საქართველოს 7-ქალა ნაკრები გერმანის ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას

AutoSharing Option
© გოგიტა ბუხაიძე

საქართველოს 7-ქალა ნაკრები გამთენიისას გერმანიაში გაემგზავრა, სადაც 27-28 აპრილს ბონის ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

ჩვენმა გოგონებმა შარშან რაგბი ევროპის „კონფერენც დივიზიონი“ მოიგეს და „ალაფაზე“ აღზევდნენ, სადაც ივნისში ორ ეტაპს, ბუდაპეშტსა (უნგრეთი) და ლისაბონში (პორტუგალია) ითამაშებენ და რანგით მეორე დონის ტურნირში ადგილის შენარჩუნებას ეცდებიან (10-ეულში მოხვედრა 12 გუნდს შორის).

ჯაბა მალაღურაძეს შეგირდები ცოტა ხნის წინ ერთკვირიან შეკრებაზე ჰყავდა, საიდანაც ის 12 შეარჩია, რომლებიც „ალაფისთვის“ მოსამზადებლად პირველ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. ბონში ჩვენი გუნდის მეტოქეები მასპინძელი გერმანიის, შვედეთის, ფინეთის, ჩეხეთისა და
ბელგიის ნაკრებები იქნებიან, რომლებიც ასევე „ალაფის“ ბინადრები არიან.

„პირველად მოხდა, რომ შეკრებაზე 20 მოთამაშე გვყავდა და მათ შორის მოხდა სელექცია. მეტეოროლოგიურმა პირობებმა ხელი შეგვიშალა, თუმცა შეკრება მაინც ნაყოფიერი გამოვიდა. ვიმუშავეთ ტაქტიკური მონახაზების დახვეწაზე, ასევე, ფიზიკური კონდიციების ასამაღლებლად. ახლა იმ ფაზაში გადავდივართ, როდესაც ჩვენი თამაში უნდა დავხვეწოთ. ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ ის, რაც კარგად გამოგვდიოდა, თუმცა თამაშში გარკვეული სიახლეებიც გვექნება. ამ ტურნირის შემდეგ ზუსტად გვეცოდინება, რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ სპორტული თუ ფსიქოლოგიური თალსაზრისით“ - ამბობს ჯაბა მალაღურაძე.

ბონის ტურნირი წრიული სისტემით იმართება და გოგონებს ხუთივე მეტოქესთან მოუწევთ თამაში. გუნდის კაპიტანი ქეთი მოდებაძე ამბობს, რომ ბონში იმ გუნდების წინააღმდეგ თამაში, რომელთაც „ალაფაზე“ უნდა შეხვდნენ, მომავალი მეტოქეების შეცნობაში დაეხმარება:

„ტრადიციულად, წელს მოსამზადებელი ტურნირით ვიწყებთ. ბონში იმ გუნდების წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, რომელთაც მოგვიანებით „ალაფაზე“ შევხვდებით და ეს მნიშვნელოვანია. გვექნება შესაძლებლობა, ვნახოთ, თუ რა მდგომარეობაში ვართ მათთან მიმართებაში. ვნახავთ, როგორ შევასრულებთ მწვრთნელების დავალებებს და გვეცოდინება, რისი გამოსწორება მოგვიწევს ევროპის ჩემპიონატამდე, რადგან იქ იმ შეცდომების დაშვების უფლება არ გვექნება, რომელიც შესაძლოა აქ გვეპატიოს“.

გუნდში კონკურენციის ზრდა ახარებს ნათია გავაშელს, რადგან თვლის, რომ ეს უკვე გამოცდილ მოთამაშეებს მოდუნების საშუალებას არ აძლევს:

„შეკრების დროს ვარჯიშები გვქონდა როგორც დარბაზში, ასევე მოედანზე. წელს ბევრად უფრო ძლიერ ტურნირში გვიწევს თამაში და ამისათვის განწყობაც შესაბამისია. შეკრებაზე გვყავდა ახალი გოგონები. ზოგადად, მორაგბე გოგონათა რაოდენობა ძალიან გაიზარდა და ეს კარგია, რადგან იზრდება კონკურენცია, რაც მთლიანობაში გუნდზეც აისახება. „ძველები“ უწინდელზე მეტს ვმუშაობთ, ახლებსაც დიდი მოტივაცია აქვთ და ვფიქრობ, წლევანდელ ტურნირებს უფრო მაღალ დონეზე ჩავატარებთ“.

ვარჯიშებით კმაყოფილი და ბონში კარგი თამაშების მოლოდინშია სალომე მაკასარაშვილი:

„შეკრებისას მრავალფეროვანი ვარჯიშები გვქონდა - ძალაზე, სისწრაფეებზე და ა.შ. ვემზადებით ევროპის ჩემპიონატისთვის (ალაფისთვის). პირველ მოსამზადებელ ტურნირს ბონში გავმართავთ. იქ ჩვენზე ძლიერ გუნდებთან მოგვიწევს თამაში, რაც დაგვანახებს შეცდომებს და ოფიციალურ ტურნირებამდე მათ გამოსწორებაზე ვიმუშავებთ. ამ გუნდების წინააღმდეგ ადრეც გვითამაშია. ფიზიკურად და მენტალურად მზად ვართ, მოედანზე არაფრის დათმობას არ ვაპირებთ“.

ბონის ტურნირის შემდეგ, რაგბი ევროპის „ალაფამდე“ ჩვენს 7-ქალას კიდევ სამი მოსამზადებელი ტურნირი ექნება - პარიზში (საფრანგეთი), ნანსიში (საფრანგეთი) და სანქტ-პეტერბურგში (რუსეთი).

ბონის ტურნირზე მიემგზავრებიან: სალომე მაკასარაშვილი, ნათია გავაშელი, თეონა ჩიტაიშვილი, თიკა სიხარულიძე, სალომე საღარაძე, ქეთი მოდებაძე, მარიამ გოგუაძე, თაკო მანაგაძე, ანი სირაძე, მანონი საღარაძე, ლიკა ხუფენია, ლიკა პერტაია.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული