საქართველოს 7-კაცა ნაკრები გრან პრის მეორე ეტაპის მეოთხედფინალში იტალიას შეხვდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა 7-კაცა ნაკრებმა, გრან პრის მეორე, ლოძის ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე ორი შეხვედრა მოიგო და ხვალ თასის მეოთხედფინალში იტალიას შეხვდება.

რადგან წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირი ჩატარდა, გრან პრი შემოკლებული პროგრამით, ორ ეტაპად ტარდება და „ალაფაზე“ დაქვეითებული, ასევე მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირში გამსვლელი გუნდების ვინაობაც ორი ეტაპის ჯამით ირკვევა.

პირველ, მოსკოვის ეტაპზე ჩვენმა გუნდმა მე-10 ადგილი დაიკავა და იმისათვის, რომ ჰონკონგის საგზურის მოპოვების შანსი ჰქონოდა, აუცილებელი იყო პირველ დღეს მინიმუმ მოწინავე რვეულში შესვლა, იქ კი მაქსიმალურად მაღალი ადგილის დაკავება.
ზაზა ლეჟავას შეგირდებმა პირველი დღის ამოცანა ბრწყინვალედ შეასრულეს.

ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე ინგლისის ნაკრები იყო, რომელმაც მოსკოვში მესამე ადგილი დაიკავა და ქართველებს დიდი სხვაობით სძლია, მაგრამ ამჯერად საქართველომ ხარისხიანი თამაში აჩვენა და მრისხანე მეტოქეს დამსახურებულად აჯობა. პირველ ტაიმში რევაზ ხარაზიშვილმა ცრუმოძრაობის შემდეგ ხაზი გაჭრა და ლელოთი ანგარიში გახსნა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა.
ინგლისმა ტაიმის ბოლოს წონასწორობა აღადგინა, ხოლო მეორეს დასაწყისში ჩვენი შეცდომით ისარგებლა და 12:7 დაწინაურდა. ამან საქართველო არ გატეხა. ჩვენმა გუნდმა ბურთზე კონტროლი დაამყარა, კარგი ბურთაობით უპირატესობა შექმნა და რევაზ ხარაზიშვილმა დუბლი მიითვალა, ხოლო ზუსტი გარდასახვით საქართველო დაწინაურდა. შეხვედრის მიწურულს მცველებს უკვე ბექა წიკლაური დაუსხლტა, ლელო ძელებსშუა გაიტანა და გარდასახვამ საქართველოს გამარჯვება დააფიქსირა - 21:12.

მეორე მატჩი გერმანიასთან გვქონდა და მეტოქე პირველ ტაიმში სამი ლელოთი, 15:0 დაწინაურდა. საქართველომ ამჯერადაც ბოლომდე იბრძოლა და გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა. თამაში 2 წუთის განახლებული იყო, როდესაც მარჯვენა ფრთაზე ოთარ ლაშხი გაიქცა, ბურთი დემე თაფლაძეს ამოუგდო და მის ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა. უკანასკნელ წუთზე ლაშა ლომიძემ გაჭრა ხაზი და ლელოს შემდეგ ჩვენებმა გარდასახვა აღარ დაარტყეს, მაგრამ ბურთის მოპოვება და გამარჯვების შეტევის წამოწყება ვეღარ მოახერხეს - 12:15.

რუსეთთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრა რამდენიმე წამის დაწყებული იყო, როდესაც მოედანზე კაცნაკლულები დავრჩით და მეტოქე ლელოთი დაწინაურდა. ტაიმის შუაში ჩვენების კარგი შეტევა ლელოთი დასრულდა - ოფლოუდებით ტემპი შენარჩუნდა და რევაზ ხარაზიშვილმა ხაზი გაჭრა. მალევე ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ, მარცხენა ფრთაზე თაფლაძე გაიქცა და მეორე ლელო გაიტანა, ხოლო შესვენების წინ ხელდახელ შესანიშნავი შეტევა ლელოთი ოთარ ლაშხმა დაასრულა - 15:5.

მერე ტაიმში მეტოქემ ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე, ნიკოლოზ გიგაურმა ცენტრიდან შეუტია, კონტაქტით ორი მცველი ჩამოიშორა და ლელომდე ირბინა, ხოლო გარდასახვა ძელის გავლით გავიდა. საბოლოოდ საქართველომ რუსეთი 22:17 დაამარცხა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

შედეგად, ხვალ, თასის მეოთხედფინალში, მეტოქედ „ბ“ ჯგუფის მეორეადგილოსანი იტალია გვერგო, რომელიც ჰონკონგის საგზურისთვის ბრძოლაში ჩვენი უშუალო კონკურენტია. შეხვედრა 14:06 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ჰონკონგის საგზური თითქმის განაღდებული ექნება.

პოლონეთში თამაშობენ:


ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), ივანე ხელაია (ლოკომოტივი), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), იაგო ხაბულიანი (აია), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი), დემე თაფლაძე (ლელო-სარასენსი), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი), დავით თაბუკაშვილი (ხარები), ლაშა ლომიძე (აია), ოთარ ლაშხი (ლელო-სარასენსი), რამაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები).

მთავარი მწვრთნელი:
ზაზა ლეჟავა
მწვრთნელი: ბესიკ ხამაშურიძე
მენეჯერი: ალექსანდრე ნიჟარაძე
ფიზიო: გიორგი კანდელაკი
ექიმი: ირაკლი ბერიაშვილი
ვიდეო: ლაშა მჭედლიშვილი

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
უდიდესი არაპროფესიანალიზმი ...სამარცხვინოც ტუ შეიძლება იტქვას .არასოდეს ქარტველ რაგბისტებზე არ მითქვამს აუგი რაც კი არსებობს ვისტანაც არ უნდა წაეგოთ .მაგრამ ეს რაც იტალიასტან გააკატეს ..ეს არ ვიცი რაა საერტოდ
კობა
21 ივლისი 2019 14:31
0

სიახლეები პოპულარული