო მოგონებები დაუტოვა.

„ორი წლის წინ საქართველოში ყველამ - მოთამაშეებმა, მსაჯებმა, გულშემატკივრებმა, საკუთარი თვალით იხილეს, რომ ესაა უმაღლესი დონის ტურნირი. ის პერიოდი ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარია. კიდიდან მსაჯობით უდიდესი გამოცდილება შევიძინე და ფანტასტიკური თამაშებით ვისიამოვნე. ხშირად მქონია საუბარი და ძალიან ბევრი აღნიშნავს, რომ 20-წლამდელთა ჩემპიონატი მათი საყვარელი ტურნირია. მასში მომავალი ვარსკვლავები თამაშობენ და ასაკიდან გამომდინარე, ტემპი ყოველთვის მაღალია. იდება ძალიან ლამაზი ლელოები“.

არგენტინამდე კრასნოიარსკში

არგენტინაში გამგზავრებამდე ქართულ სამსაჯო ბრიგადას კიდევ ერთი საინტერესო თამაში ელის. 20 აპრილს კრასნოიარსკში, „ავანგარდზე“ რუსეთის ჩემპიონი "ენისეი" განმეორებით მატჩში რუმინეთის ჩემპიონ "ტიმიშუარას" მასპინძლობს. ესაა „კონტინენტის ფარის“ ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა. პირველი მატჩი დაძაბული გამოდგა და რუმინელებმა მეტოქე 20:18 დაამარცხეს. სასწორზე ჩელენჯ ქაფის საგზური დევს, რომელსაც ორი მატჩის ჯამში უკეთესი ფინალში გასვლასთან ერთად მიიღებს და ქართველი მსაჯების ასეთი მნიშვნელობის თამაშზე დანიშვნა მათ მიმართ დიდი ნდობის მანიშნებელია.

კრასნოიარსკში რეფერი ნიკა ამაშუკელი იქნება და კიდეებიდან მას შოთა თევზაძე და თორნიკე გვირჯიშვილი დაეხმარებიან. ამაშუკელი იმ მიზეზებზე საუბრობს, რითაც ქართველმა მსაჯებმა ასეთი ნდობა დაიმსახურეს:

„ასეთი წინსვლა ბევრი ფაქტორითაა განპირობებული. ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, მუდამ მზადყოფნაში უნდა იყო. მსაჯებს მორაგბეებზე არანაკლები ვარჯიში და დიდი შრომის ჩადება გვიწევს. თუმცა ასეთი წინსვლა რაგბის კავშირის მხარდაჭერის გარეშე არ გვექნებოდა. მადლობა მათ ირლანდიელი სპეციალისტის, დევიდ მაკქიუს მოწვევისთვის, რომელმაც პირადად ჩემი და სხვა ქართველი მსაჯების მაღალი დონის სპეციალისტებად ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა. სწორედ კავშირთან ერთობლივი მუშაობის შედეგია, ქართველმა მსაჯებმა ასეთ დონეს რომ მივაღწიეთ“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით